Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა


ნაციონალურმა მოძრაობა - დემოკრატიულმა ფრონტმა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და თბილისის საკრებულოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა.

მაშინ სააკაშვილის გუნდიდან არავის დაუკონკრეტებია, თუ რას მოიმოქმედებდნენ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგაც ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ძველ მოთხოვნებს იმეორებს და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებით იმუქრება.

თბილისის საკრებულოს სხდომის მოწვევას ხელი შეუშალა ნაციონალური მოძრაობის პირველმა სარჩელმა არჩევნების შედეგების გადამოწმების თაობაზე. ამას მოჰყვა საჩივარი კიდევ ორი პარტიისა, რომლებმაც არჩევნების გაუქმება მოითხოვეს. სასამართლომ დააკმაყოფილა სააკაშვილის გუნდის მეორე სარჩელიც, რომელიც არჩევნების გაუქმების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა თბილისის საკრებულო მაინც ვერ შეიკრიბა. მისი პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს. საარჩევნო კომისიაში კი არ ჩქარობენ და ხმების გადათვლის წესზე მუშაობენ.

ყოველივე ამას ისევ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი აპროტესტებს. ამ პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით:

[დავითაშვილის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ და ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს ხელისუფლებას. თუ მას მართლა არ სურს დესტაბილიზაცია, თუ მას სურს სამოქალაქო მშვიდობა, თუ ის გულწრფელია თავის განცხადებებში, თუმცა საქმე საპირისპიროზე მეტყველებს, მოგვცეს საშუალება იმ დარბაზის ჭერქვეშ შევიკრიბოთ, სადაც ხალხმა აგვირჩია. ლაპარაკია თბილისის საკრებულოზე.“

ეს, ალბათ, მორიგი ულტიმატუმია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ულტიმატუმის პირობების შეუსრულებლობას დესტაბილიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება რომ არ მოჰყვება, ეს იქიდანაც ჩანს, რომ წინა ულტიმატუმი მხოლოდ პრესკონფერენციით დამთავრდა.

ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიებს ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია, რადგან იქ მიაჩნიათ, რომ არჩევნების ბედი მათ ჩაურევლად უნდა გადაწყდეს. მიუხედავად ამისა, კობა დავითაშვილი და მისი თანამებრძოლები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევისა ეშინია და ამიტომ მმართველი ძალა ხელისუფლების შენარჩუნებას კრიმინალური მეთოდებით ცდილობს.

[დავითაშვილის ხმა] „ხელისუფლება ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია წამოიწყოს ქვეყანაში, რადგან სხვა შანსი ხელისუფლების შენარჩუნებისა არ რჩება. ეს გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა იგივე ხელისუფლების კრიმინალიზაცია და მხედრიონიზაცია, - იმ პიროვნებების გამოშვება, რომლებიც კრიმინალებს წარმოადგენდნენ პოლიტიკაში და კვლავ, ალბათ, იმავე მოქმედების განხორციელებას აპირებენ.“

ტერორისტობის გამო გასამართლებულ კრიმინალთა გათავისუფლება, მართლაც, ძნელი ასახსნელია, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლების შენარჩუნების გზებს, აქ კობა დავითაშვილი ზედმეტ რადიკალიზმს იჩენს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ არჩევნებში „ახალმა მემარჯვენეებმა“ გაიმარჯვეს, მათ შემდეგ არიან მრეწველები და მოქალაქეთა კავშირი. ეს კი, ექსპერტთა შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ლოიალური პარტიების სახით, რეგიონებში სერიოზული დასაყრდენი ჰყავს. რაც შეეხება თბილისს, აქაური არჩევნების ჩაშლით ხელისუფლება შეიძლება, მართლაც, იყოს დაინტერესებული, თუმცა ამ ინტერესის განხორციელებას ნაციონალური მოძრაობის გაუთვლელმა ნაბიჯებმა უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე ხელისუფლების რომელიმე რგოლმა.
XS
SM
MD
LG