Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი


თამარ ჩიქოვანი, გიორგ კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილები გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე.



11 ივლისის გაზეთი”ვრემია ნოვოსტეი” მიმოიხილავს ვითარებას, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდა.

ანექსია. გაზეთის თქმით, ამგვარად განისაზღვრა საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში მოქალაქეობის მიღების გააქტიურებული პროცესი.
“ვრემია ნოვოსტეის” ვარაუდით, “ორმხრივ ურთიერთობებში არნახული პრობლემები და საერთაშორისო სკანდალებია მოსალოდნელი. მართალია, რუსეთი აღიარებს საქართველოს მთლიანობას, მაგრამ ვერც განზე დარჩება, თუ არაღიარებულ რესპუბლიკებში მისი მოქალაქეების უფლებები შეილახება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ძალისმიერი გზით შეეცდება იურისდიქციის აღდგენას”.

შემდეგ გაზეთი წერს, რომ “ამჟამინდელ სკანდალს იმპულსი მისცა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ხელოვნურ ანექსიას შეადარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის პასპორტების გაცემა. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამის საპასუხოდ, გენადი სელეზნოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დადანაშაულებით, საქართველო პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. მისი თქმით, “საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პოზიცია, უბრალოდ, გამაოგნებელია, რუსეთი უკუაგდებს ესოდენ მძიმე ბრალდებებს”.

“მიუხედავად ამისა, საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ “ვრემია ნოვოსტეის” განუცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ საკითხის ყველა დონეზე წამოწევას საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე: ეუთო ამ პრობლემას მადრიდისა და ვენის სამიტებზე დაუბრუნდება. მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სიტუაციის არასასურველი მიმართულებით განვითარება თავიდან იქნეს აცილებული”.

“ამასობაში კი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბერლინის სესია რუსეთის დელეგაციისათვის სკანდალურად დასრულდა : საბოლოოდ, ყველამ გაიგო, თუ რას ჩადის მოსკოვი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დელეგაცია ბლოკავდა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე, საქართველომ მაინც შეძლო ამის გაკეთება.
“ვიმედოვნებ, რუსეთში ჩაუფიქრდებიან იმას, თუ როგორ იპოვონ გამოსავალი ამ სამარცხვინო სიტუაციიდან”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.”

12 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილი მიეძღვნა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტს საქართველოში. გაზეთის თქმით, “მოლაპარაკებები, ძირითადად, პანკისის ხეობისა და იქ მყოფი ჩეჩენი ბოევიკების თემას დაუკავშირდა”.
“საუბარი იყო, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ამ რაიონში ერთგვარი “ერთობლივი ოპერაციის” ჩატარების შესაძლებლობაზე, თუმცა ასეთი ვარიანტი მხოლოდ იდეის დონეზე განიხილებოდა. ამ იდეის არსებობა გაზეთის კორესპონდენტს საქართველოს უშიშროების საბჭოშიც დაუდასტურეს; ამასთანავე, აღნიშნეს, რომ ეს არ იყო ქართული მხარის წინადადება და თბილისის მხარდაჭერა არ მოუპოვებია”.

“რუშაილოსთან მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში რაიმე ერთობლივი ოპერაცია რუსეთთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან დაგეგმილი არ არის”.

“ნეზავისიმაია გაზეტა”, აგრეთვე, წერს, რომ “მოლაპარაკებების კულუარებში აღინიშნა გარკვეული პოზიტიური ძვრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში”. რუსეთის დელეგაციაში მყოფი ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, “უნდობლობის კედელი გაირღვა და თბილისი და მოსკოვი ენერგიული თანამშრმლობის ეტაპზე გადადიან”.
XS
SM
MD
LG