Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, - ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, უზბეკეთს სუუამი არ დაუტოვებია


19-20 ივლისს იალტა სუუამის წევრი ქვეყნების მეთაურებს უმასპინძლებს. სუუამის ქვეყნების მეთაურთა სამიტში მონაწილეობას მიიღებს ედუარდ შევარდნაძეც,

რომელიც ხმებს სუუამის გარდაცვალების შესახებ საკმაოდ გადაჭარბებულად მიიჩნევს. შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რეგიონალური გაერთიანება უზბეკეთს არ დაუტოვებია. ასეა თუ ისე, გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთი იალტის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. დანარჩენი ოთხი სახელმწიფოს ლიდერები კი იალტაში საკმაოდ საინტერესო დეკლარაციას გააფორმებენ.

სუუამის წევრი ქვეყნების მეთაურები იალტაში სუუამის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ და პარალელურად ამ რეგიონალური ორგანიზაციის ჩარჩოებში შემდგომი თანამშრომლობის გეგმასაც დასახავენ. სუუამის ლიდერები ხელს მოაწერენ დეკლარაციას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სუუამის წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ და გააფორმებენ შეთანხმებას სუუამის სივრცეში თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირების თაობაზეც. რეგიონალური ორგანიზაციის სივრცეში თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირებაზე მსჯელობა კარგა ხანია მიდის. ამ საკითხს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა იალტის შარშანდელ სამიტზეც. თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირების საკითხი წლევანდელ სამიტზე უნდა გადაწყდეს. ამ და სხვა გარემოებების გამო, 19 ივლისისთვის დაგეგმილ შეკრებას რიგით ღონისძიებას ვერ დავარქმევთ. და მაინც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუუამის სამიტში უზბეკეთი მონაწილეობას არ მიიღებს და ამის მიზეზი არ იქნება ამ ცოტა ხნის წინ უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სუუამიდან უზბეკეთის შესაძლო გასვლის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთი არ ამბობს უარს სუუამში თანამშრომლობაზე, თუმცა იტოვებს უფლებას მონაწილეობა არ მიიღოს ყველა ღონისძიებაში, მით უფრო, არაუმაღლესი დონის ღონისძიებებში. გამოდის, რომ ამ მოტივით არ მიუღია მონაწილეობა უზბეკეთს სუუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეკრებაშიც. საბჭოს შეკრება ახლახან შედგა ბაქოში. მაგრამ სუუამის მიმართ უზბეკეთის ბოლოდროინდელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, თითქოსდა, რეგიონალური ორგანიზაციიდან უზბეკეთის შესაძლო გასვლას ამერიკის შერთებული შტატების ადმინისტრაციის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და სუუამის სუუამად დარჩენაც ამ რეაქციამ განაპირობა.

უზბეკეთი რომ სუუამში რჩება, ამას ედუარდ შევარდნაძეც ადასტურებს. მისი ორშაბათის განცხადების მიხედვით, გავრცელებული ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, უზბეკეთს ეს რეგიონალური ორგანიზაცია არ დაუტოვებია. სუუამის გარდაცვალების შესახებ ხმები ამას წინათ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააპროტესტა. სუუამის ლიდერები არათუ ამ ორგანიზაციის უპერსპექტივობას, პირიქით, მის შესაძლო გაფართოებას ვარაუდობენ. კარგა ხანია მიდის მსჯელობა სუუამთან რუმინეთის და ბულგარეთის შესაძლო მიერთების შესახებ. სუუამში დამკვირვებლის სტატუსით რუმინეთის გაწევრიანების შესაძლებლობა თბილისში რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც აღინიშნა, თუმცა პრეზიდენტი ილიესკუ საკითხს თავშეკავებულად მიუდგა და თქვა, რომ იქნება თუ არა ეს ასე, იარსებებს თუ არა სუუამი, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავება რუმინეთის ინტერესებში იქნება.

შეგახსნებთ, სუამი სუუამად და რეგიონალურ ორგანიზაციად ამ რამდენიმე წლის წინ, ნატოს საიუბილეო სამიტის მსვლელობისას, გაფორმდა ვაშინგტონში. საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას კავშირს უზბეკეთი მეხუთე სუბიექტად სწორედ მაშინ შეუერთდა.
XS
SM
MD
LG