Accessibility links

logo-print

წარუმატებლობათა სერიამ შეარყია თურქეთის მმართველი პარტია და ეჯევითის პოლიტიკური ჯანმრთელობა


თურქეთში რამდენიმე დღეა გრძელდება სამთავრობო კრიზისი, რომელსაც ვიცე-პრემიერ დავლეთ ბახჩელისა და სამი მინისტრის გადადგომა მოჰყვა. სამთავრობო კრიზისის გადასაჭრელად, სამშაბათს,

პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა. ეჯევითი დაჟინებით მოითხოვს, რომ მომავალი არჩევნები გრაფიკის მიხედვით, 2004 წელს გაიმართოს, მაგრამ ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ბალანსი შეიძლება კიდევ უფრო დაირღვეს, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

თურქეთში პოლიტიკური კრიზისი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითის კოალიციური კაბინეტიდან პრემიერ-მინისტრის მოადგილის ჰუსამეთინ ოსკანისა და სამი მინისტრის გადადგომამ, ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა თურქეთის პარლამენტში, რომელიც, ბოლო დღეების განმავლობაში, მემარცხენე დემოკრატიული პარტიის წევრმა რამდენიმე დეპუტატმა მიატოვა. ამ დემარშების შედეგად მემერცხენე დემოკრატიული პარტია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი უდგას სათავეში, უკვე აღარ წარმოადგენს მმართველ ძალას თურქეთის დიდ ეროვნულ საკრებულოში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყოფილი მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში, როგორც იტყვიან, საბრძოლო მდგომარეობაა გამოცხადებული და ხელმძღვანელობა ინტენსიურად ცდილობს, შეიმუშავოს სამთავრობო კრზისიდან თავის დაღწევის ტაქტიკა. პარალელურად 77 წლის პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა მინისტრთა კაბინეტში გამოთავისუფლებული სავარძლები ახალი კანდიდატებით სასწრაფოდ დააკომპლექტა. ხოლო ჰუსამეთინ ოსკანის ნაცვლად, რომელიც 11 წლის განმავლობაში ეჯევითის მარჯვენა ხელად ითვლებოდა, ვიცე-პრემიერის პოსტზე სახელმწიფო მინისტრი სინა გიურელი დაინიშნა.

ახალი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ყველას ესმის, რომ ნახევარზომებით პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. მით უფრო, რომ ოსკანის მოთხოვნას მხარს კოალიციური მთავრობის სხვა წევრებიც უჭერენ. თურქეთის პრესის ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით ეჯევითის კიდევ ერთი მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის პარტიიის ლიდერი დავლეთ ბახჩელიც გამოვიდა. სამშაბათსვე გადადგომის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა სახელმწიფო მინისტრმა ჰასან გემიჯმაც გააკეთა. მშობლიურ ქალაქ ზუნგულდაკში, თავის მხარდაჭერების შეხვედრაზე, გემიჯმა განაცხადა, რომ იგი მთავრობასაც ტოვებს და მმართველი პარტიის რიგებსაც:

[ჰასან გემიჯის ხმა] ”თურქეთის მოსახლეობის უნდობლობა და უიმედობა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს. დღემდე ველოდი, რომ მემარცხენე დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი და პრემიერ-მინისტრი, ბატონი ეჯევითი ქვეყნისა და მთავრობის კრიზისიდან გამოსაყვანად ახალ ნაბიჯებს გადადგამდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა.”

ვადამდელი არჩევნების იდეას ნაწილობრივ ეთანხმება სამთავრობო კოალიციის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი და მამულის პარტიის ხელმძღვანელი მესუთ ილმაზი, რომელმაც განაცხადა, რომ "არჩევნები მხოლოდ დროის საქმეა და იგი, შესაძლოა, წლის ბოლომდეც გაიმართოს".

მიუხედავად პოლიტიკური პარტიებისა და პრესის წარმომადგენლების ზეწოლისა, პრემიერ-მინისტრი ეჯევითი არ ფიქრობს გადადგომაზე და ვადამდელი არჩევნების მომხრეებს ურჩევს, რომ 2004 წელს დაელოდონ. მისი უარის მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ასეთი მკვეთრი სახელისუფლებო ცვლილების შედეგად თურქეთი დიდ ქაოსში აღმოჩნდება ჩათრეული. თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ "ჯინი უკვე ამოსულია ბოთლიდან" და პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეჯევითს მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

გარდა ამისა, თურქეთში ვადამდელი არჩევნების მომხრეებს პოლიტიკურ არსენალში კიდევ ერთი მძლავრი არგუმენტი მოეპოვებათ. პოლიტიკური გაურკვევლობა, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 16-მილიარდიანი კრედიტის გამოყოფის საკითხს. არადა, ეს თანხა ჰაერივით ესაჭიროება თურქეთს, რომლის ეკონომიკაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ-ერთ უდიდეს კრიზისს განიცდის.
XS
SM
MD
LG