Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრებრენიცაში მომხდარი ბარბაროსობის მეშვიდე წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, 11 ივლისს, შვიდი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბოსნიელმა სერბებმა მამრობითი სქესის 7 000 მაჰმადიანი – მამაკაცები და ბავშვები,

– დახოცეს გაეროს მიერ ”უსაფრთხო ზონად” გამოცხადებულ ქალაქ სრებრენიცასა და მის მეზობელ დასახლებებში, რომელთაც გაეროს მრავალეროვან ძალებში მომსახურე ჰოლანდიელთა ბატალიონი იცავდა. ამ ბარბაროსობის ინიციატორები – რადოვან კარაჯიჩი და გენერალი რატკო მლადიჩი – დღემდე დაუსჯელი რჩებიან.

იმ ავადსახსენებელი მოვლენის მოწმე ათასობით მაჰმადიანი ლტოლვილი დღემდე ვერ ბედავს მშობლიურ სრებრენიცაში დაბრუნებას. დახოცილთა ნათესავები კვლავინდებურად გლოვობენ თავიანთ დაკარგულ მამებს, ქმრებსა და შვილებს.

გასულ პარასკევს, სრებრენიცის იმ ნაწილში, რომელიც უმეტესწილად ბოსნიელი სერბებითაა დასახლებული, 100-მდე მაჰმადიანი ღვთისმსახურებას დაესწრო თეთრ მეჩეთში, რაც პირველად მოხდა შვიდი წლის წინანდელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ბოსნიაში განთავსებული ნატოს სამშვიდობო ძალები და ადგილობრივი პოლიცია თვალყურს ადევნებდნენ ღვთისმსახურებას, რომელმაც ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მაგრამ თავიანთ ომამდელ სახლებს სრებრენიცასა და მის მიმდებარე დასახლებებში დღეისათვის ძალზე ცოტა მაჰმადიანი დაუბრუნდა.

შეერთებული შტატების მთავრობამ და ბოსნიის ადამიანის უფლებებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ორშაბათს 2,5 მილიონი დოლარის ფონდი დააარსეს სრებრენიცაში 4 000-მდე ლტოლვილის დასაბრუნებლად. მოაწერა რა ხელი შეთანხმებას ხსენებული ფონდის დაარსების შესახებ, შეერთებული შტატების ელჩმა სარაევოში კლიფორდ ბონდმა განაცხადა: [კლიფორდ ბონდის ხმა] ”ვიცით, რომ სრებრენიცაში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი ხანგრძლივია და ამის მიზეზი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია. ვიმედოვნებ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა და მისი განხორციელება დააჩქარებს რეგიონში ლტოლვილთა დაბრუნებას. და შეერთებულ შტატებს დიდად ეამაყება, რომ შეძლო ამ პროექტში მონაწილეობა.”

ორშაბათს ნატოს მრავალეროვანმა ძალებმა ბოსნიელი სერბი მიროსლავ დერონიჩი გასასამართლებლად გადასცა გაეროს ეგიდით ჰააგაში მოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალს. ტრიბუნალის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დერონიჩს ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა სერბების ადმინისტრაციაში 1995 წელს, როცა სრებრენიცა სერბმა მებრძოლებმა აიღეს. რაც შეეხება ბოსნიაში მომხდარ ბოროტებათა მთავარ ინიციატორებს – რადოვან კარაჯიჩსა და რატკო მლადიჩს – ისინი დღესაც თავისუფლებით ტკბებიან. ბოსნიის პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ნატოს მრავალეროვან ძალებს ოპერაცია აქვს დაგეგმილი მომავალ კვირაში რადოვან კარაჯიჩის შესაპყრობად.

გასულ აპრილს ჰოლანდიის ომის დოკუმენტაციის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება სრებრენიცაში 1995 წლის ივლისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიურმა ბატალიონმა ”დაჩბატმა” ვერ შეძლო მაშინ მაჰმადიანი მოსახლეობის დაცვა. მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი ვიმ კოკი და, მასთან ერთად, მთავრობის მთელი კაბინეტი გადადგნენ.

ვიმ კოკის მთავრობის გადადგომას დადებითი რეაქცია მოჰყვა როგორც თავად ჰოლანდიაში, ისე საზღვარგარეთ. მიმომხილველები წერდნენ: ”ეს არის მისაბაძი მაგალითი იმისა, როგორ უნდა აღიარონ პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი შეცდომებიო”.
XS
SM
MD
LG