Accessibility links

logo-print

როდის და რატომ გადადგამს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გადამწყვეტ ნაბიჯს?


მას შემდეგ, რაც ქვეყნის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის შედეგები შეჯამდა, პოლიტიკოსები შემოდგომაზე სერიოზულ კატაკლიზმებს პროგნოზირებენ.

აკაკი ასათიანი, მაგალითად, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე, ფიქრობს, რომ ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სწორედ ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზით, თანამდებობას ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დატოვებს ან დაატოვებინებენ, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც სერიოზული სტრუქტურულ-ეკონომიკური ცვლილებისათვის მზაობას არ ამჟღავნებს, კრიზისის გასანეიტრალებლად სხვა არჩევანი არ ექნება.

აკაკი ასათიანის პროგნოზი თანამდებობიდან ავთანდილ ჯორბენაძის შესაძლო წასვლის თაობაზე, არსებითად, მთავრობის უკანასკნელი სხდომის გამოძახილია და, ამდენად, შევარდნაძე-ჯორბენაძეს შორის გაჩენილი დაძაბულობის ფონზე, რა თქმა უნდა, სენსაციად არ აღიქმება. აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასათიანი ხელისუფლებას კრიზისის დასაძლევად რეცეპტს სთავაზობს, უფრო ზუსტად, სთავაზობსუსისხლო რევოლუციის რეცეპტს.

[აკაკი ასათიანის ხმა]“ცვლილებები ნიშნავს თვითონ ხელისუფლების შეცვლას. ეს არის ძალიან მწარე იმ ხელისუფლებისათვის, რომელიც კორუფციაშია ჩართული და ყოველი სკამი უკავშირდება დიდ თანხას. მაგრამ ეს სჯობია ციხეს. არჩევანი არის უკეთესი, ნამდვილად ჯობია ეს ცვლილებები, ეგებ მშვიდობიანად მიხედონ საქმეს და თავის ოჯახებში დაბრუნდნენ ან თავის ბიზნესში, რომელიც, პარალელურად, ყველა მათგანს აქვე, პრაქტიკულად.”[სტილი დაცულია]

თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასასვლელთა შორის ტრადიციონალისტთა ლიდერი, ძირითადად, ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოიაზრებს, გარდა ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილისა, რომელსაც საყოველთაო წმენდისგან, როგორც ჩანს, ის გარემოება იხსნის, რომ ამ თანამდებობაზე სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. რაც შეეხება ძალოვანებს, მათ აკაკი ასათიანი, ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ახალი პარლამენტის მოწვევამდე უცვლელი სახით დატოვებს. სწორედ ახალი მოწვევის პარლამენტს უკავშირებს აკაკი ასათიანი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას და რეგიონალური პოლიტიკის გატარებას.
[აკაკი ასათიანის ხმა]“ჩვენი წინადადება არის მარტივი ძალიან, რომ მიღებულ იქნას ეს ცვლილებები და ძალაში შევიდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ რას ვგულისხმობთ ჩვენ: გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, კონსტიტუციაში ჩაიწერება და, როცა აირჩევა ახალი პარლამნეტი, აი, უკვე ძალაში შევა ეს და ის უკვე დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს.”[სტილი დაცულია]
აკაკი ასათიანის აზრით, ხელისუფლებას სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით სულ სხვა სცენარი აქვს: ჯერ, ძალთა სავარაუდო სიჭრელისა და დაქსაქსულობის პირობებში, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები; ახალი პარლამენტი, უმრავლესობის არარსებობის გამო, ვერ შეძლებს ცვლილებების გატანას, რის შედეგადაც ყველაფერი ისევე დარჩება, როგორც არის, მიუხედავად იმისა, რომ, დეკლარაციის დონეზე, ხელისუფლება, სხვას რომ თავი დავანებოთ, მინისტრთა კაბინეტის მომხრეა.
ასე რომ, ცხელ ზაფხულში პოლიტიკოსები საქართველოს მოსახლეობას ცხელი შემოდგომისთვის ამზადებენ, თუმცა, როგორც მანამდე, რეალურად, ახლაც არავინ ფიქრობს ხალხზე, რომელსაც პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია მობეზრდა.
XS
SM
MD
LG