Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 50-იანელთა ეკლესია დაარბიეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი რელიგიური შევიწროების ტალღამ რუსულენოვანი 50-იანელების ეკლესიამდეც მიაღწია. 6-7 ივლისს 50-იანელთა ეკლესიის წევრებს, რომლებიც თბილისში, მეტრო ღრმაღელის სიახლოვეს, ერთ-ერთ სახლში იკრიბებოდნენ,

მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმა, მათი მრევლის წევრებმა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პიკეტირება მოუწყო. მეტიც, 6 ივლისს, საღამოს, მოპიკეტეები 50-იანელთა წინამძღვრის სახლში შეიჭრნენ, იქ გამართული შეკრება ჩაშალეს და შეკრებილები გარეთ გამოყარეს.

თბილისში 50-იანელების რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც, ძირითადად, ენობრივი ნიშნით არიან დაყოფილი ქართულ, სომხურ და რუსულენოვან ორმოცდაათიანელებად. რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების ეკლესია აერთიანებს, დაახლოებით, სამასამდე წევრს, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დავით გარეჯელის ქუჩაზე, ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაი კალუცკის კერძო სახლში, იკრიბებიან. როგორც ნიკოლაი ამბობს, მოპიკეტეები მათგან კატეგორიულად ითხოვენ, სხვაგან შეიკრიბონ: [ნიკოლაი კალუცკის ხმა] “წადით და სადმე სხვაგან შეიკრიბეთო. ადრე ჩვენ კიროვის კლუბში ვიკრიბებოდით, მაგრამ ეს კლუბი გაიყიდა. მას შემდეგ ბევრი ვეძებეთ, რომ ქირით აგვეღო შენობა, მაგრამ ვერსად ვიშოვეთ: ცარიელ, გაპარტახებულ შენობებსაც კი არ გვაძლევენ. ან კიდევ, ძალიან ძვირი ღირს და ჩვენ მათი დაქირავება არ შეგვიძლია, ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ. ჩვენ შორის 80 პროცენტს უმუშევრები და მოხუცები წარმოადგენენ, რომელთაც ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით”.

კალუცკის თქმით, მდგომარეობა დაიძაბა ივნისის ბოლოდან, როცა ამ უბანში დასახლებულმა ახალგაზრდა მღვდელმა მოსახლეობის შეგულიანება დაიწყო – ამ სექტანტების აქ ყოფნას როგორ ითმენთო. 6 ივლისის საღამოს, როცა 50-იანელები სალოცავად უნდა შეკრებილიყვნენ, კალუცკების ჭიშკართან რამდენიმე ათეული კაცი მოგროვდა და პიკეტი მოაწყო. მოპიკეტეებს ხელმძღვანელობდა ორი მართლმადიდებელი მღვდელი, რომლებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, სამაგიეროდ, ისინი დაბეჯითებით მოძღვრავდნენ წესრიგის დასამყარებლად მოსულ პოლიციელებს – 50-იანელები “სულიერი მგლები” არიან და მათი შეკრების აღკვეთაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობაო. საღამოს, როცა მე მივედი, სამი პოლიციელი შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მანამდე კი, კალუცკის თქმით, მოვლენები შემდეგნაირად წარიმართა: [ნიკოლაი კალუცკის ხმა] “პარასკევს მოვიდნენ და ქუჩა გადაკეტეს. ჩვენ პარასკეობით საღამოს შეკრებას ვატარებთ, მათ ეს იცოდნენ და ამიტომ გადაკეტეს სახლში შესასვლელი, შიგნით არავის უშვებდნენ. ისინი ჩემგან ითხოვდნენ, ხალხი დაითხოვე, შენ აქ შეკრებას ვერ ჩაატარებო. მე ვუთხარი – კარგი, ჩვენ ვილოცებთ და ისინიც წავლენ-მეთქი. ჩვენ ხალხს გავუშვებ-მეთქი. როცა ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, – მოკლედ ვილოცეთ, – მათ დამიწყეს ხელის შეშლა და ლოცვას არ მაცლიდნენ. ზოგიერთები გულთბილად მომმართავდნენ, სხვები კი მკაცრად იმუქრებოდნენ”.

ზოგიერთი მოპიკეტე ნაციონალური საკითხის წამოჭრასაც არ მოერიდა, თუმცა, კალუცკის თქმით, ამას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა: [ნიკოლაი კალუცკის ხმა] “ნაციონალურ საკითხს ცალკეული პიროვნებები შეეხნენ, რომლებიც ამბობდნენ დატოვეთ აქაურობაო. – თუმცა შემდეგ, თითქოს ახსენდებოდათო, მოდიოდნენ და ამბობდნენ: არ იფიქრო, რომ ჩვენ ნაციონალურ საკითხს ვეხებით, თქვენ, რუსებს, შეგიძლიათ აქ თავისუფლად იცხოვროთ, ოღონდ შეკრებას აქ ვერ მოაწყობთო”.[სტილი დაცულია]

სიტუაცია მეორე დღეს, 6 ივლისს, შეიცვალა, როდესაც საქმეში ერთ-ერთი პოლიციელი ჩაერია: [ნიკოლაი კალუცკის ხმა] “ერთ-ერთმა პოლიციელმა მე პირდაპირ მითხრა: წაეთრიე შენს რუსეთში და იქ, რაც გინდა, ის აკეთეო… [ქართულად] ყვიროდა – მიდით, გადაუარეთ, სცემეთ, რაც გინდათ ის უყავითო… [რუსულად] ასე ყვიროდა პოლიციელი. მან, პრაქტიკულად, დარბევის პროვოცირება მოახდინა და წავიდა. ის პოლიციელი რომ არ ყოფილიყო, მოპიკეტეები, ალბათ, სახლში არ შეიჭრებოდნენ.”

ამ მოწოდებების შემდეგ მოპიკეტეები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, რაც, საბოლოოდ, სახლში შეჭრით დამთავრდა: [ნიკოლაი კალუცკის ხმა] “მოვიდა ჯგუფი, მღვდლის მეთაურობით, რომელიც კატეგორიულად ამბობდა, რახან ასეა, ჩვენ შევიჭრებით და მათ გამოვყრითო. მე ვერ მოვასწარი კარის დახურვა, მათ ხელი მკრეს და შემოიჭრნენ სახლში, შევარდნენ ყველა ოთახში, დააშინეს პატარა ბავშვები, რამდენიმე ადამიანს სახარებები გამოსტაცეს ხელიდან და დახიეს, დაიწყეს შეკრებილების გამოყრა გარეთ. მღვდელი ყვიროდა, არ დაარტყათ, მხოლოდ გარეთ გამოყარეთო… ამ დროს პოლიციაც მოვიდა.”

პოლიციამ რბევა შეაჩერა, მაგრამ მოპიკეტეები მეორე დღეს კვლავ შეიკრიბნენ და 50-იანელებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს. თავად პოლიციელებმა, თავის მხრივ, ინციდენტის გამოძიების ნაცვლად, მოსახლეობაში განცხადებების შეგროვება დაიწყეს, მოთხოვნით, რომ აიკრძალოს 50-იანელების შეკრება კალუცკების ბინაში. უბნის ინსპექტორმა ლევან არჩვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ რაიმე სერიოზულ ინციდენტსა და ვინმეს შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია: [ლევან არჩვაძის ხმა] “რაღაც ერთი თვეა, დავით გარეჯელის 7 ნომერში თავს იყრიან ე.წ. ორმოცდაათიანელების სექტის მიმდევრები. ამის წინააღმდეგი წავიდნენ როგორც ამ ქუჩის, ისე სხვა ქუჩის მაცხოვრებლები. შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ მოვედით ამ ქუჩაზე, აღელვებული იყო ხალხი და ჩატარდა ყველაფერი, რო იტყვიან, ყოველგვარი გართულების გარეშე – ადგილი არ ჰქონია არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას. აი ახლა, ჩვენ, პირადად, ვაკეთებთ საქმის მოკვლევას, თვითონ მაცხოვრებლების კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რომ 50-იანელთა მიმდევრებთა შეკრება ჩაატარონ აღნიშნულ მისამართზე. ვიმეორებ: არავითარ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ხალხი, ის 50-იანელთა მიმდევრები, არ შეუშვეს, გამიგე, აღნიშნულ შენობაში და მოუწოდეს რო – თხოვნით, რა თქმა უნდა – რომ, ესე იგი, აღარ ყოფილიყო აქ შეკრებები, გამიგეთ?” (სტილი დაცულია)

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა მკაცრად იცავს როგორც გაერთიანების, ისე შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლებას. სახელმწიფოს პოზიტიური მოვალეობაა, მისცეს მოქალაქეებს საშუალება, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული უფლებებით, მაგრამ პოლიციელი არჩვაძე სხვანაირად ფიქრობს: [სოზარ სუბელიანის და ლევან არჩვაძის ხმა]
-
“დავუშვათ, მთელი ქუჩის მოსახლეობამ მოაგროვა ხელმოწერები, რომ ისინი ამ შეკრების წინააღმდეგი არიან. ამ შემთხვევაში თვითონ კანონი რას ითვალისწინებს?”
-
“კანონი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, როგორც მოგეხსენებათ, არ არსებობს რელიგიური, გამიგე, ასე ვთქვათ, აღმკვეთი ღონისძიება, მაგრამ, რა უნდა მოხდეს: გაფრთხილება, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, რომ არავითარ ექსცესებს და გართულებებს ადგილი არ ჰქონდეს. მეტი არაფერი. როგორც ეგეთი, რომ ჩვენ რაიმე ავკრძალოთ, მაგის უფლება, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.”[სტილი დაცულია]

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი შეწუხებულები არიან იმ ხმაურისა და მისვლა-მოსვლის გამო, რასაც 50-იანელთა პერიოდული შეკრებები იწვევს, თუმცა პოლიციელი არჩვაძე ამბობს, რომ აქ უფრო სერიოზულ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე: [გარეჯელის ქუჩის მაცხოვრებლებისა და ლევან არჩვაძის ხმა]
-
“ძალიან ვწუხდებით: თქვენ მაშინ უნდა მოხვიდეთ, როცა მანქანების ექსკორტი დგას – ათი, ოცი, ოცდაათი მანქანა. ყოველ წუთში კარების გაღება და დაკეტვა… სასიამოვნოა თქვენთვის?”
-
“როცა ყმუიან, მაშინ უნდა მოხვიდეთ…”
-
(არჩვაძე) “მაპატიეთ, მაგრამ, კარებს რომ არ აჯახუნებდნენ, მანქანების მოძრაობა, წივილი, კივილი რომ არ იყოს, ჩუმად რომ იკრიბებოდნენ, თქვენ ამის წინააღმდეგი არ იქნებოდით?”
-
(ქალები) “ყოველდთვის წინააღმდეგი ვიქნებით…”
-
(არჩვაძე) “აქ არის, ხომ გეუბნებით, სარწმუნოებრივ იდეოლოგიებზე აგებული პრეტენზიები…”[სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG