Accessibility links

logo-print

ეროვნული თანხმობის მიღწევის იდეა და კულუარული განზრახვები - რატომ არ უშვებენ ციხიდან ირაკლი დოკვაძეს და პეტრე გელბახიანს


2000 წლის აპრილიდან მოყოლებული, პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიამ 527 საქმე შეისწავლა და შეწყალების კომისიას არაერთი მსჯავრდებულის შეწყალების რეკომენდაცია შესთავაზა.

ამავე კომისიამ აღმოაჩინა გადამეტებები 40 მსჯავრდებულის საქმეში - მათ შორის, პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის საქმეშიც - და პარლამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლითაც სასამართლოს აღნიშნული საქმეების ხელახლა განხილვა დაევალა. სასამართლომ დოკვაძეს და გელბახიანს 20 წლიანი პატიმრობა 12 წლისა და ექვსი თვის პატიმრობით შეუცვალა. ორივე მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის დიდი ნაწილი - პრაქტიკულად, სამი მეოთხედი - და ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლებას ექვემდებარებიან. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ ირაკლი დოკვაძეს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. რატომ არ უშვებენ პეტრე გელბახიანს და ირაკლი დოკვაძეს ციხიდან? ეს საკითხი, შევეცადე, პარლამენტის ეროვნული თანხმობის კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან, საუბარში გამერკვია.

ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი ათი წლის წინ დააპატიმრეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს. ისინი დამნაშავედ ცნეს თბილისში, ხილიანის ქუჩაზე, მომხდარი ტერ.აქტის ორგანიზებაში, თუმცა არც გელბახიანს და არც დოკვაძეს დანაშაული არ უღიარებია. აქვე შეგახსენებთ, რომ ხილიანის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის, ბავშვიც.

პეტრე გელბახიანს და ირაკლი დოკვაძეს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი, მიუსაჯეს და ეს შემდეგნაირად მოხდა: გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ სახელმწიფო საბჭომ აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც სიკვდილით დასჯას არ ცნობდა. ხილიანის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სასჯელის უმაღლესი ზომის ასამოქმედებლად მაშინდელ ხელისუფლებას სპეციალური ნორმატიული აქტის მიღება მოუხდა. დოკვაძემ და გელბახიანმა 2 წელიწადზე მეტი სიკდილმისჯილთა კამერაში გაატარეს. მოგვიანებით, სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე, ისინი შეიწყალეს და უმაღლესი სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. აქვე შევნიშნავ, რომ იმ პერიოდში საქართველოს კანონმდებლობა 15 წელზე გრძელვადიან პატიმრობას არ ცნობდა.

2000 წელს პატიმრობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა დაიწყეს შიმშილობა, პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნით, და, ამ აქციის ფონზე, საქართველოს პარლამენტში დაიწყო მოძრაობა სამოქალაქო თანხმობისთვის. შეიქმნა კომისია, რომლის საქმიანობის შედეგებიც უნდა გამხდარიყო ერთგვარი წინაპირობა, სამოქალაქო და ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, გაცილებით სერიოზული პროცესის წამოსაწყებად. ამ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა დიდი ნაწილი შეწყალებულ იქნა. პარლამენტის კომისიის წინადადებით, პროკურატურამ გამსახურდიას მომხრე არაერთ ძებნილს მოუხსნა ძებნა და, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ამავე კომისიის ინიცირებით მოხერხდა იმის მიღწევა, რომ სასამართლომ 40 –მდე საქმე ხელახლა განიხილა და ამ საქმეებში უამრავი უსამართლობა გამოავლინა. ირაკლი დოკვაძესა და პეტრე გელბახიანს სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა 12 წელსა და 6 თვემდე ჩამოუყვანა. სულ ეს იყო, რაც ამ ადამიანებმა სამოქალაქო თანხმობის მიღწევის მიზნით წამოწყებული პროცესისგან მიიღეს, ანუ, როგორც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “მათ არ შეეხოთ ეს პროცესი. მე არ ვდაობ იმაზე, სამართლიანი იყო ეს თუ არა. უბრალოდ, ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელის ორ მესამედზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ეგერთ წოდებული, “უდო” ეხებათ, ვინაიდან სასამართლომ თქვა, რომ მათ 20 წელი კი არა, თორმენეტნახევარი უნდა ჰქონოდათ მისჯილი. “უდო” ითვალისწინებს, როგორ იქცეოდა პიროვნება სასამართლოში. თუ კარგად იქცეოდა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ არ უნდა გაითვალისწინოს, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ამის გარჩევა ხომ უკვე მოხდა. გავიდა დოკვაძე “უდოზე” და არ გაათავისუფლეს. მოტივად დასახელდა ის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.”

დავაზუსტებ, რომ ირაკლი დოკვაძეს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი. პეტრე გელბახიანი კი მისთვის მისჯილი სასჯელის სამ მეოთხედს უახლოეს პერიოდში ამოწურავს. ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით სასამრთალოს წინაშე ისიც და ირაკლი დოკვაძეც აგვისტოში წარდგებიან, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ სასამართლო კიდევ ერთხელ იტყვის უარს ამ პირების ვადამდე გათავისუფლებაზე. საქმე ის გახლავთ, რომ ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი უარს ამბობენ შეწყალებაზე, ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, ამ ადამიანების შეწყალებას ანიჭებს უპირატესობას. პრეზიდენტმა ახლახან შეიწყალა უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული პირები. დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძის თქმით, “ეს შეწყალება პოლიტიკური მიზნებით კულუარულ გარიგებას ჰგავს და საერთო არა აქვს სამოქალაქოს თანხმობის მიღწევის იდეასთან.”

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “მე ვიცი, როგორ მიმდინარეობს ეს კულუარული შეთანხმებები, რა დიდი მისვლა-მოსვლაა ხოლმე, სანამ ციხიდან გამოუშვებენ, რა გარანტიებზე არის საუბარი და ასე შემდეგ. ძალიან აქტიური იყო მცდელობა გელბახიანთან და დოკვაძესთანაც, შემდგარიყო ეს საუბარი, მათ უარი განაცხადეს და ამიტომაც სხედან. მათ თქვეს: ჩვენ გვეკუთვნის “უდო”; გამომიშვებ - გამომიშვებ, არ გამომიშვებ – ესეც შენი ნებაა. ასეთია მათი პოზიცია.”

ვასილ მაღლაფერიძის აზრით, ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს გელბახიანსა და დოკვაძეზე ზეწოლის ბერკეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ამ ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი ასეთ პირობაზე არ თანხმდებიან. მათ სასჯელის სრულად მოხდამდე 2 წელი რჩებათ და, როგორც პეტრე გელბახიანის დედამ გვითხრა, არ იტყვიან უარს პრინციპებზე, რომელიც10 წლის მანძილზე შეინარჩუნეს.
XS
SM
MD
LG