Accessibility links

logo-print

არალეგალური იმიგრაციის აღკვეთის მიზნით ევროკავშირი თავისი წევრებისთვის საერთო კანონმდებლობის მიღებას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა ევროკავშირმა გადაწყვიტა, აამოქმედოს ესპანეთის ქალაქ სევილიაში გასულ თვეში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც ამ კავშირის წევრი ქვეყნებისთვის საერთო საიმიგრაციო კანონმდებლობის შემოღებას ითვალისწინებს.

ამგვარი კანონის მიღება ევროკომისიის კომპეტენციაა და ამ ორგანიზაციამ წევრ ქვეყნებს უკვე გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს გაიხსნა ბრიუსელში, სწორედ ხსენებულ კანონპროექტს იხილავენ ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აგრეთვე ჩეხეთის რესპუბლიკის, თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის ოფიციალური წარმომადგენლები. ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიას მოგვიანებით შეუერთდებიან გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის, მიგრაციული პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენლებიც. ”ესაა პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივად იხილავენ არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს” – განაცხადა ბრიუსელში ევროკომისიის სამართლისა და შინაგან საქმეთა კურატორმა ლეონელო გაბრიჩიმ.

გაბრიჩიმ აღნიშნა, ამასთანავე, რომ არალეგალური იმიგრანტების უმრავლესობა ლეგალურად ჩადის ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტული, სტუდენტური ან კიდევ სამუშაო ვიზით, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიზას ვადა გასდის, ამ ადამიანთა სტატუსი არალეგალური ხდება.

ევროკომისიის ხელმძღვანელობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კრისტიან კლოსმა თქვა, რომ ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებმა სამი ძირითადი საკითხი უნდა შეათანხმონ: რატომ უნდა გახდეს რეპატრიაცია ევროკავშირის საერთო საიმიგრაციო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, როგორი უნდა იყოს ”გაბრუნების პოლიტიკის” მინიმალური სტანდარტები და როგორ უნდა მოხდეს ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დაკავება და რეპატრიაცია.

კრისტიან კლოსი აღიარებს, რომ არალეგალური იმიგრანტების რეპატრიაცია უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებათა საკითხთან. ევროკომისიისთვის ცნობილია უდიერად მოპყრობის შემთხვევები ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში, რაც დეპორტირებული იმიგრანტების სიკვდილით დამთავრდა. ამიტომაც, ამბობს კრისტიან კლოსი, ბრიუსელის კონფერენციის მონაწილეებმა უნდა შეიმუშავონ საერთო სტანდარტები არალეგალური იმიგრანტების დაკავებასა და იძულებით რეპატრიაციასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ყურადღება უნდა დაეთმოს იმიგრანტების ნებაყოფლობით დაბრუნებას სამშობლოში. კრისტიან კლოსმა თქვა, რომ ევროკავშირმა და ცალკეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე დააარსეს საგანგებო ფონდი იმ იმიგრანტების გასამგზავრებლად, რომლებიც ნებაყოფლობით ტოვებენ ევროკავშირს.

ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა კრისტიან კლოსმა და ლეონელო გაბრიჩიმ განაცხადეს, რომ ევროპის კავშირის საერთო განაწესი არალეგალური იმიგრანტების რეპატრიაციის შესახებ ძალაში წლის დამლევს შევა.
XS
SM
MD
LG