Accessibility links

logo-print

3 ნოემბერს თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება


თურქეთის პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც სამშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა საჯაროდ აღიარა,

რომ მის კოალიციურ მთავრობას დაშლის საფრთხე ემუქრება. თურქეთის ვეტერანი პოლიტიკური ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო ასუსტებს ის გარემოება, რომ პარლამენტს მასობრივად ტოვებენ ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენე პარტიის წარმომადგენლები.

სამშაბათს ყოფილი მმართველი პარტია კიდევ ექვსმა დეპუტატმა დატოვა. ასე რომ, მემარცხენე დემოკრატიული პარტიისა და, შესაბამისად, მმართველი საპარლამენტო კოალიციის დანაკარგი დღეისთვის 52 დეპუტატს შეადგენს. ამასთან, 16 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა პირველად არ გამორიცხა გადადგომის შესაძლებლობა.

17-თვიანი ეკონომიკური კრიზისი თურქეთში, კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეცვალა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითის მემარცხენე დემოკრატიული პარტია, რომ იტყვიან, სისხლიგან დაიცალა. გავლენიანი პარტია, რომელიც 550-ადგილიან პარლამენტში – დიდ ეროვნული ასამბლეაში – უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, დღეისთვის 52-მა დეპუტატმა და შვიდმა მინისტრმა დატოვა. ამის შედეგად, უმსხვილეს საპარლამენტო ძალად იქცა პრემიერ-მინისტრის მოადგილის, დავლეთ ბახჩელის მომხრე ეროვნული ქმედების პარტია, რომელიც დიდ ასამბლეაში 127 დეპუტატით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ძველი წევრები ჯერჯერობით ინარჩუნებენ სავარძლებს საკანონმდებლო ორგანოში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ქემალ დერვიშის გარდა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა.

ამასთან, პარტიის რიგებიდან გასულ დეპუტატთა და მინისტრთა უმრავლესობა, შესაძლოა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ისმაილ ჯემისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ჰუსამეთინ ოზკანის თაოსნობით, გასულ კვირაში ჩამოყალიბებულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდეს. ჯგუფი, რომელსაც თურქეთის მედიის უმრავლესობა "იმედის პარტიად" მოიხსენიებს, უახლოეს დღეებში ახალი მოძრაობის რეგისტაციასა და დამფუძნებელი კრების მოწვევას გეგმავს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საპარლამენტო კოალიციას აქამდე საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამშაბათს კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა მმართველი პარტიის რიგები, საპარლამენტო კოალიციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საქმე ისაა, რომ, თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, დიდი ეროვნული ასამბლეის მმართველი კოალიციის რაოდენობა 276 დეპუტატით განისაზღვრება. 16 ივლისისთვის კი ეს ციფრი 275-ს შეადგენს, რაც საშუალებას აძლევს საპარლამენტო ოპოზიციას, კენჭისყრაზე გაიტანოს კოალიციის უნდობლობის საკითხი. კოალიციის დაშლიდან კი მინისტრთა კაბინეტის გადადგომამდე და ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.

ამიტომ თურქეთის გავლენიანი პარტიების უმრავლესობა, ბიზნეს-ჯგუფები, პროფკავშირები და პრესა სულ უფრო აძლიერებენ ზეწოლას, რათა შეაცვლევინონ პოზიცია 77 წლის პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითს. მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მომხრეები შიშობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში და, რაც ყველაზე საშიშია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თურქეთისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 16 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფის საკითხი, რაც ჰაერივით ესაჭიროება ღრმა კრიზისში მყოფ თურქეთის ეკონომიკას.

მაგრამ როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, იგი არ აპირებს გადადგომას მანდატის ამოწურვამდე, თანაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეასთან დაკავშირებით, ბიულენთ ეჯევითს ასეთი არგუმენტი მოჰყავს: [ბიულენთ ეჯევითის ხმა] "ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ ვადამდელი არჩევნების, თუკი ეს ჩვენს პარტიას სჭირდება. მაგრამ ჩვენმა პარტიამ ძალიან წარმატებული რეფორმები წამოიწყო თურქეთში, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს. მაგრამ ეს წამოწყება ფუჭად ჩაივლის, თუკი არჩევნები ვადამდე, ნოემბერში ჩატარდება. ვინაიდან არჩევნებით დაკავებულ პარტიებს რეფორმებზე ფიქრისთვის დრო აღარ ეყოფათ."

ოპოზიციის ლიდერები ბახჩელი და ილმაზი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნები არსებულმა კაბინეტმა უნდა დანიშნოს. გარდა ამისა, თურქეთში გავრცელდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრის მოადგილის მესუთ ილმაზის დედასამშობლოს პარტიამ, რომელსაც პარლამენტში 79 მანდატი აქვს, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად დატოვოს კოალიციის რიგები, რაც მინისტრთა კაბინეტის არსებობის დასასრულს მოასწავებს. ანალიტიკოსების თქმით, ბიულენთ ეჯევითს კიდევ აქვს ერთი ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც იგი შეეცდება, შეინარჩუნოს კოალიცია. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, კოალიცია სხვა საპარლამენტო ძალით შევსოს, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი თანამშრომლობის სურვილი რომელიმე პოლიტიკურ ძალას კიდევ შემორჩა.

სამშაბათს საღამოს კოალიციაში შემავალი საპარლამენტო პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 3 ნოემბრისთვის დანიშნა.
XS
SM
MD
LG