Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი სადამ ჰუსეინის შესაცვლელად სამხედრო ოპერაციას გეგმავს


ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს, როგორც თავად აცხადებს, "რეჟიმის შეცვლას" ერაყში. ორშაბათს აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამგვარი პოლიტიკის

არსებობის შესახებ რამდენჯერმე არაორაზროვნოდ მიანიშნა. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, თუ როგორ აპირებს ვაშინგტონი ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის შეცვლას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არჩევანი სამხედრო ოპერაციაზე შეჩერდა. საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინიტრაციაში სერიოზული დებატები არსებობს, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს ჩანაფიქრი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცდილობს სხვაგვარი ფორმულირება მოუძებნოს თეთრ სახლში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი უნდა შეიცვალოს. ორშაბათს თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის განმავლობაში, ბუშს რამდენჯერმე მოუხდა ეპასუხა შეკითხვისთვის, კვლავაც რჩება თუ არა იგი ამ მოსაზრებაზე, რაზეც პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა და დასძინა:

[ჯორჯ ბუშის ხმა]" ჩვენი მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოვიყვანოთ."
აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკა ჯერ კიდევ სპარსეთის ყურის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს შევიდა ძალაში. მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, თეთრი სახლის კედლებში არ წყდება დავა, თუ როგორ ჩამოაშორონ სადამ ჰუსეინი ძალაუფლებას, მაშინაც თუ ამერიკა პრობლემის გადაჭრას სამხედრო გზით შეეცდება.

ანალიტიკოსების თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტარციაში ორი ალტერნატიული მოსაზრება განიხილება. პირველი იმაში მდგომარეობს, ერაყის ტერიტოტიაზე უნდა განთავსდეს და სადამ ჰუსეინის სამხედრო ძალას დაუპირისპირდეს მრავალრიცხოვანი და ყველაზე წარმატებული ამერიკული საჯარისო კონტინგენტი, რაც ერაყის დიქტატორის მმართველობის ვირტუალური დასასრულს უზრუნველყოფს. მეორე მოსაზრება კი უპირატესობას არაპირდაპირ სამხედრო ჩარევას, ეგრეთწოდებულ "ავღანურ ვარიანტს" ანიჭებს. ამ ვერსიის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ უფრო ეფექტური იქნება სამხედრო ძალის შექმნა ერაყის ოპოზიციის შიგნით, რომელსაც ხმელეთზე ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ძალები, ხოლო ჰაერიდან, წერტილოვანი დარტყმებით, სამხედრო ავიაცია დაუჭერს მხარს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ბუშის ადმინისტრაციაში აზრი ორად არის გაყოფილი და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რომელ მეთოდზე შეაჩერონ არჩევანი. ამ დაუფარავი უთანხმოების შესახებ ინფორმაციამ გასულ კვირაში პრესაშიც გაჟონა. საუბარია 5 ივლისს"ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ საიდუმლო სამხედრო გეგმის შემცველ დოკუმენტზე, რომელიც ცხადყოფს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია უპირატესობას პირველ ვარიანტს - ერაყის წინააღმდეგ მასიურ სამხედრო იერიშს ანიჭებს.

გაზეთის თქმით, ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი მათ გადასცა პირმა, რომელიც მისი ვინაობის საიდუმლოდ შენახვას დაჟინებით მოითხოვდა. თავად ინკოგნიტო რესპონდენტი იმედგაცრუებული ყოფილა იმით, რომ პრეზიდენტმა ბუშმა თავისი არჩევანი პირველი ვარიანტის სასარგებლოდ გააკეთა და უგულებელყო განვლილ ათი წლის განმავლობაში შემუშავებული სამხედრო ტაქტიკა.

ნიშანდობლივია, რომ პრესაში ამ ანგარიშის გამოქვეყნება ბუშის ადმინისტრაციაში ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირის, გენერალ უეინ დაუნინგის გადადგომას დაემთხვა. თუმცა ჯერჯერობით არც თეთრი სახლი და არც თავად დაუნინგი ამ დადადგომის მიზეზს არ ახმაურებენ. მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, გენერალი გულმხურვალედ ემხრობოდა სწორედ იმ ვარიანტს, რომელიც ერაყელი დიქტატორის წინააღმდეგ უფრო აქტიურად ოპოზიციის სამხედრო რესურსის გამოყენებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ასეთსავე მიდგომას გადაჭრით ემხრობა ერაყის უდიდესი ოპოზიციური დაჯგუფების, ლონდონში მოქმედი ეროვნული კონგრესის ლიდერი აჰმედ ჩალაბი.

ოპოზიციაზე დაყრდნობას ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევს, ექს ვიცე-პრეზიდენტ ალ გორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ამაჟამად კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონ ფორტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ოპოზიცია ნაკლებად სანდო და მოუმზადებელია, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მხრიდან მთავარი აქცენტის გადატანა მხოლოდ კარგად გაწვრთნილ და ლოიალურ საჯარისო ქვედანაყოფებისა გამოყენებაზე, გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა.

თუმცა, როგორც ირკვევა, თეთრი სახლის წინაშე მდგარი პრობლემა მხოლოდ მეთოდის არჩევით არ ამოიწურება. ლეონ ფრონტის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციას ასევე მოუწევს ერაყზე ცალმხრივი იერიშის აუცილებლობა საერთაშორისო საზოგადოებას და, პირველ ყოვლისა, გაეროს უშიშროების საბჭოს დაუსაბუთოს.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიცირებული დოკუმენტის ცალკეული პუნქტების პრესაში გაჟონვამ ახალი სკანდალს დაუდო სათავე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანალიტიკოსების თქმით ეს ხმაური ძალიან წააგავს "ქარიშხალს ჭიქა წყალში." რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ბუში მართლა უჭერს მხარს ასეთ ვარიანტს, ასეთი იერიში ერაყის წინააღმდეგ უახლოეს ერთ წელიწადში შეუძლებელი ჩანს.
XS
SM
MD
LG