Accessibility links

თბილწყალკანალის სადამსჯელო ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო


AES-თელასის მიერ გაჩაღებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა "თბილწყალკანალი" სათანადოდ გამოაღვიძა და, თავის მხრივ, მასაც გაუჩინა მოვალეთა შეწუხებისა და გადასახადების ამოღების სურვილი.

თუმცა ხსენებული მუნიციპალური საწარმოს კატეგორიულმა ტონმა (და წყლის ონკანის გადაკეტვამაც კი), როგორც ჩანს, ბევრი ვერავინ შეაშინა. "თბილწყალკანალის" ხელმძღვანელობა იძულებულია ხშირ შემთხვევაში ჩინოვნიკთა სატელეფონო ზარებსა და პროტექციას ანგარიში გაუწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ "თბილწყალკანალმა" 100-მდე საბიუჯეტო და სამეურნეო ორგანიზაციას სასმელი წყლის მიწოდება უკვე შეუწყვიტა, ამით მის შემოსავლებს მნიშვნელოვანი ზრდა ნამდვილად არ დასტყობია. მუნიციპალური საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილე ომარ როინიშვილი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ, ზემოხსენებული ღონისძიებების შედეგად, მხოლოდ მეტად უმნიშვნელო თანხის ამოღება მოხერხდა. არადა, 2002 წლის 1 ივნისის მონაცემებით, 1995 წლიდან მოყოლებული, "თბილწყალკანალის" მიმართ საერთო დავალიანებამ 53 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 27 მილიონი ლარი სწორედ საბიუჯეტო და სამეურნეო ორგანიზაციების სათვალავზე მოდის.

თუმცა ამ კატეგორიის მოვალეებისგან წყლის გადასახადების ამოღებას, როიგორც ჩანს, საშველი ასე ადვილად ვერ დაადგება. როინიშვილი აღიარებს, რომ "თბილწყალკანალი" ვერ ახერხებს თავისი პრინციპების მყარად დაცვას და იძულებული ხდება, ხელისუფალთა ჩარევის შემდეგ, ბევრ "დასჯილ" ორგანიზაციას წყლის მიწოდება კვლავაც აღუდგინოს. "თბილწყალკანალში" შიშობენ, რომ თუკი, ასე ვთქვათ, "სატელეფონო ზარებით ჩაწყობის" ქართული პრაქტიკა ამ სფეროშიც საფუძვლიანად დამკვიდრდება, ურჩი გადამხდელები ვალის დაფარვაზე აღარასოდეს იფიქრებენ. თუმცა იქვე იმედოვნებენ, რომ საბიუჯეტო და სამეურნეო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები თბილისის წყალმეურნეობის პრობლემებს გაითავისებენ და "ჩაწყობაზე" მეტად ვალის დროულ გადახდაზე იფიქრებენ.

საინტერესოა, რომ სასმელი წყლის მოხმარების საფასური სრულად აქვთ დაფარული კერძო სტრუქტურებს და, რომ იტყვიან, მათ სინდისზე თურმე ერთი თეთრიც კი არ არის დარჩენილი. რაც შეეხება მოსახლეობას, მის მიმართ"თბილწყალკანალი" კვლავაც მეტად შემწყნარებლურ პოზიციას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელთა ხსენებულ კატეგორიას (ასევე, 1995 წლიდან მოყოლებული) 26-მილიონ ლარიანი დავალიანება დაუგროვდა. როგორც ჩანს, მუნიციპალურ საწარმოს ეს საკითხი აბსოლუტურად მართებულ ჭრილში აქვს გააზრებული: ხვდება, რომ წყლის მიწოდების შეწყვეტას მოსახლეობა უკვე ნამდვილად ვეღარ აიტანს და რომ სოციალურმა მღელვარებამ ამ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული ფორმაც მიიღოს. შეგახსენებთ, რომ 1 აპრილიდან წყლის ყოველთვიური გადასახადი გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე ლარი და 20 თეთრი შეადგინა. ადვილი წარმოსადგენია, რომ ტარიფის გაზრდამ მრავალსულიან ოჯახებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. თუმცა, როგორც ირკვევა, მილიონ ოცდაათი ათასი თბილისელი აბონენტის ნახევარზე მეტი წყლის გადასახადს თურმე პატიოსნად იხდის.

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ურჩი მოვალეებისთვის ძველი ვალების კატეგორიულად შეხსენებისა და მათი დასჯის საქმეში "თბილწყალკანალმა აშკარად " AES-თელასს მიბაძა. თუმცა მიბაძვის ობიექტთან საგადასახადო ურთიერთობა ბოლომდე გარკვეული არც მას აქვს. დღევანდელი მონაცემებით, ამერიკული კომპანიის მიმართ მუნიციპალური საწარმოს დავალიანება 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. ცხადია, ხსენებულ ვალს AES-თელასი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოითხოვს. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა "თბილწყალკანალი" ამ თანხის გადახდას.
XS
SM
MD
LG