Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს საქართველოს „ნატოში" გაწევრიანებას


საქართველოში „ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის" „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა სამხედრო სწავლება.

ნატოსთან ასე დაახლოება რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა, როგორც ირკვევა, მოსკოვის ძალისხმევის გარეშეც, საქართველოს ნატოსგან ჯერ კიდევ ბევრი რამ აშორებს. რომელი ქვეყნები შეიძლება გახდნენ საქართველოზე ადრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები და რა უშლის ხელს ნატოსთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებას?

შიდა პოლიტიკური ბრძოლითა და პრობლემებით დაკავებული ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. არადა საქართველო უამრავ უსიამოვნებას გადაეყარა იმის გამო, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ადრე შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის" და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სურვილი გამოთქვა. თუმცა ამჟამად საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე ბევრ ისეთ ქვეყანას ჩამორჩება, რომლებმაც ამგვარი სურვილი უფრო გვიან გამოთქვეს.

ბრიუსელიდან, „ნატოს" შტაბბინიდან, დაბრუნების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა:

[ბარამიძის ხმა] „რაც შეეხება პოლიტიკური თვალსაზრისით წინ წაწევას, აქ ძალიან სერიოზული ხარვეზები გვაქვს. ჩვენზე უკან მყოფი სახელმწიფოები უკვე, შეიძლება ითქვას, გვისწრებენ. ბევრისთვის სენსაციური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. უკრაინის უშიშროების საბჭომ პრაქტიკულად უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით."


საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური განცხადება ჯერაც არ გაუკეთებია და, გიორგი ბარამიძის აზრით, როგორადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, საქართველო ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოაქციონ, თუ საქართველოს ხელისუფლების, ოფიციალურად გაცხადებული, ნება არ იქნება, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ვერ მოხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ნაადრევი პოლიტიკური განაცხადი კარგს არაფერს მოიტანს, თუ ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქართული არმიის მოწყობა ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების „წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა მიმდინარეობს. თუმცა საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების წყალობით, პროგრამის განხორციელებას ორჯერ შეექმნა საფრთხე, თავდაპირველად - დაფინანსების უქონლობის, შემდეგ კი - სათანადო კონტინგენტის უყოლობის გამო.

გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაა.

[ბარამიძის ხმა] „სამხედრო სფეროში გატარებული რეფორმები მეტ-ნაკლებად მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ნატოს სტანდარტებს. გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით არის, მაგრამ იმის გამო, რომ არის მიზერული დაფინანსება, ვერანაირი ამდაგვარი პროცესი ვერ განხორციელდება. იმიტომ რომ 33 მილიონი ლარით ვერანაირი ნატოს სტანდარტების, თუნდაც ყველაზე დაბალი დონის, რეფორმა ვერ განხორციელდება და ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა."[სტილი დაცულია]

თუმცა თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იმ ფინანსთა მინისტრის მიერ შემუშავდა და იმ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცდა, რომლებიც რეფორმატორთა გუნდად იწოდებოდნენ და რომლის წევრი სულ რამდენიმე თვის წინ თავად გიორგი ბარამიძეც იყო.

როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებამ არმიის რეფორმირებისთვის საჭირო სახსრები უნდა გამოძებნოს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მეტი ყურადღება დაუთმოს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ქართული არმია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, დამოუკიდებლად მაინც ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტაბილურ განვითარებას.
XS
SM
MD
LG