Accessibility links

ამერიკელი სენატორები მოსკოვთან ბირთვულ შეთანხმებას იხილავენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს, 9 ივლისს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სახელწიფო მდივანი კოლინ პაუელი გამოვიდა, ე.წ. მოსკოვის ხელშეკრულების თაობაზე.

ამ ხელშეკრულებით რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად უნდა შეამცირონ განთავსებული ბირთვული ქობინების რიცხვი.

ხელშეკრულება ძალიან სწრაფად დაიდო. მის შესახებ შარშან ნოემბერში გამოაცხადეს, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის სამიტზე ვაშინგტონში. ორი თვის შემდეგ დოკუმენტი ხელმოწერილ იქნა მოსკოვში, ამიტომ დაერქვა მას მოსკოვის ხელშეკრულება.

მოსკოვის ხელშეკრულება მოითხოვს, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა მომავალი 10 წლის განმავლობაში ორი მესამედით შეამცირონ თავიანთი ბირთვული იარაღის არსენალები.

პაუელმა თავის შესავალ სიტყვაში თქვა, რომ სისწრაფე, რომლითაც მოსკოვის პაქტი დაიდო მიუთითებს, რომ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ატმოსფერო სუფევს და რომ ისინი უკვე სტრატეგიული მოწინააღმდეგეები კი არა, სტრატეგიული პარტნიორები არიან.

შეერთებული შტატების კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულება ვერ შევა ძალაში სენატის მიერ რატიფიკაციის გარეშე. წარსულში, თუ სენატს ესა თუ ის პაქტი საეჭვოდ მიაჩნდა, ის მას მხარ არ უჭერდა.

მაგლითად, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პრეზიდენტი ვუდრო უილსონი შეეცადა ერთა ლიგაში შეერთებული შტატების გაწევრიანებას, სენატმა მას უარი უთხრა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა კომიტეტს მოსკოვის პაქტი გააცნო, სენატორებმა რამდენიმე სკეპტიკური შენიშვნა გააკეთეს. მათ აღიარეს, რომ შეთანხმებამ, შესაძლოა, შეამციროს რუსეთთან, ამერიკის ძველ მტერთან ბირთვული ომის რისკი. ამავე დროს თქვეს, რომ გაიზრდება რუსეთის არსენადლიდან განუთავსებელი და გაუნადგურებელი ბირთვული ქობინების ტერორისტების ან უპასუხისმგებლო სახელმწიფოების ხელში მოხვედრის რისკი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა, დემოკრატმა დელაუერის შტატიდან, და მისმა მოადგილემ რიჩარდ ლუგარმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ინდიანიდან საერთო ჯამში შეაქეს პაქტი, მაგრამ მის ხარვეზებზეც მიუთითეს. კერძოდ, მათი თქმით, დოკუმენტში არ არის პუნქტი, რომელიც მოითხოვდეს, რომ როგორც შეერთებულმა შტატებმა, ისე რუსეთმა გაანადგურონ ჩამოწერილი ქობინები.

პაუელმა თქვა, რომ შეერთებული შტატები აპირებს მრავალი ჩამოწერილი ქობინის განადგურებას და არ აპირებს რაკეტებიდან თუ ბომბდამშენებიდან ჩამოხსნილი ქობინების მწყობრში დაბრუნებას. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამავე აზრისაა რუსეთი.

ამან ვერ დააჯერა სენატორები. მათი განცხადებით, პაქტის ტექსტში მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული, რომ ჩამოწერილი ქობინები უნდა განადგურდეს ან შენახულ იქნეს ისეთ ადგილას, საიდანაც რუსეთის უპასუხისმგებლო მეცნიერები ან სამხედროები ვერ მოახერხებენ მათ მოპარვას და გაყიდვას.

მასაჩუსეტსის შტატის დემოკრატი სენატორის ჯონ კერის თქმით, 11 სექტმებრის ტერორისტული თავდასხმები აჩვენებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ რუსეთის ბირთვულ იარაღზე ტერორისტებს ვერ მიუწვდეთ ხელი. ქობინების განადგურების პროცესის შემოწმებას კი პაქტი არ ითვალისწინებს, რაც ზრდის ბირთვული ნივთიერებების ტერორისტების ხელში მოხვედრის შესაძლებლობას.

პაუელმა ეს იმით გაამართლა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი მტრები აღარ არიან და შემოწმებაც აღარ არის საჭიროო. სახელმწიფო მდივანმა თქვა, აგრეთვე, რომ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ჩამოწერილი ქობინების ტერორიტებისგან ან ე.წ. “არასანდო” სახელმწიფოებისგან დაცვა, ვინაიდან ამას ითვალისწინებს შეერთებული შტატების 1992 წლის მრავალმილიონიანი პროგრამა რუსეთის ბირთვული ქობინების უსაფრთხოების შესახებ.

ლუგარმა თქვა, რომ მიუხედავად ზოგიერთი სკეპტიკური შენიშვნისა, მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიცირება სენატში ალბათ სწრაფად მოხდება.
XS
SM
MD
LG