Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაქი მის სიცოცხლეზე თავდასხმას გადაურჩა


ელენე ლორთქიფანიძე კვირას, 14 ივლისს, პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დროს, ახალგაზრდა ფრანგმა, რომელსაც ნეონაცისტებთან აქვს კავშირი, პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მოკვლა სცადა.

როცა პრეზიდენტის კორტეჟი ტრიუმფალურ თაღს მიუახლოვდა, ახალგაზრდამ გიტარის ბუდიდან თოფი ამოიღო და ესროლა შირაკს, რომელიც ღია ჯიპში იდგა და ხალხს ესალმებოდა. ტყვია ასცდა პრეზიდენტს. საბედნიეროდ, არც სხვა ვინმე დაშავებულა.

პოლიციის თქმით, თავდამსხმელი არის მაქსიმ ბრიუნერი, 25 წლის სტუდენტი, რომელიც ზოგჯერ მძღოლადაც მუშაობს; ცხოვრობს პარიზის გარეუბანში. მან მოახერხა ელისეს მინდვრებამდე მიღწევა მკაცრი დაცვის მიუხედავად – პოლიცია გამწკრივებული იყო გამზირის გასწვრივ და მაყურებლთა შორის გადაცმული პოლიციელები იყვნენ შერეული.

ბრიუნერმა გაისროლა, როცა შირაკის მანქანა მისგან 100-150 მეტრის მანძილზე აღმოჩნდა, 22 მმ-ის კალიბრის თოფით, რომლის სროლის სიშორე 150 მეტრს ბევრად აღემატება. ხალხი უმალ დაესია მას, გააგდებინა ხელიდან იარაღი და დასცა ძირს. საქმე გადაცმულმა პოლიციელებმა დაასრულეს. პარიზის პოლიციის განცხადებით, თოფი გასულ კვირაში იყო ნაყიდი და ხუთი ტყვიით იყო დატენილი.

ბრიუნერიმ აღიარა, რომ მისი მიზანი იყო ჯერ შირაკის და მერე თავის მოკვლა. კვირას საფრანგეთის ტელევიზიის მეორე არხმა მოიყვანა, პოლიციაში ნათქვამი მისი სიტყვები: “მე მინდოდა მსოფლიოს შეცვლა. ეს მთავრობის შეცვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდაო”.

დაპატიმრებისა და ბრალდების აღიარების შემდეგ, ბრიუნერი პოლიციის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ბრიუნერი, მემარჯვენე ფრთის ექსტრემიტი, 2001 წლის მუნიციპალურ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას ნაციონალ-რესპუბლიკური მოძრაობის სიით, პარიზის მე-18 კვარტალში, რომელშიც პოპულარული ტურისტული ობიექტი – მონმარტრი – შედის.

ნაციონალ-რესპუბლიკური მოძრაობა 1980-იანი
წლების ბოლოს, ეროვნულ ფრონტს გამოეყო, მას შემდეგ, რაც ფრონტის ლიდერი ჟან-მარი ლე პენი თავის მოადგილეს ბრუნო მეგრეს წაეჩხუბა.
მეგრემ, რომელიც ახლა სათავეში უდგას ნაციონალ რესპუბლიკურ მოძრაობას, თქვა, რომ მისი პარტია არანაირად არ არის დაკავშირებული მკვლელობის მცდელობასთან.

“ნაციონალ-რესპუბლიკური მოძრაობა ყოველთვის უარყოფდა ექსტრემიზმის ნებისმიერ ფორმას”, თქვა მან და დაამატა, რომ “კატეგორიულად ჰგმობს სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის მცდელობას.”

ბრიუნერი პოლიციას 1997 წლიდან ჰყავს შემჩნეული, როგორც ნეონაცისტი და ხულიგანი და როგორც სტუდენტთა მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიის წევრი. პოლიციის წყაროებიდან ცნობილი გახდა, აგრეთვე, რომ ბრიუნერმა ინტერნეტში, ინგლისურენოვან საიტზე განათვასა განცხადება, რომელშიც მოუწოდა ხალხს კვირას ტელევიზორები ჩართონ. ეს მოწოდება ბრიტანეთის ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა და მის შესახებ საფრანგეთის პოლიციას შეატყობინა.

თვით შირაკს სროლა არ გაუგია და აღლუმი შეუფერხებლად ჩატარდა. ტრადიციულ ინტერვიუში აღლუმის შემდეგ შირაკისთვის არც უკითხავთ და არც მას უხსენებია თავდასხმა, ისევე როგორც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც ელისეს საპეზიდენტო სასახლის ბაღებში გაიმართა.

ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის სიცოცხლეზე თავდასხმის პირველი ცნობილი შემთხვევა 1960-იანი წლების შემდეგ. მაშინ რამდენიმეჯერ სცადეს პრეზიდენტ შარლ დე გოლის მოკვლა. თავდასხმები ორგანიზებული იყო მისი ოპონენტების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ალჟირისთვის, მაშინ საფრანგეთის კოლონიისთვის, დამოუკიდებლობის მიცემას. უკანასკნელად საფრანგეთში პრეზიდენტი 1932 წელს მოკლეს. ეს იყო პოლ დომიე, მკვლელი კი, სხვათა შორის, რუსი ემიგრანტი გახლდათ.
XS
SM
MD
LG