Accessibility links

რაზე შეთანხმდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში შეკრებილი პოლიტიკური ლიდერები


თემურ ხაჩიშვილის, გიგა გელაშვილის და გურამ პაპუკაშვილის შეწყალება მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების გაერთიანების მიზეზი ხდება.

ეროვნულ- დემოკრატიული პარტია, “ ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატიული ფრონტი”, ტრადიციონალისტთა კავშირი, გაერთიანებული დემოკრატები და სხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის, ლეიბორისტები, კრიმინალური ხელისუფლების დემონტაჟისთვის ერთობლივ მოქმედებებზე თანხმდებიან. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივის შედეგი ჯერჯერობით ის ერთობლივი განცხადებაა, რომელიც პარასკევს ე.დ.პ - ს ოფისში გააფორმეს.


ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანების ინიციატივით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მრავალჯერ გამოსულა. თუმცა ამ პარტიის ეს ინიციატივა, ტრადიციულად, მემარჯვენე ძალების გაერთიანებისკენ იყო მოწოდებული და ინიციატივის დონეზე დასარჩენად იყო განწირული. შეგახსენებთ ეროვნულ-დემოკრატების და რესპუბლიკელების ალიანსს, რომელიც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა: რესპუბლიკელებმა ე.დ.პ - თან ალიანსს მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასთან “ ერთობა არჩიეს. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანების არაერთგზის ინიციატორი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მარტო დარჩა და ის გაერთიანების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა. ამ შემთხვევაში სიახლეა ის, რომ პოლიტიკური ძალების იდეოლოგიას პრიორიტეტი არ ენიჭება. იმ პირების შეწყალების შემდეგ, რომლებსაც გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზებაშიც დაედოთ ბრალი, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გაერთიანებისკნ და ერთბლივი მოქმედებისკენ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას მოუწოდა.

[ბაჩუკი ქარდავას ხმა] “ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეწყალების აქტი პოლიტიკური ბრძოლისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები გასამართლებულები არიან ისეთი მძიმე ბრალდებით, როგორიც არის პოლიტიკური ტერორი და მკვლელობა. ქვეყანაში რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და ხელი შევუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის, რაოდენ განსხვავებული პოზიციებიც უნდა ჰქონდეთ მათ, ერთად დადგომა და მოქმედების ერთიანი გზების გამოკვეთა.”

ეს განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ბაჩუკი ქარდავამ პარასკევს დილით გააკეთა; მოგვიანებით ე.დ.პ - ს შტაბბინაში განსხვავებული პოზიციებისა და აქამდე ურთიერთდაპირისპრებულ პოლიტიკურ ძალთა ლიდერების შეხვედრა შედგა. “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი”, გაერთიანებული დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ტრადიციონალისტები, სახალხო ფრონტი და ქრისტიან –დემოკრატიული ალიანსი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა გიორგი კობახიძემ წარმოადგინა, ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის გატარებაზე თანხმდებიან. კრიმინალური ხელისუფლების დემონტაჟის მიზნით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანების მცდელობას მხარს უჭერს ლეიბორისტული შრომის პარტიაც, თუმცა, ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილმა, საკუთარი წარმომადგენლის ნაცვლად, მხარდასაჭერი განცხადება გაგზავნა.

ე.დ.პ - ს შტაბბინაში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა დაგმეს შეწყალების აქტის პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოყენება, აღნიშნეს, რომ თემურ ხაჩიშვილის, გიგა გელაშვილის და გურამ პაპუკაშვილის შეწყალებით ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ვითარების კრიმინალიზაციაზე წავიდა და მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც დაადასტურეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ კრიმინალური ხელისუფლების დემონტაჟის მისაღწევად. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამორიცხული, აქამდე მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ეს მცდელობა ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნით დასრულდეს.
XS
SM
MD
LG