Accessibility links

logo-print

ვინ მიიღებს ნოემბერში ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას?


ანდრო ეული, პრაღა შაბათს რიგაში, ნატოში გაწევრიანების 10 კანდიდატი-ქვეყნის უმაღლესი დონის შეხვედრა დამთავრდა. ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის,

ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის ლიდერებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სულ ცოტა 7 მათგანი, გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას მიიღებს ნატოს მორიგ სამიტზე, რომელიც ნოემბერში მოეწყობა ჩეხეთის დედაქალაქში. მოელიან, რომ ამ ბედნიერ შვიდეულში, ბალტიის 3 სახელმწიფოსთან ერთად სლოვენია, სლოვაკია, ბულგარეთი და რუმინეთიც იქნება ჩართული. რაც შეეხება ალბანეთსა და მაკედონიას, მათი სამხედრო დონე ჯერჯერობით ვერ ჰპასუხობს ნატოს სტანდარტებს, ხოლო ხორვატიას კარგა ხანს მოუხდება ლოდინი, ვიდრე ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

უმაღლესი დონის შეხვედრას რიგაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ხოლო ამჟამად ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოლიტიკის კოორდინატორი რონ ასმუსი ესწრებოდა. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ასმუსმა თქვა, რომ დასავლეთის თავდაცვითმა კავშირმა ამჯერად უნდა გადაწყვიტოს - კვლავაც გააგრძელოს ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ ახალ გლობალურ პრობლემებს დაუპირისპირდეს.

რონ ასმუსს მიაჩნია, რომ თუ შეერთებული შტატები და ევროპა აღიარებენ, რომ საერთო პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი და ამდენად, ერთობლივ სტრატეგიულ მიმართულებას დასახავენ ნატოს მომავალ სამიტზე პრაღაში, ეს ისეთივე მნიშვნელობის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური თავდაცვითი კავშირის დაარსება იყო 50-ზე მეტი წლის წინათ. მაკედონიამ და ალბანეთმა, რომლებიც არ მიაჩნიათ ჯერჯერობით მზად ნატოში გასაწევრიანებლად, შაბათს დამთავრებულ შეხვედრაზე რიგაში განაცხადეს, რომ თუ პრაღის სამიტის შემდეგ შეწყდება ნატოს გაფართოება, ამან შესაძლოა ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ბალკანეთის რეგიონში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ მოუწოდა ნატოს ლიდერებს კვლავაც გააგრძელონ ამ თავდაცვითი კავშირის გაფართოება. კვაშნევსკიმ განაცხადა ამასთანავე, რომ უკრაინა სავსებით იმსახურებს მომავალში ნატოს კავშირში გაწევრიანებას. რონ ასმუსმა განაცხადა, რომ პრაღის სამიტის შემდეგ ნატო არ შეწყვეტს გაფართოებას, თუმცა მორიგი ეტაპი ახალი წევრების მიღებისა ახლო მომავალში არაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG