Accessibility links

logo-print

ვინ აწყობს შეთქმულებას საპატრიარქოს წინააღმდეგ?


“აღორძინების კავშირის” ახალი წევრის ჯონდი ბაღათურიას ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ სათანადო

სერიოზულობით არ იქნა აღქმული არც საპატრიარქოსა და არც საზოგადოების მიერ. ამის მიუხედავად, თავად ბაღათურია ინფორმაციას უტყუარს უწოდებს და, შესაბამისად, ირწმუნება, რომ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, ერთ-ერთი დაჯგუფებისგან მსხვილი დაფინანსება მიიღო.

ჯონდი ბაღათურიამ თბილისის საკრებულოში მოღვაწეობის რამდენიმე წლის მანძილზე, პირდაპირი მნიშვნელობით,მყვირალა პოლიტიკოსის სახელი მოიხვეჭა, თუმცა ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროვოკაციის დამკვეთი დაჯგუფების ვინაობის დასახელებისაგან იგი რატომღაც კატეგორიულად იკავებს თავს. ამას კი იმით ხსნის, რომ ინფორმაციას მტკიცებულებები არ აქვს და, ამდენად, კონკრეტიკა არამიზანშეწონილი იქნება.
მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ არაფერია ცნობილი საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნისთვის, გიორგი ანდრიაძისთვის, რომელიც, არსებითად, ამგვარი პროვოკაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს:
[გიორგი ანდრიაძის ხმა]“ზოგადად, რაც შეეხება ასეთ ფაქტს ან ასეთ მოვლენას, შეიძლება, საერთოდ, ადგილი ჰქონდეს, ალბათ. კონკრეტული ინფორმაცია ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციები არსებობს, ბუნებრივია, სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი ორგანიზაციები და ისინი ოპონირებას უკეთებენ ხოლმე მის საწინააღმდეგო პოზიციას. და ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან შეინიშნება ახლა ასეთი ტენდენციები და ჩვენ არ გვინდა ამას იარლიყივით მივაწებოთ გამიზნული ბრძოლის იარლიყი, რომ ის გამიზნულად ებრძვის ამა თუ იმ იდეოლოგიას.”[სტილი დაცულია]
გაურკვევლობა ეჭვის მყარი საფუძველია და ეჭვი კი, რასაკვირველია, ცუდი მეგზურია, საერთოდ , - ცუდია ის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. თუმცა ჯონდი ბაღათურია პროვოკაციის მზადებაში ეჭვმიტანილ ორგანიზაციას არ ასახელებს, მაგრამ მაინც მიგვახვედრებს, ვისზეა საუბარი. კვალში ჩადგომა იქით იყოს და, პროვოკატორების ძებნის ენთუზიაზმს მაინცდამაინც არც საპატრიარქოში ამჟღავნებენ:
[გიორგი ანდრიაძის ხმა]“ჩვენ ასეთი სტრუქტურები არ გაგვაჩნია და საამისო პიროვნებებიც არ გაგვაჩნია, რომ ასეთ ინფორმაციას სხვა ხერხებით იძიებდეს. თუ ის ორგანიზაცია რაღაცა ფორმით არ დააფიქსირებს თავის გამიზნული ბრძოლის ტენდენციას, ან არ განაცხადებს ამას, ან არ შეგვატყობინებს, გნებავთ დაფარული ან წერილობითი საშუალებით, ჩვენ არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია , რაღაცნაირად მოვიძიოთ კონფიდენციალური ინფორმაცია.”[სტილი დაცულია]
ჯონდი ბაღათურია ამჟამად მტკიცებულებებს აგროვებს იმ ინკოგნიტო არასამთავრობო ორგანიზაციის სამხილებლად, რომელსაც, მისი თქმით, ქართველ მართლმადიდებლებში ნიჰილიზმის დათესვის მიზნით, ქვეყნის გარედან დაუკვეთეს საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს დისკრედიტაცია.
XS
SM
MD
LG