Accessibility links

logo-print

შიდასამთავრობო პრობლემები


საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი სტრუქტურა და დაკომპლექტების წესი ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ესე იგი, 1995 წლიდან არსებობს. კონსტიტუციის მიხედვით,

მთავრობის თითოეული წევრი პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე. ამის გამო განვლილი შვიდი წლის მანძილზე მთავრობა ერთიანი და შეკრული არასოდეს ყოფილა. თუმცა შიდასამთავრობო დაპირისპირებები ხან კულუარული საუბრების თემა იყო, ხან კი საჯარო განხილვისა და შეხლა-შემოხლის მიზეზი ხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწოფო მინისტრი ოთხჯერ შეიცვალა, მთავრობის ერთ გუნდად შეკვრა არა და არ მოხერხდა.



1998 წლის ზაფხულამდე საქართველოს მთავრობა სკანდალების გარეშე საქმიანობდა და ოთხშაბათის სხდომებიც უპრობლემოდ, უხმაუროდ და უინტერესოდ მიმდინარეობდა. მთავრობის თვისებრივი განახლება დაიწყო 1998 წლის ზაფხულში, როდესაც მინისტრებად ნომენკლატურული გამოცდილების უქონელი პირები დაინიშნენ: ჯერ - ალექსანდრე კარტოზია და ლადო ჭანტურია, შემდეგ - დავით ონოფრიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ნოღაიდელი, დავით კირვალიძე და მიხეილ სააკაშვილი. წლების განმავლობაში მთავრობის შემადგენლობა ორ გუნდად დაიყო და მათ შორის დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მეტად გამწვავდა. კულმინაციად უნდა მივიჩნიოთ ის დღე, როდესაც იუსტიციის მინისტრმა თავის კოლეგებს დაუსაბუთებელი შემოსავლებით აგებული სასახლეების ფოტოები აუფრიალა. მთავრობაში მაშინ არსებულ ვითარებას ამგვარად აღწერს პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ჟურნალ "არილში" (2001, N16) გამოქვეყნებულ სტატიაში:"ის სტრუქტურა, რომელიც, წესით, ქვეყანას უნდა მართავდეს, საკუთარ თავთან ბრძოლის პოლიგონად გადაიქცა. მთავრობის სხდომაზე გვერდიგვერდ სხედან რადიკალურად აცდენილი მსოფლხედვის, ფსიქიკის, ტემპერამენტისა და მიზნების მქონე ადამიანები, რომელთაც სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ადამიანის დანიშნულებაზე, უფლებებზე, თავისუფლებასა და ზნეობაზე; ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, მისი განვითარების გზებზე და იმაზეც კი - რომელია მარჯვენა და რომელი - მარცხენა. უფრო მეტიც, მთავრობის ერთი ნახევარი სიამოვნებით დაალპობდა ციხეში თავის მეორე ნახევარს. კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთად თავშეყრილ ადამიანთა ასეთ ჯგუფს არ შეიძლება ეწოდოს ცუდი მთავრობა, მით უმეტეს - კარგი; ამას, უბრალოდ, არ ჰქვია მთავრობა. როგორც თხა და მგელი ერთად ვერ იმუშავებენ საკვების დამზადებაზე, ისე ამგვარი კონგლომერატი მთავრობის ფუნქციას ვერ შეასრულებს და ვერ იზრუნებს ქვეყანაზე".

როდესაც 2000 წელს ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს მთავრობა ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად, პარლამენტში ირიბი, მაგრამ მწვავე პოლემიკა გაიმართა. საგადასახადო შემოსავლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ მაჭავარიანმა ძალოვანი მინისტრებისგან კონტრაბანდასთან ბრძოლაში დახმარება მოითხოვა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სამინისტრო კონტრაბანდის პრობლემას ვერც შექმნის და ვერც გადაწყვეტს. ამ განცხადების პასუხად, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კახა თარგამაძემ არანაკლებ პირდაპირ განაცხადა, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლაში მისი უწყება არ ჩაერთვება. პრობლემას სწორედ ის ქმნიდა, რომ მთავრობაში ერთი მინისტრის გაძლიერება უშუალოდ იწვევდა მეორის დასუსტებას. ან კახა თარგამაძე უნდა ყოფილიყო ძლიერი, ან მიხეილ მაჭავარიანი, რადგან მათი ინტერესები ღიად ეჯახებოდა ერთმანეთს. იმის გამო, რომ მთავრობა თავად მფარველობდა კორუფციას და თავადვე ებრძოდა მას, მინისტრების საქმიანობა, უკეთეს შემთხვევაში, უნაყოფო, ხოლო უარეს შემთხვევაში, მავნე იყო.

დღეს, როდესაც მთავრობა მეამბოხე მინისტრებისგან "გაიწმინდა" და, მეტ-ნაკლებად, ერთგვაროვანი გახდა, პრეზიდენტი აპირებს, რომ ძალაუფლების ცენტრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიტანოს და სახელმწიფო მინისტრს დაუქვემდებაროს. ფაქტობრივად, პრეზიდენტი ცდილობს, შექმნას გუნდური მთავრობა კონსტიტუციის შეუცვლელად.

წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს განზრახვა განუხორციელებელია. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან პიროვნული ნდობა დანარჩენი მინისტრების მიმართ ვითარებას ვერ შეცვლის. ყველაზე მეტი, რაც შეიძლება დღევანდელი მთავრობის პირობებში მოხერხდეს, ამგვარი "იწილო-ბიწილოა": ზოგჯერ, ხელისუფლების ნებართვით, შემცირდება კონტრაბანდა, რათა საბაჟო სამსახურმა ბიუჯეტის გეგმა შეასრულოს; ზოგჯერ კი, ხელისუფლების ნებართვით, ისევ ძველ დონემდე გაიზრდება კონტრაბანდა, რათა სისტემის გარანტი - ძალოვანი ბლოკი - არ განაწყენდეს.

ვიდრე ქვეყანას არ ეყოლება გუნდური პასუხისმგებლობის მთავრობა, ვიდრე მინისტრები პასუხისმგებელნი არ იქნებიან ერთმანეთის საქმიანობაზე და ვიდრე ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელი პრეზიდენტის წინაშე, მანამ ერთიანი ინტერესით შეკრული მთავრობა საქართველოს ვერ ეყოლება; შესაბამისად, შიდა დაპირისპირებები და ერთმანეთის ჩაძირვა - ღია ან ფარული ფორმით - დაუსრულებლად გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG