Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანელი პარლამენტარისა და მწერლის არაოფიციალური სტუმრობა საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გამომცემლობა "ინტელექტის" მოწვევით, საქართველოს რამდენიმე დღით ესტუმრა აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი ვაგიფ ვექილოვი,

რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრიც გახლავთ. ბატონი ვაგიფის ამჟამინდელი ჩამოსვლა მის ლიტერატურულ მოღვაწეობას უკავშირდება, თუმცა საუბარში პოლიტიკის თემასაც შევეხეთ.

ბატონი ვაგიფ ვექილოვი 50-იანი წლების მიწურულიდან ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მამამისი, სამედ ვურღუნი, საბჭოთა პერიოდის ელიტარული პოეტი გახლდათ. სწორედ სამედ ვურღუნმა თარგმნა პირველად "ვეფხიტყაოსანი" აზერბაიჯანულ ენაზე, ორ სხვა პოეტთან ერთად. ბუნებრივია, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა ქართველ პოეტებთან. ბატონი ვაგიფი კი იხსენებს
ბავშვობის წლებს, როცა მამასთან ერთად არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში და შეხვედრია გიორგი ლეონიძეს, კარლო კალაძეს, ირაკლი აბაშიძეს…

საინტერესოა, რომ ბაქოს კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების დამთავრების შემდეგ ვაგიფ ვექილოვი რვა წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემდეგ აზერბაიჯანის ენციკლოპედიის ხელოვნების განყოფილებას უძღვებოდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანელი სტუმრის ამჟამინდელ ჩამოსვლას. სულ ახლახან გამომცემლობა "ინტელექტმა" უფასოდ დასტამბა ვაგიფ სამედოღლის - ეს მწერლის ლიტერატურული ფსევდონომია - ლექსების კრებული ქართულ ენაზე.

"შვილი ვარ შენი, თავისუფლებავ" -ასე ჰქვია ამ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ივნისში გაიმართა თბილისის წიგნის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე. მაშინ ავტორმა ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა - იგი საფრანგეთში იყო.

მართალია, ბატონი ვაგიფი ამბობს, რომ მისთვის უმთავრესი ლიტერატურული მოღვაწეობაა, მაგრამ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საპარლამენტო საქმიანობასაც ძალიან აქტიურად ეწევა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრიც გახლავთ. იგი კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას და საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს შეხებია სტრასბურგის სხდომებზე. შარშან ოქტომბერში ვაგიფ ვექილოვი გამოეხმაურა თავისი მეგობრის, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დმიტრი რაგოზინის გამოსვლას, როცა ამ უკანასკნელმა საზღვრების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა საქართველო.

[ვექილოვის ხმა] "მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ გაკვირვებული ვარ რაგოზინის განცხადებით. ბატონი რაგოზინი იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ტერიტორიით და მოსახლეობით ასჯერ ძლიერია საქართველოზე. ამ დროს ეს დიდი სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ტერიტორიის გაკონტროლებას, იმავეს მოითხოვს პატარა მეზობელი ქვეყნისგან. ჩემმა განცხადებამ ყველა გაამხიარულა და აპლოდისმენტები და ხარხარიც კი გამოიწვია ევროპარლამენტის დარბაზში".

ბატონი ვექილოვი ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ჯერჯერობით არ ქმნის მთლიან შთაბეჭდილებას. მისი თქმით, რუსეთში ჯერ კიდევ არსებობენ რეაქციული ძალები, რომლებიც რეგიონის შინაგან საქმეებში ჩარევას ცდილობენ პრორუსული გავლენის გასაძლიერებლად. რასაკვირველია, ამგვარი პოლიტიკა ცნობილ სიძნელეებს უქმნის საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. ვაგიფ ვექილოვის აზრით, სომხეთშიც, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, გაიზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის სიძლიერე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ერთობაშია, რაც სულაც არ გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას.

საერთოდ, ბატონი ვაგიფი მიიჩნევს, რომ უწინ ამიერკავკასიის ხალხებს შორის გაცილებით უფრო თბილი ურთიერთობები სუფევდა.

[ვექილოვის ხმა] "ახალგაზრდობის პერიოდში მოსკოვში რომ ვსწავლობდი, ლიტერატურული ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მაშინ დავუმეგობრდი ამირან ჭიჭინაძეს, ერლომ ახვლედიანს, ნათია ამირეჯიბს. ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ზოგჯერ ლიტველებიც გვიერთდებოდნენ. მაშინ ამიერკავკასიელები უფრო მეტად მეგობრობდნენ, ვიდრე ეს დღეს არის. ვფიქრობ, რომ მოვა დრო და ეს ურთიერთობები აღდგება".
XS
SM
MD
LG