Accessibility links

პაკისტანის სასამართლომ ჟურნალისტ დენიელ პერლის მკვლელს სიკვდილი მიუსაჯა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 15 ივლისს, პაკისტანის სასამართლომ 4 ადამიანი სცნო დამნაშავედ ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის მკვლელობაში. ერთ მათგანს, ბრიტანეთში დაბადებულ ისლამისტ ექსტრემისტს აჰმედ ომარ შეიხს,

სიკვდილი მიესაჯა, მის სამ თანამზრახველს კი – სამუდამო პატიმრობა.

38 წლის პერლი, “უოლ სტრიტ ჯორნელის” რეპორტიორი, 23 იანვარს გაქრა კარაჩიში, სადაც ის პაკისტანის ექსტრემისტული მოძრაობის შესასწავლად იმყოფებოდა. 27 იანვარს გაზეთმა, მანამდე უცნობი ჯგუფის – “პაკისტანის სუვერენიტეტის აღდგენის ეროვნული მოძრაობისგან” მიიღო ელექტრონული წერილი, დატყვევებული პერლის სურათით. წერილში ჯგუფი მოითხოვდა “ალ ყაიდისა” და თალიბანის პატიმრების გათავისუფლებას გუანტანამოს ბანაკიდან. სამი დღის შემდეგ გაზეთს კიდევ ერთი იმეილი მიუვიდა; ამჯერად მუქარით, რომ თუ ჯგუფის მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ჟურნალისტს მოკლავდნენ.

თებერვალში კი ამერიკელმა დიპლომატებმა მიიღეს ვიდეოფირი, რომელშიც პერლის მკვლელობა იყო გადაღებული. მოგვიანებით პოლიციამ კარაჩიში იპოვა გვამი, რომელიც, როგორც კრიმინალისტები ფიქრობენ, პერლისა უნდა იყოს.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, შეიხის დამცველმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. მან დასძინა, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენდა შეერთებული შტატები, რომელიც საქმის პატიოსნად გარჩევას, ვექილის თქმით, არაფრით არ დაუშვებდა.

დამნაშავედ თავი არც ერთ ბრალდებულს არ უცნია, თუმცა შეიხმა 14 თებერვალს აღიარა, რომ გატაცებაში მონაწილეობა მიიღო. მოგვიანებით მან ესეც უარყო. ხოლო მისმა ორმა თანამზრახველმა კარაჩის იურიდიულ მაგისტრტაურაში აღიარა, რომ ზემოხსენებული იმეილების გაგზავნაში ერია ხელი.

პირველ წერილში პერლს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტად იხსენიებდნენ, მეორეში – ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის აგენტად. პერლის ოჯახი ორივე ამ ვარაუდს უარყოფს. ოთხივე მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ პაკისტანის მთავრობამ ეს საქმე ამერიკელების დასაშოშმინებლად შეთითხნა.

სასამართლო, რომელიც თავიდან კარაჩიში დაიწყო, მალე ქალაქ ჰაიდერაბადში გადაიტანეს – მას შემდეგ, რაც მოსამართლეებს მოკვლით დაემუქრნენ. ბრალდების თანახმად, შეიხმა, ლონდონის ეკონომიკური სკოლის ყოფილმა სტუდენტმა, მოატყუა პერლი, დაპირდა რა მას ისლამური სამღვდელოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან შეხვედრის მოწყობას. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ამ უკანასკნელს გატაცებაში ხელი არ ერია.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიაკვლია და სასამართლოს გადასცა შეიხის ერთ-ერთი ამფსონის, ფაჰად ნასემისთვის, მისივე აღიარებით, შეიხისგან გაგზავნილი იმეილები, რომელშიც შეიხი წერს, რომ აპირებს ვინმე “ანტი-ისლამისტისა და ებრაელის” ხელში ჩაგდებას.

ბრალდების მთვარი მოწმეა ტაქსის მძღოლი სახელად ნასირ აბასი, რომელმაც დაინახა, როგორ ჯდებოდა პერლი შეიხთან ერთად მანქანაში, იმ ღამეს, როცა ჟურნალისტი დაიკარგა.

განაჩენმა ისლამისტ ექსტრემიტების რისხვა გამოიწვია. კარაჩისა და ჰაიდერაბადის დამაკავაშირებელი საავტომობილო გზის გასწვრივ ბეტონის ბარიერებზე გაჩნდა შავი საღებავით გაკეთებული წარწერები:”ამერიკავ, შენი სიკვდილის დღე ახლოვდება!”, “ომი ამერიკის მოსპობამდე გაგრძელდება” და სხვა.
XS
SM
MD
LG