Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები კვლავ აკრიტკებს რუსეთს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების აზრით, შეერთებულმა შტატებმა შეასუსტა რუსეთის კრიტიკა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო.

ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის განყოფილება ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი ამით მადლიერებას გამოუთქვამს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

შეერთებული შტატები უარყოფს, თითქოს შეასუსტა ზეწოლა კრემლზე და აღარ ითხოვს მისგან, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა შეწყვიტონ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფა. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოსკოვისგან ხელყოფის ყოველი შემთხვევის გამოძიებას მოითხოვს.

9 ივლისს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა თავის წლიურ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი მიუერთდა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ომს, დასავლეთი და, მათ შორის, შეერთებული შტატები აღარ ახსენებს ჩეჩნეთს.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლიუდმილა ალექსეევამ ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა: [ალექსეევას ხმა] “ჩვენ ვხედავთ, როგორ შესუსტდა დასავლეთის ინტერესი რუსეთში ადამინის უფლებების დარღვევების მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთი შევიდა ანტიტერორისტულ კოალიციაში და გახდა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა შეხვეჟოების სრულუფლებიანი წევრი. როგორც ჩანს, ეს სიტუაცია გარკვეულ როლს ასრულებს და ჩვენს მთვარობას ადამიანის უფლებათა დარღვევების სფეროში ინდულგენცია მიეცა.”

ალექსეევა ამბობს, რომ სავსებით უჭერს მხარს ტერორიზმის წინააღმდეგ ომს, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება, მაგრამ არასწორად მიიჩნევს დასავლეთისა და ვაშინგტონის მხრიდან რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე თვალის დახუჭვას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მათ მხარი აუბა.

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რამდენჯერმე გააკრიტიკა რუსეთი ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის, თუმცა, ამავე დროს, პუტინს პირადი სიმპათია გამოუხატა და გამოაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის მტერი აღარ არის.

11 სექტემბრის შემდეგ კი ბუში, ფაქტობრივად, აღარ ეხება ამ საკითხს. ხოლო პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი, ისევე ებრძვის ტერორიზმს ჩეჩნეთში, როგორც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ებრძვიან ტერორიზმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მარკ ტონერი ნაწილობრივ იზიარებს ამ აზრს. მისი თქმით, ვაშინგტონი განუწყვეტლივ მოითხოვს მოსკოვისგან, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევა და პასუხი აგებინოს იმათ, ვინც ამას სჩადის, ვინაიდან უპასუხისმგებლობისა და პოლიტიკური დარეგულირების პროცესის არარსებობის პირობებში რეგიონში ტერორიზმისთვის ხელშემწყობი ატმოსფერო იქმნება.

ანა ნეისტატი “ჰიუმან რაიტს უოჩის” მოსკოვის განყოფილების დირექტორი, კი თვლის, რომ პუტინმა მოხერხებულად გამოიყენა 11 სექტემბერი და ტერორიზმის წინააღმდეგ ომი ჩეჩნეთიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად.

ამასთან, ის არ ეთანხმება მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დასკვნას, რომ ვაშინგტონმა საერთოდ ჩაიქნია ხელი ჩეჩნეთზე, თუმცა იზიარებს აზრს, რომ ზეწოლა შესუსტდა.

ამის მაგალითად ნეისტატს შემდეგი ეპიზოდი მოჰყავს: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიასიაში, აპრილში 16 ხმით 15-ის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული ჩეჩნეთის თაობაზე რეზოლუცია, რომელიც ითხოვდა გაეროს მეთვალყურეთა დაშვებას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა სიტუაციის შესასწავლად.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები ბუშისგან მოითხოვდნენ, მაისში, მოსკოვში სტუმრობისას, ჩეჩნეთის საკითხის აღეძრა. მაგრამ ბუშმა ეს საკითხი პუტინთან მხოლოდ კერძო საუბარში თუ ახსენა.
XS
SM
MD
LG