Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შესრულდა საქართველოს 6 თვის ბიუჯეტი


საქართველოს ბოლო 5 თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს გადაყენებითაც კი დაემუქრა.

10 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ჯორბენაძის მუქარის მისამართი შეიცვალა და კრიტიკა თავს დაატყდა ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს. 11 ივლისს კი ფინანსთა სამინისტრო კრიტიკის მოგერიებას შეეცადა და ბიუჯეტის შეუსრულებლობა სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ მუშაობას გადააბრალა.

მთავრობის სხდომაზე, მიმდინარე ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო, ყველაზე მეტი საყვედური ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს ერგო, თუმცა ის, სულ ორიოდე თვეა, რაც მინისტრის პოსტზე დანიშნეს. ამ 2 თვეში წინა 4 თვის ჩავარდნის შევსებას ყველაზე ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ გოგიაშვილს პასუხი მაინც მოსთხოვეს. ამ გამოწვევას გოგიაშვილის უწყებამ 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უპასუხა და 2002 წლის ბიუჯეტის 6 თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფროსმა იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ:

[ზაუტაშვილის ხმა] „პოზიტიური ფისკალური შედეგები ძირითადად გადასახადების მობილიზაციის სრულყოფითა და ადმინისტრირების გაძლიერების ხარჯზე არის მიღწეული. წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული არის 207,7 მილიონი ლარი. საგეგმო პარამეტრი გადაჭარბებით, ანუ 100,8%-ით, იქნა შესრულებული. აკრეფილია გეგმიურზე 1,7 მილიონი ლარით მეტი.“

უმნიშვნელო ჩავარდნაა ცენტრალურ ბიუჯეტში: იგი 99,6%-ით შესრულდა და მხოლოდ 400 ათასი ლარი დააკლდა, რაც აქციზური საქონლის ნაკლებობამ გამოიწვია.

ბიუჯეტის მაჩვენებლებში არასოლიდურად გამოიყურება უცხოური გრანტების ნაწილი. ძირითადად, სწორედ ის განაპირობებს ბიუჯეტის ჩავრდნას. მიმდინარე წლის 6 თვეში დაგეგმილი იყო 37,3 მილიონი ლარის გრანტის ათვისება, რეალურად კი საქართველომ დღემდე მხოლოდ 1,6 მილიონი ლარი მიიღო. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვასილ გიგოლაშვილმა ჩემთან საუბარში გრანტების მიუღებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პიტერ შოუს გატაცების ფაქტი დაასახელა.

[გიგოლაშვილის ხმა] „პირდაპირ არ უკავშირებენ იქედან მოწერილი წერილებით მაგ საკითხს, მაგრამ ირიბად, ვატყობთ, რომ აქვს რაღაც გარკვეული კავშირი. აი, მაგალითად, ჰოლანდიიდან გრანტი უნდა შემოსულიყო კარგა ხნის წინ. მთავრობის გამო, მსოფლიო ბანკთან ვითომ შეთანხმება უნდოდათ, იქედან მოსული წერილებიდანაც ტექნიკურ საკითხებზე აკეთებენ აქცენტის გადატანას და, საბოლოო ჯამში, ის არის, რომ ვერ მივიღეთ ეგ გრანტი.“[სტილი დაცულია]

ამის გარდა, არის ადგილობრივი პრობლემებიც, მაგალითად, აჭარიდან თანხების გადმორიცხვის საკითხი და სახელმწიფო ფონდებში, ბიუჯეტის გვერდის ავლით, საფინანსო ოპერაციების განხორციელება. თუმცა ამ ფაქტებს უკანონობად არავინ მიიჩნევს და იმის დასამტკიცებლად იყენებენ, რომ ბიუჯეტი, საერთო ჯამში, შესრულებულია.

[გიგოლაშვილის ხმა] „საერთო შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტისა, გრანტების ჩათვლით, არის 86%. თუ გრანტებს გამოვაკლებთ და მარტო საკუთარ შემოსავლებს ვიანგარიშებთ და, საერთო ჯამში, კონსოლიდირებულ ბიუჯეტს ავიღებთ, ბიუჯეტი 6 თვისა შესრულებულია.“

ამ მტკიცებას აქარწყლებს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის განცხადება. მან თავდაცვის საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს ფინანსთა სამინისტრომ 4 მილიონი ლარი დააკლო. ეს ხარჯები გრანტებით არ ფინანსდება, რაც ცხადყოფს, რომ ადგილობრივი შემოსავლების მობილიზებაც ვერ ხდება საფინანსო გეგმის მიხედვით და ბიუჯეტი მხოლოდ სიტყვიერად ან კიდევ ქაღალდზე სრულდება.
XS
SM
MD
LG