Accessibility links

საკრებულოების არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალები გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 ივლისს ზუგდიდში გამართულ საკრებულოს არჩევნებს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კუთვნილი ავტომობილი შეეწირა.

საღამოს ზუგდიდის ცენტრში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასული ამ ორგანიზაციის წევრები დააყაჩაღეს და, დოკუმენტაციასთან ერთად, ავტომობილიც წაართვეს. არჩევნების გამო ქალაქში პოლიციელთა სიმრავლეს მანქანის გაუჩინარებისთვის ხელი არ შეუშლია.

2 ივნისის ზუგდიდის ბობოქარი და ჩაშლილი არჩევნებისგან განსხვავებით, როცა არა მხოლოდ ზუგდიდის მერობის კანდიდატები დაერივნენ ერთმანეთს, არამედ რამდენიმე საარჩევნო უბანიც დაარბიეს, 14 ივლისს არჩევნები, შედარებით, მშვიდ ვითარებაში გაიმართა, თუ არ ჩავთვლით წინა საღამოს ზუგდიდის ცენტრში დაუდგენელი პირების მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დაყაჩაღების ფაქტს. როგორც ამ ორგანიზაციის წევრმა ნუგზარ კუპრეშვილმა გვითხრა, საღამოს რამდენიმე პირმა გააჩერა “სამართლიანი არჩევნების” კუთვნილი ავტომობილი, მანქანაში მსხდომი ადამიანები გადმოსხა, წაართვა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა და დოკუმენტაცია და წართმეული მანქანით გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ ძარცვა ზუგდიდში მაშინ მოხდა, როცა, არჩევნების მშვიდად ჩატარების მოტივით, იქ, ადგილობრივი პოლიციის გარდა, პოლიციის დამატებითი ნაწილებიც იყო გადასროლილი. ჯერჯერობით მანქანის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელებს, ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია და მანქანა, სავარაუდოა, დაუბრუნდება თავის მფლობელს.
რაც შეეხება თავად არჩევნების მიმდინარეობას, ბევრისთვის მოულოდნელად, ამჯერად არც არჩევნებში მონაწილენი აქტიურობდნენ და არც მოსახლეობა. არადა, 2 ივნისის არჩევნების ჩაშლის შემდეგ ზუგდიდელთა ერთმა ნაწილმა გზატკეცილიც კი გადაკეტა, არჩევნების ზაფხულშივე დანიშვნის მოთხოვნით. თუმცა ამომრჩევლის ინერტულობას, “სამართლიანი არჩევნების” მეთვალყურეთა ინფორმაციით, არჩევნების გაყალბების ხერხებზე არ უმოქმედია – კვლავ აღირიცხა ე.წ. კარუსელებისა და ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში ლიდერობს ზუგდიდის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი ტარიელ ქანთარია, რომელიც თავის ძირითად მოწინააღმდეგე ვახტანგ ცხაკაიას ჯობნის. ცნობისთვის: 2 ივნისის არჩევნების ჩაშლის შემდეგ ვახტანგ ცხაკაია და მისი მომხრეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ბონდო ჯიქიასა და მხარის პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ. ვახტანგ ცხაკაია, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ რომელსაც მხარს “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი” უჭერდა, ზუგდიდის მერობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად იყო მიჩნეული. თუმცა არჩევნებში, როგორც ჩანს, მაინც ტარიელ ქანთარიამ გაიმარჯვა - ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს ადგილობრივი ხელისუფლება უჭერს.
ფაქტობრივად, ადგილებზე საკრებულოები მაინც დღევანდელი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებით დაკომპლექტდა, რაც, ზოგადად, საკრებულოების მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმის წინაპირობას ქმნის, რომ საკრებულოს როლი ქალაქისა თუ დაბის ცხოვრებაში მინიმალური იქნება.
ერთადერთი საკრებულო, რომლის ბედი ბოლომდე ჯერაც არ გადაწყვეტილა, ეს თბილისის საკრებულოა. ძალთა საბოლოო თანაფარდობა მას შემდეგ გაირკვევა, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმებს გადათვლის. ამ პროცედურის ჩასატარებლად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დაახლოებით, 75 ათასი ლარი მოითხოვა, რაც როგორც ხელფასებს, ასევე, ჩამწერი ტექნიკისა და დასალუქი მასალის შეძენას უნდა მოხმარდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ხმების გადათვლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა ცენტრალური ბიუჯეტი ამისათვის საჭირო ხარჯებს დააფინანსებს.
XS
SM
MD
LG