Accessibility links

ძველი და ახალი პრეპარატები ძველი დაავადებების შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამ თვის დამდეგს სამედიცინო ჟურნალ “ლანსეტში” გამოქვეყნდა

ოქსფორდის რედკლიფის საავადმყოფოს მუშაკთა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც ეხება ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატების სისტემატურად მიღების შედეგებს.

პრეპარატი სტატინსი ამცირებს ინფარქტის რისკს ერთი მესამედით, დამოუკიდებლად ასაკის, სქესისა და ორგანიზმში ქოლესტერინის დონისა. ეხმარება, აგრეთვე, დიაბეტით დაავადებულებსა და იმ ავადმყოფებს, რომელთაც წარსულში გულის პრობლემები აწუხებდათ.

ამჟამად სტატინსს უწერენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, რომელთაც გულის პრობლემები და მომატებული ქოლესტერინი აქვთ. ხსენებული გამოკვლევის თანახმად, ამ პრეპარატმა შეიძლება გაცილებით უფრო ფართო ჯგუფს უშველოს.

“ლანსეტის” რედაქტორის, დოქტორ რიჩარდ ჰორტონის თქმით, “ეს არის გულის დაავადებების მკურნალობისა და მათი პრევენციის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა.”

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოკვლევის შედეგები აბათილებს აქამდე ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ სტატინსი დიდად ვერ შველის მოხუცებსა და ქალებს. ოქსფორდში ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი ეფექტიანია როგორც 70 წელს გადაცილებულთათვის, ისე ქალებისთვის.

და კიდევ ერთი საინტერესო რამ: გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პრეპარატი ამცირებს გულის დაავადების რისკს იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ქოლესტერინის დონე საშუალო ან დაბალი აქვს.

კიდევ ერთი პრეპარატის გულდასმითი შესწავლა აჩვენებს, რომ მასაც შეუძლია მსგავსი გავლენის მოხდენა, და ამჯერად ლაპარაკია ყველასთვის ცნობილ ასპირინზე. ასპირინი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, გერმანელმა ქიმიკოსმა შექმნა მე-19 საუკუნის ბოლოს. 1980-იანი წლებიდან ის გამოიყენებოდა, როგორც მეორე ინფარქტის პრევენციის საშუალება. 1997 წლიდან კი ასპირინით უშუალოდ გულის ინფარქტს მკურნალობენ.

მაგრამ მილიონობით ადამიანი არ ელის პირველ ინფარქტს და ასპირინს ყოველღიურად ყლაპავს. ბოლო ხუთი წლის გამოკვლევები აჩვენებს, რომ ასპირინი ამცირებს მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოთი და ალცჰაიმერით დაავადების შესაძლებლობას.

ამერიკელი მეცნიერი, დოქტორი ჩარლზ ჰენეკენსი ფლორიდის შტატის მაიამის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ ასპირინი იყო მე-20 საუკუნის სასწაულებრივი წამალი და ასევე იქნება 21-ე საუკუნეშიო.

ასპირინი – აცეტილსალიცილის მჟავა – ისევე ძველია, როგორც თვით მედიცინა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ხმარობდა მის ქიმიურ წინამორბედს, ტირიფის ქერქის ექსტრაქტს, თავის ტკივილების და სხვადასხვა სახის ანთების სამკურანლოდ. მაგრამ ასპირინი 21-ე საუკუნეშიც ფართოდ გამოიყენება.

ჰენეკინსმა 1980-იან წლებში შემდეგი გამოკვლევა ჩაატარა: ის თვალყურს ადევნებდა 22 000 მამაკაცს, რომელთა ნახევარი დღეგამოშვებით 325 მილიგრამ ასპირინს იღებდა, მეორე ნახევარი კი პლასებოს. შეგახსენებთ, პლასებო აბია, რომელიც არავითარ პრეპარატს არ შეიცავს. ექსპერიმენტი 10 წელზე იყო გათვლილი. მაგრამ უკვე ხუთი წლის შემდეგ გამოირკვა, რომ იმ ჯგუფში, რომელიც ასპირინს სვამდა, ინფარქტების რიცხვი 44 პროცენტით შემცირდა. მას შემდეგ ჩატარდა კიდევ სამი მსგავსი გამოკვლევა, რომელთაც დაადასტურეს პირველის შედეგები და თანაც აჩვენეს, რომ ის ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.

სტატია ასპირინის შესანიშნავი თვისებების შესახებ გამოქვეყნებულია ამერიკულ ჟურნალ “ნიუსუიკის” 27 მაისის ნომერში. სტატიაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ 1999 წელს ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ქალების დაორსულების შანსები იზრდება, თუ ისინი უშვილობის წინააღმდეგ მკურნალობის პერიოდში რეგულარულად მიიღებენ ასპირინის მცირე დოზებს.

ნათქვამია, ასევე, რომ რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, ასპირინი ამცირებს ალცჰაიმერით დაავადების რისკს. ხოლო ასპირინის მცირე დოზების მიმღებ მწეველებსა და ყოფილ მწეველებს პერიდონტიტის განვითარების საშიშროება შეუმცირდებათ. და ბოლოს, ნათქვამია სტატიაში, ის, რომ ასპირინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს, და ამგვარად აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას კაპილარებით, რომლებიც რეტინას – თვალის ბადისებრ გარსს – კვებავს, ამცირებს დიაბეტიკური რეტინოპათიის, დაბრმავების მთავარი მიზეზის, განვითარებას.

ამასთან, სტატია მთავრდება ასპირინის კეთილი თვისებების შემსწავლელის, დართმუდის სამედიცინო სკოლის მკვლევარის, დოქტორ ჯონ ბარონის სიტყვებით, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ასპირინის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პრეპარატის მიღება, დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG