Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდმა საქართველოს ”ნანატრი” ტრანში გამოუყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ორი დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ჩვენი ქვეყნისთვის კრედიტის გამოყოფის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

საქართველო უახლოეს კვირაში მიიღებს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამით გათვალისწინებულ 30 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც მთლიანად ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში წავა. გესაუბრებით კრედიტის გამოყოფის პირობებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ.

სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსათვის პროგრამის დაფინანსება განაგრძოს. ფონდის ვერდიქტი, შესაძლოა, ბევრისათვის, ერთგვარად, მოულოდნელიც იყო, რადგან ქართულმა მხარემ რეკომენდაციები ბოლომდე ვერ შეასრულა. განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებას ფისკალურ და საბიუჯეტო სფეროში. ტრადიციული პრეტენზიები იყო ენერგოსექტორის მიმართაც, ვინაიდან კვლავ პრობლემატურია ენერგოვალების რესტრუქტურიზაციისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხები. სამაგიეროდ, ფონდი იწონებს მონეტარულ პოლიტიკას, საბანკო სექტორის რეფორმის პროცესს, საკანონმდებლო ცვლილებებს ამ სფეროში და, ასევე, კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, ჯართის ექსპორტზე არსებული შეზღუდვები გაუქმდა.

ამ რეკომენდაციას ფონდი თავის მრავალრიცხოვან მემორანდუმებში სისტემატურად აფიქსირებდა, მაგრამ ბოლო დრომდე ვერ ხერხდებოდა თავის დროზე მრეწველების ინიციატივით მიღებული შეზღუდვების მოხსნა. საბოლოოდ, კანონმდებლებმა ეს გადაწყვეტილება ცაიტნოტურ ვითარებაში მიიღეს, რითაც, ერთგვარად, დააჩქარეს სავალუტო ფონდის დადებითი ვერდიქტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩაირიცხება 30 მილიონი აშშ დოლარი, რაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვის შევსებას მოხმარდება.

თავად სავალუტო ფონდის მორიგი მისია, რომელსაც დევიდ ოუენი უხელმძღვანელებს, თბილისში თავის ვიზიტს დღეს გეგმავს. ამ ვიზიტის ფარგლებში მისია მათთან შეთანხმებული პროგრამის მონიტორინგს განახორციელებს. ამავე მისიამ თავისი დასკვნები დირექტორთა საბჭოს უნდა წარუდგინოს, რომელმაც, თავის მხრივ, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის შემდგომი დაფინანსების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

ფონდის დირექტორატის დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ მისიონერებთან მოლაპარაკება ნამდვილად არ იქნება იოლი, რადგან ავანსად მიღებულ ტრანშს გამართლება უნდა, ხოლო ამჟამად საქართველოს ბიუჯეტში არსებული 65 მილიონიანი გარღვევის, კორუფციის მაღალი დონისა და სერიოზული ფისკალური პრობლემების ფონზე ფონდის მუდმივი კეთილგანწყობის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.
XS
SM
MD
LG