Accessibility links

logo-print

ბაკურიანი 2002


ქართული ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდა ქართველ შემომქმედთა შეკრებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა ბაკურიანში.

ჟურნალ "არილის" რედაქტორი მალხაზ ხარბედია ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა შეხვედრა-სემინარით ძალიან კმაყოფილია და ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ამ სემინარის "ოფიციალური ხასიათისა" (ბაკურიანის შეხვედრის ორგანიზატორი ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტია), ახალგაზრდა შემოქმედთა შეკრებამ არაფორმალურად და, ამავე დროს, საქმიანად ჩაიარა. მალხაზ ხარბედიას თქმით, სწორედ ბაკურიანის შეხვედრამ განაპირობა კულტურის მინისტრ სესილი გოგიბერიძის საკმაოდ მკაცრი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე ერთი კვირის წინ, სწორედ ბაკურიანში მოსთხოვეს ახალგაზრდა მწერლებმა, კინემატოგრაფისტებმა, მხატვრებმა კულტურის მინისტრს მეტი პრინციპულობა, რათა, ბოლოს და ბოლოს, შეწყდეს იდეოლოგიური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსება და ხელისუფლებამ ნიჭიერი ხალხის დახმარებაზე იზრუნოს. ბაკურიანის შეხვედრა იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში დამკვიდრდა. მაშინ ახალგაზრდა შემოქმედებს კომკავშირის ცეკა უყრიდა თავს. ახალგაზრდები ერთმანეთის ფილმებს უყურებდნენ, ლექსებს კითხულობდნენ და საღამოობით სუფრას მიუსხდებოდნენ ხოლმე. რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა შემოქმედთა თავმოყრა ზურაბ ჟვანიამ ითავა, წინანდალში. მაშინ, ეგრეთ წოდებული, "წინანდლის პრემიაც" დააარსეს, რომელიც რამდენიმე ნიჭიერ ქართველ მწერალს გადასცეს. დღეს ზურაბ ჟვანია - ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ ხელისუფლებას ახალგაზრდების ნდობა სჭირდება, მითუმეტეს, რომ ახლა თავის ერთგულ შემოქმედებით ინტელიგენციას ძლივს იმორჩილებს. შესაძლებელია, სწორედ ამან განაპირობა ბაკურიანის შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება - ადგილობრივი ხელისუფლების ჩასვლა სემინარზე, თავისი სუფრებითა და, როგორც მითხრეს, სტალინის სადღეგრძელოებით. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწერლებმა, მხატვრებმა, კინემატოგრაფისტებმა ეს შანსი კარგად გამოიყენეს; სემინარის მონაწილეებმა - მწერლებმა ლაშა ბუღაძემ, დათო ტურაშვილმა, რატი ამაღლობელმა, კომპოზიტორებმა ნიკა მემანიშვილმა, გოგი ძოძუაშვილმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ და სხვებმა - შეიმუშავეს ახალი პროექტები, მათ შორის, თანამედროვე ქართული პროფესიული მუსიკის ფესტივალის, მხატვარ-გრაფიკოსთა ბიენალეს მოწყობის გეგმა და მოამზადეს წერილები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნიან. ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი უკვე მზადაა შეახვედროს სემინარის მონაწილეები ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც, თავის მხრივ, რამდენად "მაღალ დონეზე" მიიღებს ახალგაზრდა შემოქმედებს და ვის ან რის სადღეგრძელოს შესთავაზებს, ამას უახლოეს ხანში გავიგებთ.
XS
SM
MD
LG