Accessibility links

logo-print

რა იწვევს და რას იწვევს მიგრაციული პროცესების ზრდა საქართველოში


21-22 ივნისის ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკანონო მიგრაცია გახლდათ. ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო მიგრანტთა ტალღის

ზრდის გამო და ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი მოითხოვა, განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი დახმარების რაოდენობა მიგრაციის დინამიკას მიებას, რაც, თითქოს, ამ ქვეყნების მთავრობებს აიძულებს, თავადაც იზრუნონ უკანონო მიგრანტთა მოძრაობის კონტროლზე.

თუმცა ევროკავშირის სახელმწიფოთა ხელმძღვანელები, საბოლოოდ, მაინც იმაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა არსებული პროცესი კანონის ჩარჩოებში მოექცეს, შიდა წესრიგი კიდევ უფრო გამყარდეს და საჯარიმო სისტემა გამკაცრდეს მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს მიგრანტთა უკანონო შედინებას ევროკავშირის სივრცეში.

რა ხდება ამ მიმართებით საქართველოში, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში მიგრაციული პროცესები ბოლო ათი წლის განმავლობაში და რა შედეგები მოაქვს მას?



საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე თამაზ გუგუშვილი ფიქრობს, რომ ევროპამ დააგვიანა მიგრაციის კონტროლის პოლიტიკის შემუშავება, რადგან ვერ გათვალა, რას გამოიწვევდა, ამ თვალსაზრისით, საბჭოთა იმპერიის ნგრევა:

[თამაზ გუგუშვილის ხმა]
”ამან გამოიწვია ის, რომ გავიდა თითქმის ათი წელიწადი და, იმპერიული ნგრევის შედეგად, ეს მიგრაციული პროცესები მან მიიღო და საბოლოო შედეგი ის არის, რომ ის იძულებულია, როგორმე გაამკაცროს და ეს მასა, რომელიც მიიღო, როგორმე შეზღუდოს, ე.ი. მას არ დაემატოს და, თქვენ იცით, რომ მიგრაციის პროცესი, ერთი რამეა, რომ მან თუ ერთი პატარა გარღვევა გააკეთა, როგორც კაშხალი რომ წარმოიდგინოთ, ის მერე აფართოებს მას.”[სტილი დაცულია]

ხშირად ვიშველიებთ საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ის, ბევრ შემთხვევაში, ჩვენი უფლებების დაცვის კანონიერ გარანტიას გვაძლევს და საკუთარ მოქალაქეთა მიმართ სახელმწიფოს მოვალეობას განსაზღვრავს. ისევე, როგორც ბევრი სხვა, კონსტიტუციის 30 მუხლის მესამე პუნქტიც ჩანაწერად რჩება. მასში წერია: ”შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე, სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ”. ეს, რაც შეეხება კონსტიტუციით მონიჭებულ გარანტიას, თორემ სრულიად გასაგებია განწყობა მოქალაქისა, რომლის შრომითი უფლებების დაცვაზე, თუკი მას სამუშაო ადგილი აქვს, ადგილობრივაც არავინ ზრუნავს, არათუ საზღვარგარეთ. და აი, მივადექით საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის უმთავრეს მიზეზს - სამუშაოს ძიებას. თამაზ გუგუშვილი ფიქრობს, რომ მიგრაციის რეგულირების ერთადერთი საშუალება - როგორც საქართველოსთვის, ისე ემიგრანტთა მიმღები ქვეყნებისთვის - არის ქვეყნებს შორის შრომითი შეთანხმებების გაფორმება.

[თამაზ გუგუშვილის ხმა]
”დღეს ერთი გამოსავალია, რომ ევროპამ აიღოს... არავითარი დახმარება ევროპისა არ შეიძლება იყოს დახმარება... ვთქვათ, ტენდენცია, რომ საქართველოდან მას არ შემოუვიდეს მიგრანტი და არ გადაიქცეს უკანონო მიგრანტად, ერთადერთი საშუალებაა, საქართველო იყოს ევროპის დონის განვითარებული ქვეყანა. ეს ხომ შორეული პერსპექტივაა. ახლა მას აწყობს ერთადერთი, რომ ევროპამ გაიღოს, გარკვეული კვოტები მისცეს ჩამორჩენილ ქვეყნებს, იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას აწყობს და იმ ქვეყნებმა მოამზადონ ის კვალიფიკაცია და მიიღოს ნორმალურად. აი, ეს არის ერთადერთი - ორმხრივი დახმარება. ერთი - მასაც აწყობს და აწყობს ჩამორჩენილ ქვეყანასაც”.[სტილი დაცულია]

ცნობილია, რომ იმ ლტოლვილთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს თავშესაფარს სთხოვდნენ, ბოლო ათწლეულის მანძილზე საგრძნობლად შემცირდა. გასულ წელს ასეთი გახლდათ 384 530 ადამიანი, როცა 1992 წელს ეს მაჩვენებელი 675 460-ს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმართული მიგრანტთა არაოფიციალური, ანუ უკანონო, ნაკადი არ შემცირებულა. უბრალოდ, მათი დიდი ნაწილი კანონიერად შედის და შემდეგ ვიზის რეჟიმის დარღვევით რჩება სასურველ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოს - ისევე, როგორც სხვა ქვეყნების - მოქალაქეები კანონიერი გზითაც ხდებიან ევროპის მოქალაქეები. საქართველოს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს ყოფილმა, ეროვნებით ქართველმა, მოქალაქეებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში მიიღეს მოქალაქის სტატუსი.

ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველო ხანგრძლივი დროით მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. რაც შეეხება დინამიკას, მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე მას ასე წარმოაჩენს:

[თამაზ გუგუშვილის ხმა]
”დიდი ტალღა იყო 97 წლამდე, პიკი იყო 95 წელს - 100 ათასი კაცი გადიოდა წლიურად, მეტი - 150-200 ათასამდე კაცი გადიოდა, იმიტომ რომ სხვა ეროვნებებიც ბევრი იყო გასასვლელი ამ შექმნილი სიტუაციიდან, მაგრამ 97-დან დაიწყო მეორე ნაკადი – ძირითადად, ქართველებს შეეხო. ახლა ქართველების რიცხვი, ჩემი ანგარიშით, - პირად ანგარიშზეა საუბარი, საავტორო ანგარიშზე, - მე ვამბობ, ნახევარი მილიონია წასული ქართველი... გარეთ არის ნახევარი მილიონი”. [სტილი დაცულია]

მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა ჩვენთან 18 პროცენტი შეადგინა, როცა, გაეროს შკალით, საგანგაშოდ 7-8 პროცენტია მიჩნეული.

შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მილიონი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფაში საზღვარგარეთ საკუთარი ძალისხმევით დასაქმებულთა რაოდენობასაც გულისხმობს. თუმცა ამას ორი მხარე აქვს: ერთი - წასულთა დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებსაც ინახავს და, ამ გზით, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების წყაროა და, მეორე – ასევე ბევრი ცდილობს, ახლობლებსაც გაუკვალოს გზა დასავლეთისკენ, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილის გადინებას ქვეყნიდან. ეს კი დროთა განმავლობაში სულ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება საქართველოს და უკან დასწევს მას.

[თამაზ გუგუშვილის ხმა]
”ის მოსახლეობა რომ აქ იყოს დღეს, აქამდე საქართველო ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა”.
XS
SM
MD
LG