Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ბიზნესმენის გატაცება და კორუფციის პრობლემა საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებში


18 ივნისს საქართველოში მოღვაწე ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცების ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებისა და პრესის ყურადღების საგნად რჩება.

თითქმის ერთთვიანი ოპერატიული ღონისძიებების მიუხედავად, პიტერ შოუს ადგილსამყოფლისა და გამტაცებელთა ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა, მიმომხილველებსა და ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კიდევ ერთი უცხოელი ბიზნესმენის გატაცება საქართველოს ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის პირდაპირი შედეგია. სწორედ კორუფციისა და ადამიანთა გატაცების ურთიერთკავშირს ეძღვნება პოპულარულ საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში", ოთხშაბათს გამოქვეყნებული კენ სტირის სტატია, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოში ბოლო ხანს გახშირებული ადამიანთა გატაცებები, შესაძლოა, უშუალოდ უკავშირდებოდეს სამართალდამცველ სტრუქტურებს, როგორც იტყვიან, არახალია, მაგრამ ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებამ ეს ვერსია კიდევ უფრო გააძლიერა. ასეთი ეჭვის მთავარი მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნიღბიანი გამტაცებლები, რომლებიც, თბილისის ცენტრში, ბრიტანელ ბიზნესმენს ძალის გამოყენებით მანქანაში ტენიდნენ, პოლიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. ხოლო ამ ფაქტის შემსწრე პოლიციის პატრულს, როგორც საქართველოს პრესა წერს, ძალადობის აღკვეთა არც უცდია.

ამასთან, გატაცების ფაქტმა საქართველოს მთავრობის შიგნით ურთიერთბრალდებების ტალღა ააგორა. 25 ივნისს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პიტერ შოუს გატაცებაში, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი პირი იყოს გარეული. იგივე მოსაზრება განავითარა პირველ კომენტარებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელმაც მომხდარი შეაფასა, როგორც "დამანშავეთა სამყაროსა და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის მომხდარი კოლიზიის შედეგი".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხშირად უხდება ბრალდებების მოსმენა მის სტრუქტურებში ფესვგამდგარი კორუფციის შესახებ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ეხება. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ"რუსთავი-2"-ის ეთერით ნაჩვენები ფარული კამერით გადაღებული კადრები, რომელზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ გადასცემს სარეალიზაციოდ ჰეროინს ერთ-ერთ კომპანიონს სამინისტროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის პასუხისმგებელი წარმომადგენელი კოტე ყურაშვილი.

ამასთანავე, ყოველი ახალი გატაცების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სიტყვით ხშირად გამოთქვამს წუხილს და აცხადებს, რომ გააუმჯობესებს უსაფრთხოების სისტემას და დაუპირისპირდება კორუფციას. თუმცა, ადგილობრივი ანალიტიკოსები უნდობლად ეკიდებიან საქართველოს პრეზიდენტის ყოველ ასეთ გამოსვლას. "შევარდნაძე იმდენად აკონტროლებს პოლიციას, რამდენიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის საკმარისი დანაშაულის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის დასაწყებად", აცხადებს კრიმინოლოგი გიორგი ღლონტი.

მიმომხილველთა თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითისთვის: ყოველთვიური საშუალო ხელფასის ოდენობა პოლიციაში 30 დოლარს შეადგენს და საკმაოდ ხშირია ამ მიზერული თანხების დაგვიანების შემთხვევები.

ასეთი მიდგომის პირდაპირი შედეგია ის, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები საქართველოში ადეკვატურად არ რეაგირებენ მომხდარ დანაშაულებზე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 18 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოეთის ოთხი მოქალაქე გაიტაცეს, ორი მოკლეს, ხოლო რამდენიმე მათგანზე სერიოზული თავდასხმა განხორციელდა. თუმცა, ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუქარის ქვეშ მყოფი უცხოელი მოქალაქეების საჩივარი გაცილებით მეტია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ისინი, პოლიტიკური მოსაზრებებით, დღის სინათლეზე არ გამოაქვს.

პიტერ შოუს გატაცებამ მოთმინების ფიალა აუვსო საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს. ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, თუ შოუ ივლისის შუა რიცხვებამდე არ გაათავისუფლეს, ისინი იძულებული გახდებიან, შეაჩერონ საქართველოსთვის გამოყოფილი 45 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პროგრამა. ცხადი ხდება, რომ ევროკავშირს აღარ სჯერა საქართველოს ხელისუფლების დაპირებებისა და იგი შედეგს ელოდება. ხოლო ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისრის ქრის პატენის 24 ივნისით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული ვითარება აფერხებს "ნორმალურ ურთიერთობებს" საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG