Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდება თუ არა ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტმა კვლავ აქტუალური გახადა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თემა.

რუსეთის ხელისუფლება ღიად გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს პანკისის ხეობაში თავშეფარებული ჩეჩენი და არაბი მებრძოლების სადამსჯელო ოპერაციაში. ოფიციალური თბილისის განცხადებით, მას შესწევს ძალა, თავად დაამყაროს წესრიგი თავის ტერიტორიაზე.

11 ივლისს პრეზიდენტ შევარდნაძისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმირ რუშაილოს შეხვედრა, დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, 2 საათი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მზადდება და უახლოეს ხანში შედგება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა, რომ პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარება ორივე ქვეყნის ინტერესშია და რუსეთი და საქართველო განაგრძობენ თანამშრომლობას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხერხებით უნდა მოგვარდეს პანკისის ხეობის პრობლემა, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ კვლავინდებურად განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. რუსეთის ხელისუფლება კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ პანკისში გამაგრებული ჩეჩენი საველე მეთაურების წინააღმდეგ საქართველო დამოუკიდებლად ვერაფერს გააწყობს და მხოლოდ რუსეთის არმიის დახმარებით არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება. რუსული ელექტრონული გაზეთი “გაზეტა რუ” რუსი სამხედროების მიერ პანკისის ხეობის პრობლემის გადაჭრის გეგმას ასე წარმოადგენს: 50-კილომეტრიანი ხეობის ალყაში მოქცევა რუსეთისა და საქართველოს მხრიდან, სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება და დევნილთა ბანაკების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნა.
ბუნებრივია, საქართველო ვერ დაუშვებს მის ტერიტორიაზე შეიქმნას კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად კავკასიური მასშტაბის ომში გადაიზრდება. დასავლელი ექსპერტები ჯერ კიდევ 4 წლის წინ აფრთხილებდნენ ოფიციალურ თბილისს, რომ არსებობს ჩეჩნეთის ომის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის საშიშროება. დღეს რუსეთი პოზიციას ოდნაც იცვლის – გავრცელდა არაოფიციალური ცნობა, რომ ვლადიმირ რუშაილომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე ქართველ კოლეგებს პანკისის ხეობის ოპერაციაში მესამე მხარის ჩართვის ინიციატივა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებამ საქართველოს მხარე ვერ მოხიბლა. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე გამორიცხავს პანკისის ხეობაში რაიმე ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას. მისი განმარტებით, საქართველოს შესწევს უნარი, თავად მოაწესრიგოს ეს პრობლემა, მით უფრო, ახლა, როცა, აშშ-ის მიერ მომზადებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს კარგად მომზადებული ანტიტერორისტული ქვედანაყოფები ეყოლება.
თუმცა რუშაილო მოსკოვში, ასე ვთქვათ, ხელცარიელი მაინც არ ბრუნდება. 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თანახმაა, მანდატის ვადა გაუგრძელდეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს. შეგახსენებთ: აქამდე საქართველოს ხელისუფლება მანდატის შეცვლას აყენებდა მისი გაგრძელების პირობად.
XS
SM
MD
LG