Accessibility links

logo-print

რა დოზით ერევა სახელმწიფო ეკონომიკაში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თეორეტიკოსები დღემდე მსჯელობენ სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში და იმაზე, თუ რა დოზით უნდა ფიგურირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთოდ, მეურნეობაში.

ამ თეორიების მიხედვით ხდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის პოლარიზება მემარცხენეებად და მემარჯვენეებად. აღნიშნული თეორიების პრაქტიკული მნიშვნელობა აქტუალურია საქართველოსთვისაც. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორ ერევა სახელმწიფო ქართულ ეკონომიკაში.

მსოფლიო ეკონომიკის ისტორია იცნობს სამი ტიპის ეკონომიკურ სისტემას: ტრადიციულს, ანუ არქაულს, მბრძანებლურს, ანუ ისეთს, როგორის მოწმენიც სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ვიყავით, და თავისუფალს, როგორიც გვინდა ამჟამად ავაშენოთ. მოხდა ისე, რომ საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში საკუთარ ზურგზე გამოსცადა ორი სისტემის სიავკარგე. ახლა საბაზრო ეკონომიკის გზას დავადექით, მაგრამ მხოლოდ დეკლარაცის დონეზე, რეალურად კი, ამჟამად ჩვენში არსებული ეკონომიკური მოდელი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის თავისუფალი ბაზრისგან. შესაბამისად, საბჭოური მბრძანებლური ეკონომიკისაგან განსხვავებით, ამ ტიპის ეკონომიკაზე მსჯელობა, საქართველოს მაგალითის მიხედვით, სრულყოფილი ნამდვილად ვერ იქნება.

რა როლს ასრულებს სახელმწიფო, ანუ მთავრობა, ეკონომიკაში?

მიღებული აზრის თანახმად, რაც უფრო ნაკლებად ერევა მთავრობა ეკონომიკაში, მით უფრო მეტად თავისუფალი და სწრაფად განვითარებადია ეკონომიკა. მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფუნქციები, რომელიც სწორედ სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, რადგან, ობიექტურად, კერძო ბიზნესს ამ ფუნქციების შესრულება გაუჭირდება.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ამგვარ ფუნქციებს წარმოადგენს: საბაზრო სისტემის დაცვა, ანუ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ანტიმონოპოლიური აქტები, კერძო საკუთრების დაცვა და სხვ. მთავრობის ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის საქონლითა და მომსახურებით მომხმარებელთა უზრუნველყოფა, ანუ თავდაცვა, პოლიცია, გზები, აეროპორტები, სანიტარული კონტროლი, ქუჩების განათება და ა.შ.

მთავრობამ უნდა იტვირთოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება და ეკონომიკის სტაბილიზაციაზე ზრუნვა.

ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა ამ ფუნქციებს მეტ-ნაკლები წარმატებით ასრულებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს იმ მიზნების განხორციელებას, რაც მას აკისრია, სამაგიეროდ, აქტიურად ერევა იმ სფეროში, სადაც მთავრობას არაფერი ესაქმება. მაგალითად, საბაზრო სისტემის დაცვის მაგივრად, იგი ხშირ შემთხვევაში, პირიქით, თავად გვევლინება ამ სისტემის მტრად, სოციალური ხარჯების გაწევისა და დაუცველ ფენებზე ზრუნვის ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას. კანონის დაცვის ნაცვლად, თავად არღვევს კანონს, უსაფრთხოების გარანტად ყოფნის ნაცვლად, თავად უქმნის უპირველეს საფრთხეს საკუთარ მოქალაქეებს.

მთავრობა ეკონომიკაში უნდა ერეოდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული დოზით და მხოლოდ იმ სფეროში, რომელშიც აუცილებელია ჩაერიოს, გამომდინარე თავისი ფუნქციებიდან.
სახელმწიფო ბიზნესს უნდა უქმნიდეს თავისუფალ გარემოს, დანარჩენ საკითხებს თავად ბაზარი არეგულირებდეს. ჩვენს შემთხვევაში კი ხშირად სწორედ სახელმწიფო უკარნახებს ბაზარს პირობებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG