Accessibility links

logo-print

შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ბარსელონაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს, 12 ივლისს, ბარსელონაში მუშაობა დაასრულა შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილმა მე-14 საერთაშორისო კონფერენციამ. წინა დღით ფორუმის მონაწილეთა შორის გაჩაღდა კამათი იმის გარშემო,

შეაქვს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას სათანდო წვლილი შიდსთან ბრძოლის საქმეში.

როცა შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრმა ტომი ტომსონმა სიტყვის წარმოთქმა დააპირა, მას შეეგებნენ შეძახილებით “სირცხვილი, სირცხვილი!” მეპროტესტეების აზრით, ვაშინგტონს შიდსის ფონდში არაპროპორციულად მცირე თანხა შეაქვს.

ექსპერტთა შეფასებით, შიდსთან ბრძოლას წელიწადში 10 მილიარდი დოლარი სჭირდება. აქტივისტები მოითხოვენ, რომ აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც შიდსისგან ყველაზე მეტად არიან დაზარალებული (იქ 30 მილიონზე მეტი ადამიანი შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული) აპატიონ საერთაშორისო ვალები; რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო ხელგაშლილად მიიღოს მონაწილეობა შიდსთან ბრძოლის პროგრამებში; რომ ფარამცევტულმა ფირმებმა (მათი უმრავლესობა ხომ აშშ-ის კომპანიებია) უარი თქვან შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების საპატენტო უფლებებზე მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის განკუთვნილი წამლების გაიაფების მიზნით.

მეპროტესტეებს არ უხსენებიათ ამ ქვეყნებისთვის ვალების შემსუბუქების ინიციატივები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არაერთხელ გამოთქმულა. არც შეერთებული შტატების მიერ შიდსთან ბრძოლის ფონდში შეტანილი ნახევარი მილიარდი დოლარი გახსენებია ვინმეს.

კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკელმა ეკონიმისტმა ჯეფრი საქსმაც კი გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკის წვლილი საკმარისი არ არის და რომ შეერთებულ შტატებს ფონდში 2,5 მილიარდი დოლარი უნდა შეჰქონდეს.

მეპროტესტეებმა უგულებელყვეს, აგრეთვე, ასობით მილიონი დოლარი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ფარმაცევტულმა ფირმებმა შიდსთან დაკავშირებულ კვლევაში ჩადეს.

რობერტ გალომ, სწავლულმა რომელმაც შიდსი და მისი ვირუსი აღმოაჩინა, კონფერენციაზე თქვა, რომ მეცნიერები სულ მალე შექმნიან შიდსის საწინააღმდეგო აცრის პრეპარატს.

კონფერენციაზე გამოქვეყნებული ზოგიერთი ციფრი თავზარდამცემია. გაეროს ბავშვთა ფონდის – “უნისეფის” ინფორმაციით, 2010 წლისთვის მსოფლიოში შიდსის გამო დაობლდება 42 მილიონი ბავშვი, აქედან მხოლოდ აფრიკაში – 20 მილიონი.

გაეროს ეპიდემიოლოგის პიტერ გისის თქმით, შიდსის სააგენტოები მიიჩნევენ, რომ ობოლთა სახლების ქსელის შექმნის ნაცვლად, უმჯობესია აფრიკის მრავალწევრიანი ოჯახების ტრადიციის გამოყენება: ობლების ასეთ ოჯახებში მოთავსება და ამ ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.

გაეროს შიდსის სააგენტომ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც ვირუსს ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ამ ადამიანების კრიმინალიზაცია სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ამგვარი მიდგომა მხოლოდ ხელს უწყობს მცდარი მოსაზრების დამკვიდრებას, თითქოს შიდსით დაავადებული მსხვერპლი კი არა, ბოროტმოქმედი იყოს.
XS
SM
MD
LG