Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დამცველები ცდილობენ, ბოლო მოუღონ ირანში ბავშვების დაქორწინების ტრადიციას


ამ რამდენიმე დღის წინ ირანიდან გავრცელდა ცნობა,

რომლის თანახმად პოპულარულ მოცეკვავე მოჰამად ხორდადიანს ქვეყნიდან გამგზავრება აეკრძალა. ხორდადიანი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ირანში დროებით იყო ჩასული. მისი შერისხვის მიზეზი კი ცეკვის გაკეთილები გახდა. საქმე ის არის, რომ სასამართლომ ხორდადიანი დამნაშავედ სცნო ”ახალგაზრდობის გარყვნაში” და მას 10 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა, რასაც თან ახლავს ქვეყნიდან გამგზავრების 10-წლიანი აკრძალვა. მაგრამ დღეს არ ჩავუღრმავდებით ხორდადიანის საქმეს ან იმას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ცეკვის გაკვეთილებით ”ახალგაზრდობის გარყვნა”. დღეს ვისაუბრებთ საუკუნოვან ტრადიციაზე, რომელიც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ირანში, ბავშვების დაქორწინებას ითვალისწინებს და რომელსაც ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე უჩნდება.

ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენ ბავშვს აქორწინებენ ირანში მოზარდის ასაკის მიღწევამდე – არ არსებობს. მაგრამ ასეთი ქორწინებები ხშირია სოფლად და მომცრო ქალაქებში, სადაც ტრადიციული ღირებულებები მეფობს. იქ მშობლები ხშირად ზრუნავენ შვილის შეუღლებაზე იმ ასაკამდე გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ნეფეს თუ პატარძალს შეგნებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
ბავშვების დაქორწინებას არა მარტო ტრადიცია, არამედ კანონმდებლობაც დასაშვებად მიიჩნევს. კანონი მშობლებს უფლებას აძლევს, ბიჭუნა 14 წლის, ხოლო გოგონა 9 წლის ასაკიდან დააქორწინოს. თუმცა, ამ მხრივ გასულ თვეში გარკვეული ცვლილება მოხდა: ადამიანის უფლებათა დაცვის ირანელი აქტივისტების ხანგრძლივმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო კანონი, რომლის შესაბამისად მშობლებს სასამართლოსაგან ნებართვა სჭირდებათ, თუ 13 წლამდე ასაკის გოგონას ან 15 წლამდე ასაკის ბიჭუნას დაქორწინება განიზრახეს. იმავდროულად, ამ ასაკზე უფროს მოზარდებს ნებაყოფლობით დაქორწინების უფლება ენიჭებათ.

მაგრამ ახალი კანონი ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის მხოლოდ ნაწილობრივი წარმატებაა: ირანის პარლამენტი, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას რეფორმების მომხრეები ამბობენ, მოითხოვდა დაქორწინების შემთხვევაში სასამართლოს ნებართვას არა 13 წლამდე ასაკის გოგონებისა და 15 წლამდე ასაკის ბიჭუნებისათვის – რასაც, როგორც უკვე ითქვა, გასულ თვეში დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს, - არამედ 15 წლამდე გოგონებისა და 18 წლამდე ვაჟებისთვის. მაგრამ ეს, უფრო მაღალი ასაკობრივი ზღვარი, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2000 წლის აგვისტოში დაამტკიცა, მიუღებელი აღმოჩნდა ე.წ. ”სამეთვალყურეო საბჭოსთვის”. ეს უწყება, რომელშიც კონსერვატიული ძალები ჭარბობენ, ირანში ისლამური რევოლუციის ღირებულებების დაცვაზე ზრუნავს და დიდი გავლენითაც სარგებლობს.

დასაქორწინებელ ასაკზე უთანხმოებამ თითქმის 2 წელი გასტანა, ვიდრე მას წერტილს დაუსვამდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. ახლა რეფორმების მომხრეები თავს იმშვიდებენ იმით, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ირანში მოზარდების ქორწინებათა რიცხვის შემცირებას, და შეასუსტებს საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკას ირანში ადამიანის უფლებათა ხელყოფის მისამართით. მაგალითად ევროკავშირს არაერთხელ გამოუცხადებია ბავშვთა ქორწინებები ირანსა თუ სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ხელყოფად. არადა, უკვე რამდენიმე წელია, ირანი ევროპასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისაკენ მიისწრაფვის.
თეირანელი ვექილი, ზოჰრე არზანი, რომელიც ტელეფონით ესაუბრა ჩვენი რადიოს სპარსული რედაქციის თანამშრომელს, მაჰმონით რაჰიმის, ახალ კანონს ირანში ბავშვების უფლების დაცვის გაუმჯობესებად მიიჩნევს.

[ზოჰრე არზანის ხმა]”ეს წინგადადგმული ნაბიჯია 19 წლის წინ მიღებულ კანონთან შედარებით, რომელიც, მართალია, კრძალავდა დაქორწინებას სიმწიფის ასაკამდე, მაგრამ მას დასაშვებად მიიჩნევდა ბავშვის მამის ან პაპის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ მამას და პაპას ბავშვის დაქორწინებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. ახლა ის მაინც მოხერხდა, რომ გოგონების ასაკი 13 წლამდე გაზარდეს და თან აუცილებელი გახადეს სასამართლოს თანხმობა.”

როგორც რეფორმების მომხრეთა წარმომადგენელი, ფატემა ხათამი აღნიშნავს, ახალი კანონის მიღება პირველ რიგში პარლამენტარი ქალების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ისინი ყველა ღონეს ხმარობენ გოგონებისა და ქალების უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.
მაგრამ ახალი კანონის არაერთი მომხრე მაინც უკმაყოფილოა: მათთვის მიუღებელია ის ასაკობრივი ზღვარიც, რომელსაც გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს. როგორც პარლამენტარმა ქალმა, ფატემა რაკეიმ ივნისის მიწურულს, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, 15 წლის გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, ხოლო 18 წლის ვაჟი არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ეკონომიკურადაც არ არის მზად ოჯახის შესაქმნელად.

თუმცა, საყურადღებოა ისიც, რომ სოციოლოგების განმარტებით, მშობლების უმრავლესობას შვილის, განსაკუთრებით გოგონას ჯერ კიდევ ბავშვობაში დაქორწინებისას პირველ რიგში სწორედ ეკონომიკური მოსაზრებები ამოძრავებს. როგორც თეირანის ქალთა უნივერსიტეტ ”ალ-ჰაზრას” პროფესორი აბდულრეზა კორდი ამბობს, გაჭირვებული ოჯახი ბავშვის დაქორწინებით თავს ითავისუფლებს მისი შენახვის მოვალეობისაგან: [აბდულრეზა კორდის ხმა] ”სადაც სიდუხჭირეა, მშობლების მხრივ თავის დაცვის ავტომატურ მექანიზმად ჩნდება ტვირთიდან გათავისუფლების მცდელობა, ანუ შვილის დაქორწინება.”

ასე რომ, ვიდრე ირანელების დიდ ნაწილს გაჭირვების ატანა უხდება, მოსალოდნელია, რომ არაერთი ოჯახი კვლავინდებურად შეეცდება ბავშვების ადრეულ ასაკშივე დაქორწინებას, უწინარეს ყოვლისა გოგონების ”გათხოვებას”. არადა, ირანის ეკონომიკას გაჯანსაღების ნიშნები არ ეტყობა: მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულ ამოცანად სწორედ ეკონომიკის აღორძინება აქვს გამოცხადებული, ჯერაც ვერ მოუხერხებია ინფლაციისა და უმუშევრობის მოთოკვა.

ძნელია წარმოსადგენია, რომ ახალგაზრდების უფლებების დაცვა მათი საყვარელი მოცეკვავის, მოჰამად ხორდადიანის გაკვეთილების აკრძალვით გაუმჯობესდეს.
XS
SM
MD
LG