Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის პოლ ო ნილის ვიზიტი საქართველოში


17 ივლისს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ფონანსთა მინისტრი პოლ ო ნილი. ეს ღონისძიება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პოლ ო ნილის ვიზიტის ნაწილია.

მთელი ამ ვოიაჟის მიზანია გაირკვეს, რა მიმართულებით უნდა დაეხმარონ ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო პარტნიორები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ეკონომიკური და არამარტო ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ პოლ ო ნილს ახასიათებენ როგორც მშვიდ და თავდაჯერებულ, ლიბერალურ ხელმძღვანელს. წლების წინ ის იყო ალუმინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, უფრო ადრე კი თეთრი სახლის ადმინისტრაციული სამსახურის დირექტორის მოადგილის მოვალეობასაც ასრულებდა. პოლ ო ნილი სახელმწიფო სამსახურს ჯორჯ ბუშის თხოვნით დაუბრუნდა. დღესდღეობით მას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ვაშინგტონსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აგრეთვე, თეთრ სახლსა და მსოფლიო ბანკს შორის ურთიერთობაშიც. ტელბოტის, ტენეტის, რამსფელდის და ლუის ფრის შემდეგ ( მე შეგახსენეთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სტუმრობდნენ) პოლ ო ნილის საქართველოში ვიზიტი, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ის და მისი მოადგილე ჯონ ტეილორი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - მათ შორის, საქართველოში - არ ჩამოსულან ილუზიით, რომ აქ მხოლოდ გარკვეულ წარმატებას ნახავდნენ.

პოლ ო ნილმა უკრაინაში სტუმრობისას თქვა: “ვიცოდი, რომ უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში გარკვეულ მიღწევებსაც შევამჩნევდი და იმედის გაცრუებასაც ვიგემებდი. ჩამოვედი იმ მიზნით, რომ საკუთარი თვალით ვნახო აქაურობა და გავარკვიო, რა სახის დახმარება სჭირდება ამ ქვეყნებს იმისათვის, რომ აქაც გაიგონ აყვავებული ეკონომიკის პირობებში ცხოვრების გემო. ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას ესწრაფვიან, უნდა იცოდნენ, რომ ეს მიზანი არ მიიღწევა კანონის, საკუთრების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის გარეშეო.” “თქვენი ქვეყნები, თქვენი მოსახლეობა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენ გვაქვს თანხვდენილი ინტერესები, მათ შორის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით.” – ესეც პოლ ო ნილის სიტყვებია. მისი ვიზიტი უკრაინაში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და საქართველოში სწორედ ჯორჯ ბუშის ანტიტერორისტული პოლიტიკის ჭრილში განიხილება.

პოლ ო ნილი და ჯონ ტეილორი თბილისში უკვე შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს და მათ რეფორმების გატარების აუცილებლობასა და, შესაბამისად, კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარების ღონისძიებებზე ესაუბრნენ. საქართველოში ისინი რამდენიმე კერძო საწარმოსაც მოინახულებენ ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს გაცნობის მიზნით. ყველაზე საინტერესო, რაც ამ ვიზიტისას უკვე გამოიკვეთა, არის ის, რომ აქცენტი წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სოციალური და ჯანდაცვის სფეროებისთვის დახმარების გაზრდაზე კეთდება. ანალიტოკოსების ვერსიით კი , პოლ ო ნილის ვიზიტი უკრაინაში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და საქართველოში ამ ქვეყნებისთვის სოლიდური დახმარების გამოყოფის იდეასთანაა დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG