Accessibility links

logo-print

შუამავალთა ოთხეულმა ახლო აღმოსავლეთის პრობლემა განიხილა


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე, შეერთებული შტატების, რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს უახლოეს 3

წელიწადში პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების იდეას, მაგრამ მკვეთრად განსხვავებული აზრები გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების ძირითადი მიმართულების, აგრეთვე, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მომავალი სტატუსის თაობაზე.

გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრს ხავიერ სოლანას, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, პერ სტიგ მელერსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს იგორ ივანოვს, შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით, კვლავინდებურად მიაჩნიათ, რომ იასირ არაფატთან, როგორც პალესტინელი ხალხის მიერ არჩეულ კანონიერ ლიდერთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება.

”თვითეული ჩვენგანის საბოლოო მიზანი ორი მეზობელი ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობაა. და მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ მიზნის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული” –განაცხადა კოფი ანანმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც ესწრებოდა სამშაბათს გამართულ შეხვედრას ნიუ-იორკში, განაცხადა, რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობამ ვერ გაართვა თავი ნაკისრ ვალდებულებას: [კოლინ პაუელის ხმა] ”დროის უმეტესი ნაწილი კონკრეტული საკითხების განხილვას მოვანდომეთ, ხოლო პიროვნებებზე ბევრი არ გვიმსჯელია. რაც შეეხება ბატონ არაფატს, არჩევანი იქნება თუ გადაწყვეტილების მიღება, ეს, საბოლოო ჯამში, პალესტინელმა ხალხმა უნდა გააკეთოს. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, ხელმძღვანელობამ, პალესტინელ ხალხს რომ ჰყავდა უკანასკნელ წლებში, სულაც ვერ მიააახლოვა ეს ხალხი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებასთან”.

შეეხო რა სამშაბათს დილით მომხდარ მორიგ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგად ქალაქ ნაბლუსის მახლობლად, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, დაიღუპა 7, ხოლო დაიჭრა 14 ისრაელი მოქალაქე, კოლინ პაპუელმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებით პალესტინელები საკუთარი სახელმწიფოს დაარსებას უთხრიან ძირს.

პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ნიუ-იორკში შეკრებილ ოთხეულს, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით, 3 ძირითადი გეზი აქვს დასახული: უშიშროების განმტკიცება, პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება. მისივე თქმით, პირველ რიგში უშიშროების განმტკიცებაა აუცილებელი. ხოლო კოფი ანანსა და პერ სტიგ მელერს მიაჩნიათ, რომ თუ იმავდროულად პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებშიც არ იქნა მიღწეული პროგრესი, გაძნელდება რეგიონში ძალადობის აღკვეთა.

სამშაბათს, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის მონაწილე ოთხეულმა მხარი დაუჭირა ეგრეთ წოდებული ”საერთაშორისო რეფორმისტული ჯგუფის” დაარსებას, რომელშიც, გაეროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის გარდა, იაპონია, ნორვეგია, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იქნებიან ჩართული. ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს სამოქმედო პროგრამა და განახორციელოს რადიკალური რეფორმები პალესტინელთა მმართველ სტრუქტურებში, აგრეთვე, მოაწყოს ახალი ადმინისტრაციისა და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები.
XS
SM
MD
LG