Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა სამედიცინო პერსონალის პირველი გამოკვლევა ჰეპატიტებსა და შიდსზე


თითქმის ერთ წელს გასტანა სისხლის გადასხმისათვის საშიშ ინფექციებზე სამედიცინო პერსონალის კვლევის პროცესმა, რომელიც, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პირველად ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, უპირველესად, პაციენტის ინტერესებზე ზრუნვის ნიშანია, მას საზოგადოებაში მაინც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა. არადა, აჟიოტაჟის მიზეზი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან, პროფესიონალთა განმარტებით, ბ და ც ჰეპატიტებით ინფიცირებულ მედმუშაკთა რიცხვი მოსალოდნელზე რამდენადმე ნაკლებია. რაც შეეხება შიდსს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის უფროსის, თენგიზ ცერცვაძის, მტკიცებით, გამოკვლევისას შიდსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ჰეპატიტებზე, შიდსსა და სიფილისზე ექიმთა გამოკვლევის ოპონირების საბაბად იქცა ინფორმაცია, თითქოს ქართველ ექიმთა, კერძოდ, ქირურგთა და გინეკოლოგთა უმრავლესობა დაავადებულია და, შესაბამისად, ინფიცირების საფრთხეს უქმნის ავადმყოფებს. თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის უფროსი, ასკვნის, რომ საქმე გვაქვს სენსაციის ნიშნით აღბეჭდილ მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ამიტომ პანიკაში არ უნდა ჩააგდოს პაციენტი:
[თენგიზ ცერცვაძის ხმა]“ ვისაც რომელ ლაბორატორიაში, სად უნდოდა, იმ ლაბორატორიაში იკვლევდა, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რომ არ ყოფილიყო ტენდენციურობა და რაღაც მონოპოლიზაცია და რომელიმე ერთი ლაბორატორიის ხელში არ მოყრილიყო თავი შედეგები და მანიპულირება არ ყოფილიყო მითი. კიდევ გეუბნებით, გამოკვლევები ტარდებოდა ათამდე სხვადასხვა ლაბორატორიაში, მე არა მაქვს კრებითი მონაცემები, მაგრამ მე მაქვს ჩემი მონაცემები და კიდევ ერთი ლაბორატორიის. ჩვენთან გამოკვლეულთა 6,5 პროცენტს აღმოაჩნდა, ვთქვათ, ბ ან ც ჰეპატიტი. ვიღაცას ეს შეიძლება ბევრი მოეჩვენოს, მაგრამ, დამიჯერეთ, მსოფლიოს მასშტაბით, ეს საშუალოზე ნაკლებია. ჩვენთვის სავსებით მოსალოდნელი იყო- უფრო ზუსტად, მოსალოდნელზე ნაკლები.”[სტილი დაცულია]
მეორე ლაბორატორია, რომელზეც ბატონი ცერცვაძე მოგვახსენებდა, არის ფირმა “ტესტის” კერძო ლაბორატორია და სწორედ ამის გამო, შესაძლოა, კიდევ უფრო ობიექტურადაც კი მივიჩნიოთ. ამ ლაბორატორიაში გამოკვლეულთა კიდევ უფრო ნაკლები - 3,5 პროცენტია ინფიცირებული.
გამოკვლევა, რომელიც, ვიმეორებთ, უმძიმესი შედეგების შემთხვევაშიც კი დადებით მოვლენად უნდა შეფასებულიყო, როგორღაც დისკრიმინაციული აღმოჩნდა ექიმებისთვის, კერძოდ, დაავადებული ექიმებისთვის, რომელთა უმრავლესობა, არ უნდა გამოვრიცხოთ, ავადმყოფებისგან დაინფიცირდა. ვგულისხმობთ მასმედიის ერთ-ერთი საშუალებით გავრცელებულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას ამ ექიმთათვის სამედიცინო პრაქტიკის აკრძალვის მოთხოვნისა და ამ აკრძალვის დასარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე. ძნელი დასაშვებია, მაგრამ თუ საზოგადოება ამ მოთხოვნას მაინც მხარს დაუჭერს, ისევ თვითონ ჩავარდება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის შემდეგ მაინც პროცესები ექიმისა და პაციენტის უფლებების დასაცავად თანაბარი ობიექტურობით წარიმართება.
XS
SM
MD
LG