Accessibility links

logo-print

საქართველოს კომერციული ბანკების პრობლემატიკა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “კომერციული ბანკების შემოსავლები და მათი ფორმირების სპეციფიკა” - ასე ჰქვია კახაბერ ჯაყელისა და გიგა გველესიანის სტატიას,

რომელიც “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 68-ე ნომერშია გამოქვეყნებული. გაგაცნობთ ამ ნაშრომის ზოგიერთ ფრაგმენტს.

სტატიაში ნათქვამია, რომ “საქართველოს კომერციული ბანკების სექტორმა 2001 წელი მოგებით დაასრულა. მართალია, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებზე ბანკებმა 39,3 მილიონი ლარი იზარალეს, მაგრამ ამ თანხის კომპენსირება მოხდა უცხოურ ვალუტაზე განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების ხარჯზე, რომელმაც 52,2 მილიონი ლარი შეადგინა. ამდენად, საბანკო სისტემის მოგება, მთლიანობაში, 13,3 მილიონ ლარს გაუტოლდა.

წმინდა მოგების მოცულობის მიხედვით, კომერციული ბანკების სიაში პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, რომლის წმინდა მოგებამ 11 მილიონ 299 ათასი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა “საქართველოს საზღვაო ბანკი” – 6 მილიონ 632 ათასი ლარი, მესამეზე კი – “თიბისი ბანკი” –4 მილიონ 493 ათასი ლარი”.

ავტორები აღნიშნავენ, რომ “კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციები სულ უფრო დახვეწილ სახეს იღებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელიც მიზნად ისახავდა საბანკო სექტორის საიმედოობის გაუმჯობესებას და შედარებით სტაბილური ვითარების დამკვიდრებას, გამოიღო გარკვეული შედეგები”.

ამასთან ერთად, სტატიაში ნათქვამია, რომ “ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პირობების გამო კომერციულ ბანკებს უძნელდებათ სრულფასოვანი ფუნქციონირება და მაქსიმალური შემოსავლების მისაღებად საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება. მაშინ, როცა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა მრეწველობის დარგში და საკმაოდ გაძნელებულია საკრედიტო საქმიანობის მაღალი ეფექტიანობით წარმართვა, კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებული ოპერაციები ხშირად ვაჭრობის სფეროზე მოდის. გარდა ამისა, კომერციული ბანკები საკმაოდ კარგ შემოსავლებს იღებენ ფულადი გზავნილების საშუალებით. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მუშაობს და იქიდან აგზავნის ფულს ოჯახის შესანახად”.

“სამწუხაროდ, საქართველოში სათანადოდ ვერ ვითარდება სამომხმარებლო კრედიტებით სარგებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ბანკების შემოსავლების ზრდას. გარდა ამისა, საკმაოდ მცირეა კომერციული ბანკების ინტერესი გრძელვადიანი სესხების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული”.

სტატიის მიხედვით, “ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა ბანკებში განთავსებულ დეპოზიტთა მოცულობა, რაც დადებითი მომენტია, ვინაიდან საბანკო სექტორისადმი ნდობის ეტაპობრივად აღდგენაზე მიუთითებს”.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, “კომერციული ბანკების მოგება-ზარალის სტრუქტურის გადახედვა გვიჩვენებს, რომ საპროცენტო შემოსავლები ორჯერ აღემატება არასაპროცენტო შემოსავლებს. საპროცენტო შემოსავლებში კი უმეტესი ნაწილი უჭირავს საპროცენტო შემოსავლებს სესხებიდან”.

სტატიაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ “შარშან მკვეთრად გაიზარდა ბანკების საქმიანობის მთავარი შედეგი, ანუ მოგება. აღსანიშნავია, რომ ამ მოგების უმეტესი ნაწილი ათ წამყვან კომერციულ ბანკზე მოდის და, ამ მხრივ, ლიდერობას ისევ “საქართველოს ბანკი” ინარჩუნებს”.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა თქმით, “თუ მოხდება კომერციული ბანკების მენეჯმენტის სრულყოფა და დაიხვეწება სხვადასხვა საბანკო რისკთან დაკავშირებული მუშაობა მათი გაუვნებელყოფის მიზნით, მაშინ კომერციული ბანკების მოგება კიდევ უფრო გაიზრდება”.
XS
SM
MD
LG