Accessibility links

logo-print

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი კვლავ იზრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წლის პირველი ნახევრის მდგომარეობის მიხედვით, კიდევ უფრო შემცირდა, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი კი, პირიქით, გაიზარდა.

ეს ტენდენცია სერიოზულ გავლენას ახდენს მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე. გავლენა კი, როგორც წესი, ნეგატიურია. გესაუბრებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, ოფიციალური მონაცემებით, 396 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 95,8 პროცენტია. კლება აღინიშნება როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სტრუქტურაში. შესაბამისად, ექსპორტი 112, ხოლო იმპორტი 283,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერ აფიქსირებს კონტრაბანდას, რაც სოლიდური ციფრით გამოიხატება, კლების ტენდენცია მაინც შესამჩნევია, - ეს კი საერთო ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. მიმდინარე წელს 171 მილიონ დოლარამდე იყო საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი.

აღსანიშნავია, რომ 2002 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 77 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტმა 187 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გასულ წელსაც ქვეყნების რაოდენობა იგივე იყო, თუმცა დეფიციტის ოდენობა 173 მილიონ დოლარს შეადგენდა.

წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს 24 ქვეყანასთან. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში, ამ მხრივ, მცირედი პოზიტივი შეიმჩნევა, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყნების რაოდენობა 18-ს, ხოლო დადებითი სალდო 11, 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველო ყველაზე ინტენსიურად ვაჭრობს დსთ-ს სახელმწიფოებთან და, შესაბამისად, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის 39 პროცენტიც მათზე მოდის.
სავაჭრო პარტნიორებს შორის კვლავინდებურად ლიდერობს რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც ოფიციალური სავაჭრო ბრუნვა 79 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 4,2 პროცენტით გაიზარდა.
სავაჭრო პარტნიორთა სიაში მეორეა თურქეთი, შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

არ შეცვლილა ექსპორტის სტრუქტურა. მიუხედავად ჯართისა და ფერადი ლითონების ექსპორტზე არსებული შეზღუდვებისა, საქართველოდან, ძირითადად, სწორედ შავი ლითონების ჯართი გადის. მასზე მთელი ქართული ექსპორტის 13,8 პროცენტი მოდის. სქართველო, ასევე, აწარმოებს საფრენი აპარატების, დაუმუშავებელი და ნახევრად დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტს. ექსპორტის სტრუქტურაშია, ასევე, აზოტის სასუქები, სასმელები, მინერალური წყლები, სპილენძის მადანი, კონცენტრატები და ხორბალი. ამ ჯგუფში ხორბლის მოხვედრა თითქმის მთლიანად რეექსპორტის ხარჯზე განხორციელდა.

არც იმპორტის სტრუქტურა შეცვლილა. საქართველო ნავთობროდუქტების იმპორტიორია და ნავთობსა და ნავთობროდუქტებზე მთლიანი იმპორტის 10 პროცენტი მოდის, 9,8 პროცენტი უჭირავს ნავთობის აირებს და აირისებრ ნახშირწყალბადებს.

ოფიციალური სტატისტიკა, ბუნებრივია, ვერ ასახავს დაუფიქსირებელ ექსპორტ-იმპორტს, მაგრამ წარმოდგენილი მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ქართული ეკონომიკა, უკვე მერამდენე წელია, სერიოზულ კრიზისს განიცდის.
XS
SM
MD
LG