Accessibility links

პოლიტიკური დაპირისპირების ახალი საბაბი


თამარ ჩიქოვანი, თბლისი უახლოეს ხანში პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებას ახალი შემოტევების მოგერიება მოუწევს. 13 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ

თითქმის წელიწადნახევრიანი “სიჩუმის” მორატორიუმი დაარღვია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი არშემდგარი ტერაქტის მორიგი ორგანიზატორი დაასახელა. წინა მსგავსი ბრალდებებისგან განსხვავებით, ამჯერად ასლან აბაშიძე ტერაქტების თემის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას აპირებს.

ასლან აბაშიძე უახლოეს ხანში მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის დამამტკიცებელ დოკუმენტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგენს. ჯერჯერობით უცნობია, ტერაქტების თემის გააქტიურებაში რა წვლილი შეიტანა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა, რომელიც ამ დღეებში, საბერძნეთში გამგზავრების წინ, ბათუმში იმყოფებოდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას თემურ ხაჩიშვილი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ასლან აბაძიშის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტების დამამტკიცებელი დოკუმენტები და რომ იგი მზად იყო, ეს მასალა თავად აჭარის ლიდერისთვის წარედგინა.
როგორც ჩანს, შესაძლო ტერაქტის მასალების გადაცემა მოხდა. შაბათს ასლან აბაშიძემ დაასახელა მორიგი ადამიანი, ვინც, მისი განცხადებით, ტერაქტის დაგეგმვას ცდილობდა. ეს ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამად საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯამლეტ ბაბილაშვილი გახლავთ.
თუ ეს გვარი თემურ ხაჩიშვილთან შეხვედრის შედეგად გაჩნდა, გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ჯამლეტ ბაბილაშვილის გენერალური პროკურორობისას დააპატიმრეს და გაასამართლეს თემურ ხაჩიშვილი. რაც შეეხება რაიმე დოკუმენტური მასალის არსებობას, რაც ჯამლეტ ბაბილაშვილის ტერაქტთან კავშირს დაადასტურებდა, ეს ვერსია დაუჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან, როგორც წესი, ასეთი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქმნება ხოლმე. ერთი კი ფაქტია: ჯერჯერობით თემურ ხაჩიშვილის გათავისუფლებიდან ერთი კვირაც არ გასულა, მის ირგვლივ კი გაუთავებელი სკანდალია. ასლან აბაშიძის გააქტიურება ტერაქტების თემასთან დაკავშირებით, გამორიცხული არ არის, ბევრმა ისევ და ისევ იმ მოტივით ახსნას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკური სპექტრში მეტად პოპულარულია, კერძოდ, რომ ხაჩიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ამა თუ იმ პოლიტიკოსის დისკრედიტაციას შეეცდება. ურიგო არ იქნებოდა არც იმის გახსენება, რომ 4-5 წლის წინათ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ასლან აბაშიძე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას სდებდა ბრალს. ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა დიდი შანსი, იქცეს ასლან აბაშიძის იმავე ბრალდების მორიგ ობიექტად, რამდენადაც მის თანამოაზრეთა შორის, ასე ვთქვათ, სტაჟიანი, მაგრამ უიღბლო ტერორისტები - დავით და ლევან ბერძენიშვილები - აღმოჩნდნენ. ეს პოლიტიკოსები დღეს, მართალია, პრეზიდენტ შევარდნაძეს უდგანან ოპოზიციაში, მაგრამ ასლან აბაშიძისთვის ისინი უფრო მიუღებელნი არიან, ვიდრე პრეზიდენტი შევარდნაძე. შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ, მსოფლმხედველობითი განსხვავების მიუხედავად, ასლან აბაშიძე და პრეზიდენტი შევარდნაძე, მორიგი დესტაბილიზაციის მოლოდინში, კვლავ იპოვიან ერთმანეთისკენ სავალ გზებს.
XS
SM
MD
LG