Accessibility links

logo-print

დღეს გესაუბრებით ერთი სალიტერატურო გამოცემის შესახებ


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი დღეს გესაუბრებით ერთი სალიტერატურო გამოცემის შესახებ,

რომელსაც დაინტერესებული მკოთხველი შვიდ წელზე მეტია იცნობს. ესაა ჟურნალი “XX საუკუნე”. გასულ კვირაში თბილისში გაიმართა ამ ჟურნალის ინგლისური გამოცემის პრეზენტაცია. “XX საუკუნე” მაშინ დაფუძნდა, როცა ლიტერატურული ცხოვრება დღევანდელზე უფრო მიმქრალი იყო საქართველოში და ცალკეული ადამიანები, მწერლები, ცდილობდნენ მის გამოცოცხლებას. “XX საუკუნის” დამფუძნებლები იმათ შორის იყვნენ, ვინც იცოდა, რომ სახელმწიფოს ლიტერატორთა რჩენა არ ევალება და მისგან არ შეიძლება რამეს ელოდე. გასულ ათწლეულში ქართული ლიტერატურა არ ყოფილა განებივრებული ექსპორტით, ანუ მას იშვიათად თარგმნიდნენ და გამოსცემდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. რამდენადაც მახსოვს, გერმანულ ენაზე გამოიცა თანამედროვე ქართული მოთხრობების ანთოლოგია.
და აი, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარუდგინეს ჟურნალი “XX საუკუნე” ინგლისურ ენაზე. ვისთვის არის ის გამიზნული, როგორ გამოიცა, ვინ თარგმნა ქართველ ავტორთა ტექსტები – ამაზე ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ. შემდეგ კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს “XX საუკუნის” მთავარ რედაქტორთან ზაალ სამადაშვილთან, რომელიც თვალს გადაავლებს ჟურნალის გამოვლილ გზას და ორიოდ სიტყვას მომავალზეც იტყვის.


სალიტერატურო ჟურნალ “XX საუკუნის” პირველი ნომერი 1994 წელს გამოიცა. აქედან მოყოლებული, მან უამრავი საინტერესო რამ შესთავაზა ადამიანებს, ვისთვისაც ლიტერატურა შემწეა ნებისმიერ შემთხვევაში. ლაშა თაბუკაშვილის ჟურნალი “XX საუკუნე” განკუთვნილია სწორედ მათთვის, ვინც შემწეს ლიტერატურაში ეძებს, ვისთვისაც პურივით და წყალივით აუცილებელია წიგნი. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ზაალ სამადაშვილი გახლავთ, მთავარი რედაქტორის მოადგილე - რეზო თაბუკაშვილი.
ჟურნალში “XX საუკუნე” იბეჭდებოდა და იბეჭდება კლუბ “XX საუკუნის” წევრების - და არა მარტო მათი - ნაწარმოებები. აქვე ჩამოვთვლი კლუბ “XX საუკუნის” წევრებს. ესენი არიან: ლაშა თაბუკაშვილი, ზაალ სამადაშვილი, რეზო თაბუკაშვილი, დათო მაღრაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ამირან სიმონიშვილი, გიო ახვლედიანი ( იგივე აკა მორჩილაძე ), გიგი სულაკაური, ზურა სამადაშვილი, ვაჟა გიგაშვილი, ირაკლი ჯავახაძე, დათო ტურაშვილი; მათ გვერდით იყო ქეთი ნიჟარაძეც. “ XX საუკუნის” ფურცლებიდან ჩვენმა საზოგადოებამ არაერთი ახალგაზრდა ავტორი გაიცნო და ახლახან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტურიას დახმარებით, ჟურნალის ძველმა და ახალმა ავტორებმა უცხოელ მკითხველსაც წარუდგინეს თავი. ინგლისურ ენაზე გამოცემული ალმანახის “ new centure” – ის პრეზენტაცია ამ ორიოდე დღის წინ თბილისში, კონსერვატორიის ფოიეში, შედგა, მანამდე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში - სან-დიეგოს, ლოს-ანჯელესის, ვაშინგტონის და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამერიკის შერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში,
როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობს, პლანეტის წიგნის მთავარ სახლში.

[რეზო თაბუკაშვილის ხმა] “ლიტერატურა არ უნდა მოიხარშოს მარტო საკუთარ წვენში და საკუთარ ქვეყანაში. მას უნდა ჰქონდეს საშუალება და სივრცე, გამონახოს სხვა სამყაროები, სადაც იგი საინტერესო იქნება და მიღებული იქნება. ეს ალმანახი არის პირდაპირი გზა და მცდელობა იმისა, რომ ქართულმა ლიტერატურამ მიაღწიოს უცხო მკითხველამდე და შესთავაზოს მას თავისი ხედვა და ის ხერხები, თუ როგორ შეიძლება ეს სამყარო დაინახოს და მერე გადმოსცეს.”

“ “XX საუკუნის ” ინგლისურ ენაზე გამოცემული ნომერი ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ინტერესით მიიღეს, ამავე დროს, იქ ჩვენგან - ქართველი ავტორებისგან - საქართველოზე მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენო,” – იხსენებს რეზო თაბუკაშვილი. აქვე შევნიშნავ, რომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ქართულ სალიტერატურო ალმანახში წარმოდგენილ ავტორებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, მთარგმნელები საკუთარი გემოვნებით შეერჩიათ. ასე რომ, გიო ახვლედიანის “ წიგნი”, ლაშა თაბუკაშვილის “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, ზაალ სამადაშვილის “ქუჩის მუსიკოსი”, დათო მაღრაძის ლექსები და სხვა ავტორების პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებები ავტორთა მიერ შერჩეულმა მთარგმნელებმა თარგმენს. ჩანაფიქრის მიხედვით, ეს წამოწყება ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს და “XX საუკუნე” ინგლისურ ენაზე გამომცემლობა “საარის” მიერ ყოველწლიურად უნდა გამოიცეს. განვმარტავთ იმასაც, რომ ჟურნალ “XX საუკუნის” არსებობა დამფუძნებლების ოჯახურ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ჟურნალი, ძირითადად, 500 ეგზემპლარად გამოიცემა ხოლმე და აქედან, სიმბოლურად, ოციოდე ეგზემპლარი თუ იყიდება. დანარჩენი საფასურის გარეშე რიგდება, რადგან მკითხველს წიგნის ან ჟურნალის საყიდლად ფული არა აქვს, არც “XX საუკუნეს “აქვს შემოსავალი.

[რეზო თაბუკაშვილი ხმა] “ ოფისი არ გვაქვს, სახლებში გვირეკავენ და ისე გვთავაზობენ. ლაშა როგორც მოახერხებს, ისე ვართ. საშემოდგომოდ ვაპირებთ ახალი ნომრის გამოცემას. ცოტა საჭირო პაუზა გვქონდა აღებული. მასალასაც სჭირდება დაგროვება. მე მგონი, საინტერესო ნომერი გამოვა.”

რეზო თაბუკაშვილის დაპირებით, საშემოდგომოდ “XX საუკუნის” მკითხველს ამ ჟურნალის საინტერესო ნომერთან მოუწევს შეხვედრა. აქვე გეტყვით, რომ საახალწლოდ თავად რეზო თაბუკაშვილის ახალ წიგნსაც უნდა ველოდოთ.
XS
SM
MD
LG