Accessibility links

logo-print

კალიების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც იქნა, დაიწყო


კალიების შემოსევა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის ყოველწლიურ, მწვავე პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მისი გადაჭრა დროულად თითქმის ვერასდროს ხერხდება.

"კალიების წინააღმდეგ ბრძოლის" სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება, ტრადიციისამებრ, წელსაც დაგვიანდა, რამაც სერიოზული გართულებები გამოიწვია. დაგვიანებული ბრძოლის დაწყება სულ რაღაც ორი დღის წინათ გახდა შესაძლებელი.

წლევანდელმა სახელმწიფო ბიუჯეტმა კალიების წინააღმდეგ გასაჩაღებელი ბრძოლისათვის 504 ათასი ლარის გამოყოფა გადაწყვიტა, რაც შარშანდელს 204 ათასით აღემატება. მაგრამ მხოლოდ გაზრდილი ციფრების მეშვეობით (ანუ რეალური და დროული დაფინანსების გარეშე) მავნე მწერები, რა თქმა უნდა, ჯერ არავის დაუმარცხებია.

იმ გარემოებამ, რომ მაისში საჭირო თანხების გამოყოფა ივლისში დაიწყო, კალიებს ინკუბაციის პერიოდის მშვიდობიანად გადატანისა და ასევე მშვიდობიანად გაზრდის საშუალება მისცა. და თუკი ბიუჯეტით გათვალისწინებული 504 ათასი ლარი, დროულად გამოყოფის შემთხვევაში, 15 ათასი ჰექტარი ნათესის შესაწამლავად სავსებით საკმარისი იქნებოდა, ამჟამად ეს თანხა (კალიების კატასტროფული სიმრავლის გამო) შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ ნაწილს თუ ეყოფა. აქვე მოგახსენებთ, რომ კალიების მიერ განსაკუთრებით შევიწროებულ რაიონთა ნუსხაში მოიხსენიება: სიღნაღი, დედოფლისწყარო, კასპი და ადიგენი.

საგულისხმოა, რომ ხსენებული მავნებლები განსაკუთრებულ საფრთხეს ამჟამად თურმე მზესუმზირის ნათესებს უქმნიან. კახელი გლეხები შიშობენ, რომ თუკი კალიების განადგურება დროზე ვერ მოხერხდა, ეს მწერები შემოდგომამდე თავად მოახერხებენ ვენახების განადგურებას. იმის გამო, რომ კონტრაბანდულმა ხორბალმა და ფქვილმა ადგილობრივი მოსავლის გასაღების საკითხი წელს განსაკუთრებით მწვავედ დააყენა, ფერმერები, როგორც თავად ამბობენ, უკანასკნელ იმედებს სწორედ მზესუმზირასა და ყურძენზე ამყარებენ. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი გლეხების იმედებს კალიები ასე მარტივად მოუღებენ ბოლოს. შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, რომელმაც, სხვათა შორის, არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსალოდნელი იყო კალიების შემოსევა და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის დროულად გამოყოფაც არაერთხელ მოითხოვა. თუმცა - როგორც ვხედავთ, უშედეგოდ.

ხსენებული სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, 15 ივლისიდან მოყოლებული, სპეციალური თვითმფრინავის დახმარებით, კალიების მიერ დაზარალებულ რაიონებში ყოველდღიურად 150 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ხერხდება. აქვე მოგახსენებთ, რომ ყოველი ჰექტარის ამ გზით შეწამვლა 12 ლარი ჯდება. ლიპარტიას თქმით, ხსენებულ დანახარჯს თითქმის 3-ჯერ შეამცირებდა ამერიკული წარმოების ულტრამცირე მოცულობის შემასხურებელი აპარატი, რომელიც ავტომანქანაზე მაგრდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ, ამ აპარატების დახმარებით, დღეში 700-800 ჰექტარის შეწამვლაც იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა ქართულ მხარეს, იმის გამო, რომ ფინანსური თადარიგი ვერ დაიჭირა და ვერ შეისყიდა ეს აპარატები, ამგვარ შედეგებზე ჯერჯერობით შეუძლია მხოლოდ იოცნებოს.

ასეა თუ ისე, საქართველოში კალიებთან დაგვიანებული ომი, როგორც იქნა, დაიწყო და ის, დაახლოებით, 10 დღეს გასტანს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ პროცესისთვის გამოყოფილი სახსრები სრულყოფილი შედეგის მისაღწევად საკმარისი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ, ოპტიმისტ სპეციალისტთა მტკიცებით, სასოფლო-სამეურნეო კატასტროფის თავიდან აცილება მაინც მოხერხდება.
XS
SM
MD
LG