Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ახალი ომის საფრთხე იზრდება


საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კვლავ მკვეთრად გამწვავდა ვითარება გასულ შაბათს, ქაშმირის ქალაქ ჯამუს ღარიბთა უბანში მომხდარი

შემზარავი ტერაქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 28 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 12 ქალი და ერთი ბავშვი. ინდოეთის ხელისუფლებამ ტერორისტების მხარდაჭერაში, როგორც ყოველთვის, ისლამაბადი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს მიიღებს. ძალადობის ესკალაციისა და ომის საფრთხის გამო დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკვე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თვის ბოლომდე დატოვონ ქაშმირის ტერიტორია.

გასულ შაბათს სამხრეთ აზიას ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ერთიმეორის მიყოლებით ტერორისტებმა ჯერ ისლამაბადიდან 200 კილომეტრით დაშორებულ ისტორიულ ქალაქ მანსერაში, ტურისტების ჯგუფში ააფეთქეს ხელყუმბარა, მოგვიანებით კი ინდუისტი ღვთისმსახურის ფორმაში გამოწყობილმა მოიერიშეებმა პირდაპირი შეტევა მიიტანეს ჯამუს ღარიბთა უბანში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებზე. თუ პირველ შემთხვევაში 13 ადამიანი დაიჭრა (მათ შორის 10 უცხოელი ტურისტი), ქაშმირის ინციდენტი სავალალო შედეგით დამთავრდა: თვითნაკეთი ხელყუმბარისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერტოტისტებმა 28 ადამიანი გამოსალმეს სიცოცხლეს.

ქალაქ მანსერაში უცხოელ ტურისტებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანის პოლიციამ ოპერატიულად დააკავა 20 ეჭვმიტანილი პირი. რაც შეეხება ქაშმირში მომხდარ საზარელ დანაშაულს, 28 ადამიანის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა არც ერთ ისლამისტურ დაჯგუფებას არ უკისრია. თუმცა, როგორც რეიტერის სააგენტო იუწყება, ინდოეთის პოლიციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს შემზარავი დანაშაული პროპაკისტანული ექსტრემისტული ორგანიზაცია ”ლაშქარ-ე-თაიბას” ხელწერას მოგვაგონებს.

მეტიც, დელი დარწმუნებულია, რომ ეს აქცია კარგად დაგეგმილი და განხორციელებული სამხედრო ოპერაცია იყო და რომ ისლამისტს მებრძოლებს მხარს ოფიციალური ისლამაბადიც უჭერს. პაკისტანის ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფს ასეთ ბრალდებას. როგორც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა აზიზ აჰმად ხანმა განაცხადა: [აზიზ აჰმად ხანის ხმა] "ჩვენ ვგმობთ საზარელ ტერორისტულ აქტს, რომლის დროსაც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ეს ქმედება ჩადენილია იმისთვის, რომ რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ბრალდებას, მე მინდა დაბეჯითებით დაგარწმუნოთ, რომ საზღვრის დარღვევა პაკისტანის მხრიდან არ ხდება."

თუმცა, ძნელი სავარაუდოა, რომ ამან შეანელოს ტერორისტთა აქტივობა ქაშმირში. საერთაშორისო ექსპერტების თქმით, ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე იატაკქვეშა სამხედრო დაჯგუფება იბრძვის ინდოეთის მმართველობის წინააღმდეგ და მათ უკან სხვადასხვა ინტერესები დგას. როგორც ცნობილია, ქაშმირის ტერიტორია სამ გავლენის სფეროდ არის გაყოფილი: ყველაზე მეტს, 45%-ს, ინდოეთი აკაონტროლებს, ერთ მესამედს – პაკისტანი, ხოლო დანარჩენი ჩინეთის გავლენის ქვეშ რჩება. 1947 წელს, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა და ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სამხრეთი აზიის ამ ორმა გიგანტმა ქაშმირის გამო უკვე ორჯერ მოასწრო ერთმანეთში ომი.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა გასული წლის მიწურულს, ინდოეთის პარლამენტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, რაც დელის მტკიცებით, პაკისტანში მოქმედმა ქაშმირელმა სეპარატისტებმა ჩაიდინეს. ხოლო 13 ივლისს მომხდარმა ვანდალურმა აქტმა ორ სახელმწიფოს შორის ახალი ომის საფრთხე წარმოშვა. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება უმალ გამოეხმაურა ამ ინცინდენტს.

დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა დაგმეს ტერორისტული თავდასხმა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ტერორისტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებას ისახავენ მიზნად.

"მე ვგმობ ადამიანების მკვლელობის ფაქტს. ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ მშვიდობიან ცხოვრებას და აღორძინებას, და არა ტანჯვას, რომელსაც მათ აყენებენ ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული მკვლელი-ტერორისტები" – განაცხადა კოლინ პაუელმა ორშაბათს გაკეთებულ კომენტარში. აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლო პაუელი აზიაში მოგზაურობას აპირებს და, როგორც ამბობენ, ვითარების გასაცნობად, ინდოეთსა და პაკისტანსაც ეწვევა.

ინდოეთის მთავრობის ინფორმაციით, 1989 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ქაშმირში მისი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, სულ 33 000 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, სეპარატისტულ დაჯგუფებებს ეს ციფრი ეცოტავებათ და აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG