Accessibility links

logo-print

კინორეჟისორი პოეზიამ გაიტაცა


ქართველ კინემატოგრაფისტებს თითქმის გადაეწურათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედი. ქვეყნის ბიუჯეტში კინოხელოვნების განვითარებისთვის გამიზნული თანხა ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებასაც არ ეყოფა.

იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ კინემატოგრაფისტებს ეს თანხაც კი უგვიანდებათ. ასეთ პირობებში კინორეჟისორები ფაქტობრივად პროფესიას იცვლიან; ზოგი პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს, ზოგი სარეკლამო ბიზნესში მუშაობს. ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა, რეზო ესაძემ - პოეზიას მიმართა. გაზეთ "ახალი ეპოქის" დამატებაში "ჩვენი მწერლობა" დაიბეჭდა რეზო ესაძის ახალი ლექსები, რომლის შესახებ ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გვიამბობს.

პოეზია რეზო ესაძეს ყოველთვის იტაცებდა. შარშან გამოიცა მისი ლექსების პატარა კრებული, რომელიც პირველ რიგში კინემატოგრაფისტებისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო. რეზო ესაძის ნახატებით გაფორმებული ლექსები ხომ ქაღალდზე გადატანილ კინოს ჰგავს... შეიძლება "ყველანაირ კინოს" არა, მაგრამ იმ ფილმებს ნამდვილად, რომელსაც თავად რეზო ესაძე იღებდა - პარადოქსულს, მოულოდნელად განვითარებულს, აგებულს უსასრულო და არაერთმნიშვნელოვან სახეებზე. ესაძის ნახატივით, სადაც ხაზი არაფრით ემორჩილება სწორ მიმართულებას, ესაძის ლექსივით, სადაც რითმი არასდროს პასუხობს ჩვენს "მოლოდინებს".

როგორც ჩანს, რეზო ესაძის ლექსები, რომელიც გაზეთ "ახალი ეპოქის" ბოლო ნომერშია დაბეჭდილი, სულ ახლახანს დაიწერა, მას შემდეგ, რაც თანამედროვე ქართული კინოს ახლა უკვე კლასიკოსმა, მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და ისევ და ისევ თავისი სახელანთქმული ტემპერამენტისა თუ სიცოცხლის სიყვარულის წყალობით, სერიოზულ სენს შემოქმედებით გაუმკლავდა. "ბალიშის სუნი ასდის სიჩუმეს" წერს რეზო ესაძე ლექსში, რომელსაც "პალატაში, ოპერაციის წინ" ქვია... და ეს, რეზო ესაძის კინემატოგრაფიული სახეა. მის ფილმებში მოქმედების ატმოსფერო იმდენად ზუსტად იყო დახატული, იმდენად გამომხატველი იყო ესაძის სურათების პლასტიკა, რომ ამ ფილმებს თითქოს "სუნიც" ჰქონდა, განსაკუთრებული არომატი, რომელიც ესაძის შემოქმედებას უნიკალურობას ანიჭებდა. თავის ბოლო ფილმს ესაძე ხუთ წელზე მეტს იღებდა. სურათი თითქმის დასრულებულია, საჭიროა თანხა წვრილმანებისთვის, რომელსაც რომელიმე სხვა რეჟისორი საერთოდ აღარ მიაქცევდა ყურადღებას და ფილმს მაყურებელს უჩვენებდა. მაგრამ რეზო ესაძე - პედანტია, ანუ პროფესიონალი. თავისი ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით იგი "ნახევარფაბრიკატის" პრემიერას არასდროს დაუშვებს... და როცა რამდენიმე ათას დოლარს ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურისთვის არავინ იმეტებს, კინორეჟისორი ახლა უკვე გაზეთში აქვეყნებს თავის ლექსებს და ერთ-ერთს ასეთი, ფრჩხილებში ჩასმული ფრაზით ამთავრებს: "გავიმეორებ, მანამ, სანამ სულს ამომხდიან"
XS
SM
MD
LG