Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღელვარება ავჭალის კოლონიაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 15 ივლისს, ავჭალის კოლონიას იმ პატიმართა ახლობლები მიადგნენ, რომლებიც სასჯელს სასჯელთა აღსრულების ე.წ. მეცხრე დაწესებულებაში იხდიან.

ისინი აპროტესტებდნენ პატიმრების გადაყვანას ხონის კოლონიაში – ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინათ მიიღო იუსტიციის სამინისტრომ. პატიმრების ახლობლებს გასაგები მოტივი ჰქონდათ – ხონში სიარული მოუხერხებელია, პირობები კი – უვარგისი. თუმცა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ პირობები გააუმჯობესეს. რატომ გადაჰყავთ მსჯავრდებულები თბილისიდან ხონში ?

მეცხრე დაწესებულებაში სასჯელს, ძირითადად, ის ადამიანები იხდიან, ადრე სამართალდამცავ ორგანოებში რომ მსახურობდნენ. მათი უმეტესობა გასამართლებულია სისხლის სამართლის მძიმე და განსაკუთრებით საშიში დანაშაულისათვის: მკვლელობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკების რეალიზაცია... ამ კონტინგენტის შერევა სხვა კატეგორიის პატიმრებთან მიზანშეუწონელია და ეს არც არასოდეს ხდებოდა: საბჭოთა პერიოდში დამნაშავე მილიციელები ისევე ისხდნენ ერთად, როგორც დღეს – დამნაშავე პოლიციელები. საქართველოში მსჯავრდებული სამართალდამცავები, წესისამებრ, სწორედ ხონში იხდიდნენ სასჯელს: იქ იყო ე.წ. წითელი ზონა. მიხეილ სააკაშვილის მინისტრობის დროს ეს ხალხი თბილისში გადმოიყვანეს, ხოლო ხონში არასრულწლოვანთა კოლონია გაამწესეს. არასრულწლოვანთა კოლონია უკვე ავჭალაშია, ხონის კოლონიას კი იქაურ ძველ ბინადრებს უბრუნებენ. დღეს მეცხრე დაწესებულებაში ქალთა კოლონიის კონტინგენტი უნდა შეიყვანონ, რადგან თავად ქალთა კოლონია მძიმედ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად და სამოქმედოდ უვარგისი გახდა. ქალთა კოლონიაშიც და მეცხრე დაწესებულებაშიც პატიმართა რაოდენობა ერთნაირია: არც ერთგან მათი რიცხვი 130-ს არ აჭარბებს. პატიმართა ახლობლები აცხადებენ, რომ ხონში მძიმე საარსებო პირობებია, პატიმრების მონახულება იქ გაუჭირდებათ და აპირებენ, შეეწინაღმდეგონ მოსალოდნელ ცვლილებას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კახა კობერიძე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს კურირებს, პასუხად ამბობს, რომ ხონის კოლონიაში პირობები გაუმჯობესდა [კობერიძის ხმა]: “შეკეთდა ელექტროგაყვანილობა, დენით ეს დაწესებულება პრაქტიკულად უზრუნველყოფილია. კაპიტალურად შეკეთდა საცხოვრებელი კორპუსი, სასადილო, სამაცივრო მეურნეობა. მოიხრეშება ამ დაწესებულებამდე მიმავალი გზა და დანიშნულია ავტობუსი, რომლითაც მსჯავრდებულთა ახლობლები გაემგზავრებიან მათ მოსანახულებლად. ახლა რომ არის, ასეთი პირობები არ ჰქონდათ არასრულწლოვანებს ხონში სასჯელის მოხდისას. სასჯელის მოხდის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო და კანონი. არ შეიძლება სახელმწიფოს ელაპარაკო უკანონო ულტიმატუმების ენით. სასჯელაღსრულების დაწესებულება პანსიონატი არ გახლავთ, სადაც ვინმეს უნდა მიეცეს თავისი უკანონო პირობების კარნახის საშუალება.”

პატიმართა ხსენებული კონტინგენტის ხონში გადაყვანის წინააღმდეგი შეიძლება ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ექს-თანამშრომლებს ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იყენებს. გარდა ამისა, ნარკოტიკების მხილებულ და გასამართლებულ რეალიზატორთა თბილისიდან მოცილება უნდა ემსახურებოდეს ამ დანაშაულის მხრივ არსებული ვითარების შემსუბუქებასაც, რადგან მათი კავშირები ციხის გარეთ მყოფ დამნაშავეებთან თითქოს არ დარღვეულა და ნარკოტიკების რეალიზაციასა თუ ტრანზიტს თითქოს ციხიდანაც უწყობენ ხელს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს ასეთ ვარაუდებს და აცხადებს, რომ პატიმრების ხონში გადაყვანით სამინისტრო მხოლოდ ირთულებს საქმეს [კობერიძის ხმა]: “ოპერატიულ-სარეჟიმო თვალსაზრისით, ჩვენთვის ზედმეტი თავის ტკივილია მათი იქ გადაყვანა, ვინაიდან ხონი მოცილებულია, იქ სპეცრაზმს ან დამატებით ძალებს შეზღუდულად თუ გამოიყენებ, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს, რადგან ქალთა დაწესებულება აუცილებლად უნდა შეკეთდეს. იქ გაუსაძლისი პირობები იყო მიწისძვრამდეც და მიწისძვრის შემდეგ – მით უმეტეს”.

ხონში პატიმრებს ახლო მომავალში გადაიყვანენ.
XS
SM
MD
LG