Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“წლის საუკეთესო გამოფენები “მკვდარ სეზონში”


თბილისის კულტურული ცხოვრებისთვის ივლისი უკვე “მკვდარ სეზონად” მიაჩნიათ. ზაფხულში მხატვრების უმრავლესობა ერიდება ვერნისაჟების მოწყობას.

წელს ეს ტრადიცია დაირღვა და სწორედ ზაფხულში გაიხსნა მიმდინარე წლის საუკეთესო გამოფენები.

ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე ამ ორ, განსხვავებულ, ექსპოზიციას სეზონის საუკეთესო გამოფენებად ჯერ კიდევ ვერნისაჟის მოწყობამდე მიიჩნევდა, თუმცა მხატვარ ლევან ლაღიძისა და ფოტოხელოვან გოგი ცაგარლის პერსონალური გამოფენების მიმართ ინტერესი, ალბათ, პირველ რიგში, იმან განაპირობა, რომ ლევანი თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი ლიდერია, გოგი ცაგარელი კი – ფოტოხელოვნებისა.. მიუხედავად ამისა, ერთიც და მეორეც საკმაოდ იშვიათად იფინება. ყოველ შემთხვევაში, პერსონალურ გამოფენას იშვიათად აწყობს. არადა, თუნდაც ლევან ლაღიძის გამოფენა ყოველთვის იმითაა საინტერესო, რომ ექსპოზიცია მხოლოდ მაშინ ეწყობა, როცა მხატვარი რაღაც ახალს სთავაზობს თავის თაყვანისმცემელს, არასდროს მეორდება და, ამავე დროს, ყოველთვის ინარჩუნებს თავის თავს. გოგი ცაგარლის ფოტოები კი ერთ-ერთი იშვიათი ნიმუშია დოკუმენტური სახის განზოგადებისა და ეპოქის თუ “ეპოქის ადამიანის” ხასიათის წარმოჩენისა... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ფოტოგრაფი თითქმის ყოველთვის წყვეტს იმ ამოცანას, რომელსაც ქართველი ფოტოგრაფების უმრავლესობა დღეს ვერაფრით უმკლავდება. “ქარვასლის” საგამოფენო დარბაზში მოწყობილმა ცაგარლის ექსპოზიციამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია ფოტოხელოვანმა, ასე ვთქვათ, “სტუდიური ექსპერიმენტებით” მიაღწიოს შესამჩნევ წარმატებას. ფოტოგრაფი უნდა იღებდეს ბევრს და უნდა იღებდეს სიცოცხლეს. არც, ეგრეთ წოდებულ, “ფოტოგრაფიულ გრაფომანობას” უნდა გაურბოდეს, რადგან კარგი ფოტოგრაფია წინასწარ მოფიქრებულ ინსცენირებას თითქმის არასდროს ექვემდებარება.

ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა, ამ მხატვრისთვის ტრადიციულად, გალერეა “ტმს”-ში მოეწყო. ამჯერად მხატვარმა, რომელსაც უფრო მეტად პეიზაჟის ჟანრი იტაცებდა და უფრო ექსპრესიულ დეკორატიულობას ანიჭებდა უპირატესობას, შემოგვთავაზა სრულიად განზოგადებული, აბსტრაქტული სახეები, ფერწერა, რომელიც შედარებით მონოქრომულია, რომელშიც ჭარბობს ტერაკოტა, ნაცრისფერი, ლურჯი. თუმცა, ასეთი სიმკაცრისა და განტვირთულობის მიუხედავად, დეკორატიულ ფუნქციას ისევ ინარჩუნებს.

სიმბოლურიცაა, ალბათ, რომ ორივე ეს ექსპოზიცია ზაფხულში მოეწყო, როცა თბილისი თბილისელებისგან ცარიელდება, მაგრამ მასპინძლობს საქართველოს სტუმრებს. ვერ გეტყვით, გაიყიდა თუ არა რამე ლევან ლაღიძის გამოფენაზე, მაგრამ ფაქტია: ორივე ეს ექსპოზიცია დედაქალაქის სტუმრებს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლებს გააცნობდა და დაარწმუნებდა ყველას, რომ კულტურის ამ სფეროში პრობლემები ჩვენ თითქმის არა გვაქვს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG