Accessibility links

logo-print

გადმოსცემს თუ არა რუსეთი საქართველოს იგორ გიორგაძეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთში მომხდარ რამდენიმე ტერაქტში ეჭვმიტანილ რუსლან დაკუშევის რუსეთში ექსტრადაციის სანაცვლოდ, საქართველოში არ გამორიცხავენ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას.

უკვე გაკეთდა რამდენიმე მინიშნება, რომ თბილისი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილად აღიქვამდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის რუსეთს თავშეფარებული “მაღალი დონის ტერორისტის” გადმოცემას.

როგორც წესი, რუსეთს თავშეფარებულ “მაღალი დონის ტერორისტში” ოფიციალური თბილისი უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს გულისხმობს, რომელიც 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ სამშობლოს განერიდა და საქართველოში დარჩენილთ თავის არსებობას რუსეთის პრესის მეშვეობით შეახსენებს ხოლმე. პერიოდულად, ქართველი კომუნისტების ინიაციატივით, ეწყობა აქციები იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით, რაც, ტრადიციულად, ხელმოწერების შეგროვებითა და მცირე მასშტაბის დემონსტრაციებით შემოიფარგლება. ახლაც, 16 ივლისს, ქუთაისის ცენტრში გამართულ აქციაზე, რომელშიც კომუნისტები და სახალხო-პატრიოტული ორგანიზაციის წევრები იღებდნენ მონაწილეობას, გაისმა იგორ გიორგაძის რეაბილიტაციის მოთხოვნა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვინაიდან ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა ამავე დანაშაულისთვის ბრალდებული სამი პიროვნება – თემურ ხაჩიშვილი, გიგა გელაშვილი და გურამ პაპუკაშვილი, მან იგორ გიორგაძის რეაბილიტაციაც უნდა მოახდინოს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ იგორ გიორგაძე, რომელიც თითქმის ყოველთვის ეხმაურება საქართველოში მომხდარ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტებს რუსეთის პრესის მეშვეობით, ამჯერად სრული დუმილით შეხვდა თავისი უშუალო თანამშრომლის, უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის გურამ პაპუკაშვილის შეწყალებას. თავად პაპუკაშვილიც, თემურ ხაჩიშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს და არც ჟურნალისტებთან ურთიერთობს. თუმცა, მეორე მხრივ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პაპუკაშვილმა, სხვა შეწყალებულებთან ერთად, პრეზიდენტ შევარდნაძეს მადლობა გადაუხადა.
შესაძლოა, ამით მან თავისი ყოფილი უფროსის, იგორ გიორგაძის, იმედგაცრუებაც გამოიწვია.
რამდენად რეალურია მოლოდინი, რომ რუსეთი იგორ გიორგაძეს საქართველოს გადმოსცემს? – ბოლო დრომდე რუსეთი კატეგორიულად უარყოფს იგორ გიორგაძის რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს და მის ადგილსამყოფლად სირიას ასახელებს. სხვათა შორის, აქამდე საქართველოც უარყოფდა მოსკოვის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ეჭვმიტანილიც აღმოაჩინა და რუსეთსაც გადასცა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, თუ აუცილებელი გახდა, რუსეთის სამართალდამცავებმაც აღმოაჩინონ რუსეთში იგორ გიორგაძე და საქართველოს ხელისუფლების მიერ თანამშრომლობისთვის გადადგმულ ნაბიჯს ასეთივე ნაბიჯით უპასუხონ. რაც შეეხება ხმებს იგორ გიორგაძის შესაძლო შეწყალების თაობაზე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ჯემალ გახოკიძის თქმით:
[ჯემალ გახოკიძის ხმა] “ იგორ გიორგაძის თემაზე არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ის ჯერჯერობით იძებნება ოფიციალურად, მასზე საქმეა აღძრული. გამოძიება შეჩერებულია იმის გამო, რომ ის უნდა მოიძებნოს. როგორც კი მოიძებნება, განახლდება საქმე და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის.”
ინტერვიუს ჯემალ გახოკიძესთან ხუთშაბათს საღამოს პროგრამაში მოისმენთ
XS
SM
MD
LG