Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მიმდინარეობა


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს იმაში, რომ მან სათანადოდ ვერ მოამზადა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

კრიტიკის საგანია ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა, პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების თვალსაზრისით, და ის მუშაობა, რომელიც ამ მიმართულებით გასწია თავდაცვის სამინისტრომ. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი განმარტავს, მიმღებ პუნქტში, გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კათედრაზე, დღეისათვის, რეალურად, მხოლოდ 98 რეზერვისტის განცხადებაა შესული მაშინ, როცა თვის ბოლოსათვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 600 კაცი უნდა იყოს შერჩეული.

იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სათანადო აქტიურობა ვერ გამოიჩინა პროგრამის მომზადების საქმეში და შესაბამისად ვერ გასწია აგიტაცია-პროპაგანდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, ამერიკული პრესა, კერძოდ, “ვაშინგტონ ტაიმსიც” ალაპარაკდა. ეს ფაქტი მტკივნეულად გახმაურდა საქართველოს პარლამენტში, რაკი იქ, ეტყობა, დროის რიტმს უკეთესად გრძნობენ, ვიდრე იმავე თავდაცვის სამინისტროში, სადაც ირწმუნებიან, რომ პროგრამის ვადები არ დარღვეულა და აგვისტოს დასაწყისისთვის კომანდოს-ისნის ბატალიონი გეგმის მიხედვით შეუდგება მომზადებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამერიკის მხარეს, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, კომანდოს-ისნის ბატალიონის დაკომპლექტების ტემპებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, შენიშვნა არც კი გამოუთქვამს. მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ პირადი შემადგენლობა ჯერ დაკომპლექტებული არ არის და ეს მაშინ, როცა ხელფასი რიგითი შემადგენლობისათვის 380 ლარიდან პოლკოვნიკისთვის განკუთვნილ 650 ლარამდეა განსაზღვრული. ანუ ბატალიონში მოხვედრის მოტივაცია, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ მხრივაც არსებობს. ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამით, 18 თვეში 1700 კონტრაქტორზე მეტი უნდა მომზადდეს.
[დიმიტრი ლეჟავას ხმა]“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, შეიძლება აქ მილიონი კაცი დადგეს რიგში და იქიდან დავიწყოთ შერჩევა, მაგრამ ჩვენ ვივარაუდეთ ის, რომ თვითონ ფონი შეიქმნა ამ პროგრამის გარშემო ძალზედ კარგი, პირადად ჩვენი ურთიერთობებითაც, ყველა მოწმეა, რაიონებიდან რეკავდნენ და პროტექციონერობას გვთხოვდნენ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ ხალხი. და როცა ჩვენ შევხედეთ, რომ რაიონებში ინფორმაცია, რეალური ინფორმაცია, არ ჰქონდათ, ამის მერე ჩვენ კომისარიატებს მარტო საბუთების მიღება კი არ ვთხოვეთ, ვთხოვეთ უკვე თვითონ გაეწიათ აგიტაცია და პროპაგანდა ამ პროგრამაზე, ადგილობრივი ტელევიზიით გამოსულიყვნენ და განცხადებები გაეკრათ საკრებულოებთან. ეს უკვე იძულებულნი გავხდით ჩვენ, ფაქტიურად, ჩვენ დავიწყეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაგივრად მუშაობა.”[სტილი დაცულია]
თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული მუშაობა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა საქართველოს რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის გათვალისწინება, რასაკვირველია, ადრევე შეიძლებოდა. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ლეჟავამ კი კადრების დაკომპლექტების შეფერხებაში რატომღაც სამინისტროს სტრუქტურებსა და ადგილობრივ კომისარიატებზე მეტად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაადანაშაულა. და მაინც, მთავარი ის არის, რომ , ქართული არაპუნქტუალობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამას საქართველოში ჩაშლა არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG