Accessibility links

logo-print

ცოტა ხნის წინ ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი მსახიობის


ცოტა ხნის წინ ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი მსახიობის,

შალვა ღამბაშიძის დაბადების 100 წლისთავი აღნიშნა. კოტე მარჯანიშვილის მოწაფის, ქართული თეატრის და კინოს კლასიკოსის იუბილეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა “ოქროს საუკუნე”, რომელიც თბილისის სტუდიიდან გიორგი გვახარიას მიჰყავს.

შალვა ღამბაშიძის მეტყველებას ლევან გოთუამ “კეთილშობილი ქართული” უწოდა. ამბობენ, რომ ღამბაშიძის ხმის მოსასმენად ხალხი სპეციალურად დადიოდა თეატრში. 20-იან, 30-იან წლებში, როცა რუსული ინტონაცია დიდი მსახიობების მეტყველებაშიც კი “გაიელვებდა” ხოლმე, ღამბაშიძის ქართული სრულიად განსაკუთრებულად ჟღერდა სცენაზე. თეატრის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი, როგორც არტისტის გამორჩეული თვისება სისადავი იყო. თანაც სისადავე და სიმკაცრე არა მონუმენტური სახეების შესაქმნელად, როგორც, ამას აკაკი ხორავა ახერხებდა, არამედ სისადავე – ადამიანური, ყოფითი, თბილი, მოკლებული რაიმე დისტანციას მაყურებელთან. მაგრამ ძუნწი პლასტიკა, მეტისმეტად პირობითი ჟესტისა და მიმიკის უარყოფა, შალვა ღამბაშიძის შემოქმედების ერთი მხარე იყო. როგორც კი მსახიობი მეტყველებას იწყებდა, მის პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის ჯერ დისტანცია ჩნდებოდა. მერე კი ეს ხმა თითქოს პუბლიკას აჯადოვებდა... ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ღამბაშიძის ინტონაცია, მეტყველების რიტმი კიდევ დიდხანს მიყვებოდა, თურმე, მაყურებელს. 20-იანი, 30-იანი წლების საქართველოში ასე არა თუ თეატრში, ცხოვრებაშიც არავინ მეტყველებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო “პირველადი ენა”, რომელიც არ წაბილწულა, ენა, რომელიც შალვა ღამბაშიძემ “შეინახა” და 20-იანი წლების ქართულ თეატრში მოიტანა.

შალვა ღამბაშიძე ზესტაფონის ეკლესიის მოძღვრის შვილი იყო. თეატრი პირველად ქუთაისში იხილა, მერე თბილისში ჩამოვიდა და ჯაბადარის თეატრალურ სკოლაში დაიწყო სწავლა. 1920 წლიდან იგი უკვე ბათუმის თეატრის მსახიობია. 1921 წელს, ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ითამაშა სენკევიჩის ნაწარმოების, “ვიდრე ხვალ უფალოს” მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში, რომელიც აკაკი ფაღავამ განახორციელა. კოტე მარჯანიშვილი ჯერ არ იყო ჩამოსული საქართველოში, მაგრამ ეს სპექტაკლი თეატრმცოდნეებმა ქართულ სცენაზე მარჯანიშვილის ესთეტიკის დამკვიდრების პირველ ცდად მიიჩნიეს. 1921-28 წლებში შალვა ღამბაშიძე რუსთაველის თეატრში მუშაობს. 1928 წლიდან კი იწყება მსახიობის შემოქმედებითი აღმავლობა – შალვა ღამბაშიძე მარჯანიშვილის თეატრის დასში ირიცხება – თამაშობს ესტევანს “ცხვრის წყაროში”, დე სილვას “ურიელ აკოსტაში”, მოგვიანებით პაატას გოთუას “გიორგი სააკაძეში”, კაკუტას “ყვარყვარე თუთაბერში”, არჩილს “ჩატეხილ ხიდში”... მაგრამ, როგორც ჩანს, მარჯანიშვილმა იგი მხოლოდ კარგი მეტყველების გამო არ აიყვანა თეატრში. მარჯანიშვილმა შალვა ღამბაშიძე ხომ კინოშიც მოიყვანა – უყოყმანოდ დაამტკიცა იგი როლზე “კომუნარის ჩიბუხი” და, რაც მთავარია, “სამანიშვილის დედინაცვალში” პლატონი ათამაშა. სწორედ იმხანად მარჯანიშვილმა საჯაროდ განაცხადა: “თეატრში – ვისმენთ, კინოში – ვხედავთ. რეჟისორი, რომელსაც თეატრალური სმენა არა აქვს, კინოს რეჟისორი არ არის. კინოში პირველხარისხოვანია სანახაობითი მხარე. ამიტომ თეატრის მრავალი რეჟისორი და მეც მათ შორის, ხშირად დამარცხებულა კინოში”

“სამანიშვილის დედინაცვალი” მუნჯი ფილმია, ამიტომაც სანახაობითი მხარე ფილმში მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და თუ “თეატრში- ვისმენთ”, ე.ი. შალვა ღამბაშიძის “აქტიორული იარაღი” – მეტყველება, ქმნის კიდეც მისი გმირების ხასიათს, “კინოში ვხედავთ”, ე.ი. ვხედავთ, მაგრამ აღარ გვესმის დიდი მსახიობის მეტყველება. მიუხედავად ამისა, სწორედ შალვა ღამბაშიძის პლატონ სამანიშვილი გამოირჩევა მარჯანიშვილის ფილმში. იგი არსად ცდილობს კადრის დაპყრობას, არ ეშინია მეორე პლანის და სწორედ ამ მოკრძალებულობის გამო იქცევს მაყურებლის ყურადღებას. იგი არ ტყუის. ანუ ახერხებს ეკრანზე იყოს ის, რაც არის. “უხმო კინოს” სპეციფიკა კი, მოგეხსენებათ, ისეთია, რომ ძალიან ძნელია აქ მსახიობმა არ მოიტყუოს.

“ძველ არტისტებს ლელო ხშირად გრძნობის მაგიერ - გამოცდილებით და სასცენო ოსტატობით გაჰქონდათ და მარჯვედ ატყუებდნენ საზოგადოებას – წერდა კოტე მარჯანიშვილი - მაგრამ მე, პირთამდე აღსავსეს შინაგანი თრთოლვით, ადვილად ვერ მომატყუებდნენ და სრულიად ბუნებრივია, რომ ვარჩევდი მუშაობას ახალგაზრდებთან, რომელნიც ჩემს თვალწინ შლიდნენ თავიანთ გრძნობას, ამჟღავნებდნენ თავიანთი ფაქიზი სულის მღელვარებას”

მარჯანიშვილის თეატრში ღამბაშიძემ ასამდე გმირი განასახიერა. მიუხედავად იმისა, რომ პათეთიკისა და სიყალბის ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა, უფრო მეტიც, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორიც კი იყო ჩვენი კულტურისთვის უმძიმეს ეპოქაში, 1937-47 წლებში, ღამბაშიძემ კოტე მარჯანიშვილის ანდერძი მაინც აღასრულა. თეატრის ისტორიკოსები აღნიშავენ, რომ მისი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, არდაზიანის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის გმირი, გარკვეული გამოწვევაც იყო 30-იანი, 40-იანი წლების საბჭოთა კულტურის ფონზე. რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის გამოთქმას თუ გავიხსენებთ, “ლამაზი ჭაობი”, როგორც სახე სპექტაკლისა, წარმოჩინდა მსახიობების, და პირველ რიგში ღამბაშიძის თამაშში... აღმოჩნდა, რომ უბრალოება და ყოფითობაც შეიძლება გახდეს თეატრალური, სანახაობრივი. აღმოჩნდა, რომ ტოტალიტარიზმის ეპოქაშიც კი შესაძლებელი იყო მხატვარს შეექმნა ინდივიდუალური გმირის სახე, თუ გნებავთ “ანტიგმირის” სახე, რომელიც, ამავე დროს, არ გადაიქცეოდა შარჟად, კარიკატურად.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვიხილოთ ეს წარმოდგენა, ისევე როგორც შალვა ღამბაშიძის სხვა თეატრალური როლები. მაგრამ, საბედნიეროდ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ მსახიობის სტილზე, გამოსახვის მანერაზე, ხელოვნების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ღამბაშიძის კინოროლებით, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული მაინც მაკარია, ტაბლიაშვილისა და გედევანიშვილის ფილმში “ქეთო და კოტე”, სახე, რომელიც ტაბლიაშვილის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის” განვითარებად მოიაზრება. [ხმა. “ქეთო და კოტე”]

ტაბლიაშვილმა, როცა მაკარის როლზე შალვა ღამბაშიძე დაამტკიცა, კარგად იცოდა, რომ ეს მსახიობი არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს გროტესკს, რათა მაყურებელს მისი პერსონაჟის გაკიცხვის, ან დაცინვის საშუალება მისცეს. არა და ეპოქის კულტურა სწორედ ამას მოითხოვდა მსახიობისგან, რომელსაც ასეთი სოციალური ტიპის გაცოცხლება უხდებოდა. მაგრამ შალვა ღამბაშიძემ თავის ხელწერას არც აქ უღალატა. ეგრეთ წოდებული “მცირეფილმიანობის ეპოქაში”, როცა მსახიობს აუცილებლად უნდა გამოეხატა უარყოფითი დამოკიდებულება ანტიგმირისადმი, ღამბაშიძემ, ისევე როგორც “ქეთო და კოტეში” გადაღებულმა სხვა მსახიობებმა, გმირი-სქემა ადამიანური, პიროვნულად მომხიბვლელი გახადეს. ამაშია, ალბათ, “ქეთო და კოტეს” საიდუმლო, ამიტომაცაა, ალბათ, რომ დრომ ვერაფერი დააკლო ტაბლიაშვილისა და გედევანიშვილის ფილმს. [ხმა. “ქეთო და კოტე”]

შალვა ღამბაშიძემ ფაქტიურად სცენაზე დაასრულა სიცოცხლე – 1955 წლის მაისში, სპექტაკლ “მარიამ სტიუარტში”. არა და საქართველოში სწორედ მაშინ იწყებოდა ახალი ეპოქა – ქართული კულტურა ნელ-ნელა თავისუფლდებოდა “პომპეზური პოზისგან”. თეატრში მოდიოდა ახალი თაობა, რომელსაც ზეაწეული პათეთიკა უბრალოებით, სისადავით და რაც მთავარია, რეალიზმით უნდა შეეცვალა. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ თაობამ ძველის დანგრევით არ დაიმკვიდრა ადგილი. საბედნიეროდ, “მამათა” შორის იყვნენ მსახიობები, რომლებმაც “ტოტალური გასხვისების”, ცრუ მითების ეპოქაში მაინც მოახერხეს საკუთარი თავის შენარჩუნება. ერთ-ერთი მათგანი შალვა ღამბაშიძე იყო. მსახიობი, რომელსაც თეატრის გარდა, თურმე ძალიან უყვარდა მიწის დამუშავება, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ “ბუნებაში ყოფნა” და სწორედ ბუნებრივი დაამკვიდრა კულტურაში, რომელიც ადამიანის ბუნებრივ გრძნობებს ცეცხლით და მახვილით ებრძოდა.
XS
SM
MD
LG