Accessibility links

logo-print

ბუში სამშობლოს დაცვის სამინისტროს შექმნას მოითხოვს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა როცა როცა შეერთებული შტატები ომს იწყებს, თავის ჯარებს ის საზღვარგარეთ აგზავნის. მაგრამ ტერორთან ბრძოლა მას საკუთარ სახლში უხდება.

ამერიკის მიწა-წყლის დასაცავად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახალი უწყების – საშინაო უშიშროების დეპარტამენტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამ იდეისთვის ლობის შესაქმნელად ბუშმა კონგრესში კაბინეტის ოთხი ყველაზე გავლენიანი მინისტრი მიავლინა.

დღეს ამერიკის დაცვა ტერორისტებისგან 22-რ სხვადასხვა უწყებას ევალება. ბუშს სურს, რომ ყველა ამ უწყების ან თუნდაც მათი ნაწილის მოქმედების კოორდინირება ერთმა დეპარტამენტმა განახორციელოს. ბუშის წინადადებით, დეპარატამენტის თანამშრომელთა რიცხვი 170 ათასი იქნება, ხოლო საწყისი წლიური ბიუჯეტი – 38 მილიონი დოლარი.

ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის ახლად დაარსებულ საშინაო უსაფრთხოების კომიტეტში მოეწყო მოსმენა ამ წინადადების გარშემო. კომიტეტში გამოვიდნენ სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ფინანსთა მინისტრი პოლ ო’ნილი და იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა და კომიტეტის თავმჯდრმარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან დიკ არმიმ სხდომა გახსნა სიტყვებით: “ასეთი მაღალი რანგის კაბინეტის ოთხი წევრის მიღების პატივი იშვიათად გვაქვსო”.

რამსფელდი დაესწრო მოსმენას, მიუხედავად იმისა რომ შეუძლოდ იყო, ხოლო ო’ნილმა მოსმენის გამო გადადო თავისი მოგზაურობა უკრაინაში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და საქართველოში.

შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 35 მილიონი სტუმარი ჩადის, მათ შორის ასობით ათასი იმ ქვეყნებიდან, სადაც, როგორც ფიქრობენ, ოსამა ბინ ლადენის ალ-ყაიდის ქსელი მოქმედებს.

ახალი დეპარატამენტის შექმნის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურს უჭირს სტუმრებისთვის თვალყურის მიდევნება. მით უმეტეს, რომ ამერიკაში შესასვლელ ვიზებს გასცემენ საელჩოები და საკონსულოები, რომლებიც სხვა უწყებას – სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნიან. ამ ორი დეპარტამენტის თანამშრომლობა ყოველთვის კარგად კოორდინირებული არ არის.

საკომიტეტო მოსმენაზე გაირჩა საკითხი, უნდა დაევალოს თუ არა საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს ვიზების მიღების მსურველთა შემოწმება და, ამერიკაში მათი მოხვედრის შემდეგ, მათზე მეთვალყურეობაც.

ამ პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა მას შემდეგ, რაც ამას წინათ ატყდა სკანდალი კატარში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ უკანონოდ გაცემული ვიზების გარშემო. დაკავებულ იქნა 31 ადამიანი: იორდანიის25, პაკისტანის 5და სირიის ერთი მოქალაქე. მათ წაუყენეს აშშ-ის ვიზის უკანონოდ შეძენის ბრალდება, თითო ვიზისა13 ათას დოლარად.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულთაგან სამის შესახებ არსებობს ეჭვი, რომ მათ ჰქონდათ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტები მოაწყო, თუმცა ტერორისტული აქტების დაგეგმვაში მათ არ ადანაშაულებენ.

კიდევ ერთი პრობლემის შესახებ ეშკროფტმა ილაპარაკა. მან გაიხსენა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მოქმედების შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა 11 სექტემბრამდე, აძნელებდა ტერორიზმში ეჭმიტანილების საქმეთა გამოძიებას.

მას შემდეგ ბიურომ მიიღო უფრო ფართო უფლებამოსილება გამოძიების საქმეში, მათ შორის ტერორიზმში ეჭვიმიტანილებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარების მხრივ.

სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები თვლიან, რომ ბიუროსთვის მინიჭებული ახალი უფლებებამოსილება ძირს გამოუთხრის ამერიკელი მოქალაქეების თავისუფლებებს.

ეშკროფტი ამბობს, რომ ახალ ვითარებაში საჭიროა მართლმსაჯულების ახალი კულტურის შექმნა, ბალანსირება ტერორიზმთან ბრძოლასა და თავისუფლებების შენარჩუნებას შორის.

ჯერჯერობით ნათელი არ არის, როდის, ან რა ფორმით განხორციელდება ბუშის წინადადება. ამას წინათ წარმომადგენლთა პალატამ ბუშის პოზიციას ანგარიში არ გაუწია და ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პილოტებს იარაღის ტარების უფლებას აძლევს. მსგავს კანონპროექტს სენატიც იხილავს. კანონპროექტს აქტიურად უჭერს მხარს პილოტთა კავშირი, რომლის აზრით, რაკი აეროპორტების დაცვის თვალსაზრისით ბევრი რამ დასახვეწია, მფრინავებს თავდაცვის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG