Accessibility links

logo-print

გია ყარყარაშვილი პროკურატურას მასთან დაკავშირებული საქმეების გამოქვეყნებას სთხოვს


პრეზიდენტის ამასწინანდელ შეწყალების აქტს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

პოლიტიკურმა პარტიებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში გაფორმებული განცხადებით გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების იმ პოლიტიკის გამო, რომელიც, მათი რწმენით, ქვეყანაში არსებული ვითარების შემდგომი კრიმინალიზაციისთვის არის გამიზნული.
ე.დ.პ – ს ოფისში შეკრებილ პოლიტიკოსთა შორის არ ყოფილა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი. ხაჩიშვილის, გელაშვილის და პაპუკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია მან მოგვიანებით გამოხატა და პროკურატურას მის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებზე არსებული საგამოძიებო მასალის გამოქვეყნება მოსთხოვა.

პრეზიდენტის მიერ თითქოსდა სამოქალაქო თანხმობისთვის გადადგმულმა ნაბიჯმა ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობის ახალი მუხტი შეიტანა. ტერორისტებად ცნობილი ადამიანების შეწყალებით პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შეასუსტა. მისი ეს ნაბიჯი ბევრმა ვერ გაიგო, რადგან ერთია - თუნდაც შერიგების იდეით ნაკარნახევი გულმოწყალება, მეორეა - სამართლიანობა. ამასწინანდელმა შეწყალების აქტმა შეწყალების საფუძველი გაურკვველი დატოვა. იმ დროისთვის, როცა ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ არაერთი უმძიმესი დანაშაულის გამო გასამართლებულებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენიმე წლის წინ ჩადენილი გახმაურებული ტერორისტული აქტების დამკვეთთა და შემსრულებელთა ვინაობა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულები საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობენ. იმავდროულად, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს და ამბობს, რომ ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკური ტერორის განახლებას? პრეზიდენტი და მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ – არა. თუმცა ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, ვინც ტერორი საკუთარ თავზე გამოსცადა. თემურ ხაჩიშვილის, გურამ პაპუკაშვილისა და გიგა გელაშვილის შეწყალებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილსაც უბიძგა კარგა ხნის დუმილი დაერღვია და მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ალაპარაკებულიყო. მანამდე მან რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს თხოვნით, შეეწყალებინა აფხაზეთში მებრძოლი ადამიანები, რომლებიც სატვირთო მანქანის გატაცებისთვის გაასამართლეს და 12-13 წელი მიუსაჯეს. გია ყარყარაშვილი პირადად იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ეს პირები შეწყალების შემდეგ საზოგადოებისთვის სასარგებლონი იქნებოდნენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, ტერორისტობისთვის გასამართლებულები გათავისუფლდნენ. მათ გია ყარყარაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულშიც ედებოდათ ბრალი, თუმცა სასამართლომ ბრალდების ეს ნაწილი ვერ დაამტკიცა. შეკითხვას, ურევია თუ არა ხაჩიშვილის ან პაპუკაშვილის ხელი მის აფეთქებაში, ყარყარაშვილი უპასუხებს: “მე საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებას ვითხოვ და ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ არ მინდა ისეთი ადამიანი მომესამლოს, ვისაც ჩემს დაჭრაში ურევია ხელიო. “

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კატეგორიულად მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას, თუმცა ასეთივე კატეგორიულობით აღარ მოითხოვს, რომ რუსეთის მხარემ საქართველოს გადმოსცეს მოსკოვში აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დაკავშირებული1995 წელს იქ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერ.აქტთან, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს მოთხოვნა ამაო იქნება.

“მე ერთი რამის თქმა შემიძლია. ეს საქმე იყო ქართველების ხელით გაკეთებული. ეს ქართველები კი რუსეთის სპეც. სამსახურების დაკვეთით მოქმედებდნენ.” – კონკრეტულად რომელი ქართველები უნდა იგულისხმებოდნენ გია ყარყარაშვილის ამ განცხადებაში, ეს სამართალდამცავებს აქამდეც უნდა გაერკვიათ. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს უცნობმა მოქალაქემ შეგზავნა ჩანთა თვითმფრინავში, რომლითაც, გია ყარყარაშვილთან ერთად, 120 ადამიანს უნდა ემგზავრა და, რომ არა შემთხვევით გამოჩენილი სიფრთხილე, ყველა უნდა აფეთქებულიყო. ფიქრობენ, რომ ეს უცნობი მოქალაქე იგორ გიორგაძის დაცვის უფროსი გურამ პაპუკაშვილი იყო. 1994 წელს მომხდარს სათანადო შეფასება არ მისცემია. მას კი მოჰყვა 1995 წლის მოსკოვის ტერორისტული აქტი, რომელმაც პაატა დათუაშვილი შეიწირა, გია ყარყარაშვილი კი ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვა. აღარაფერს ვიტყვი იმ ხმაურიან დაპირისპირებაზე, რომელიც ყოფილ მინისტრებს - გია ყარყარაშვილსა და იგორ გიორგაძეს - შორის არსებობდა. აქვს თუ არა ყარყარაშვილს მიზეზი იმისთვის, რომ უნდობლობა გამოუცხადოს პრეზიდენტს, რომელმაც 1995 წელს იგორ გიორგაძე გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, 2002 წელს კი მისი შესაძლო რეაბილიტაციის ტენდენცია გამოკვეთა, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია.
XS
SM
MD
LG